თავფურცელი მიმართვა ახალი ამბები საქმიანობები ჩვენს შესახებ კულტურა
  F9c ქარ Рус Eng

'არ არსებობს გზა მშვიდობისკენ, მშვიდობა თვითონაა გზა' - მიმართვა ქართველი ხალხისადმი


  შემოგვიერთდით  

მოაწერეთ ხელი მიმართვას
ხელმოწერების ნახვა (158)
     

     
  ეთანხმებით თუ არა ბოდიშის კამპანიას?
დიახ
არა
შედეგები | არქივი
 
     

Forum


 

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი: ,,რისთვის უნდა ვიხადოთ ბოდიში, რომ თავები დაგვაჭრეს და გამოგვყარეს? რომ ქართული ძეგლები დაანგრიეს, რომ უღელტეხილზე ბავშვები გაგვიყინეს და თვითმფრინავები ჩამოგვიყარეს? ამ ყველაფრისთვის კიდევ ჩვენ უნდა მოვიხადოთ ბოდიში? ვინ არიან ეს ადამიანები, რომელი საერთაშორისო ორგანიზაციიდან? რა გრანტი მიიღეს, რომ ასეთ სისულეებს წერენ?”

გიორგი ცანავა, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი: „ქართველ ხალხს საბოდიშო არაფერი აქვს. მაგრამ ხელისუფლებას მართლა აქვს საბოდიშო იმისათვის, რომ ქართულ სახელმწიფოს ის ყაჩაღური შესევა აფხაზეთში არ უნდა გაეკეთებინა. სახელმწიფოს თავისი ვალდებულებები გააჩნია და მან თავი არ უნდა გაუყადროს იმ არაფორმალურ ბანდ-ფორმირებებს, რომელიც აფხაზეთში იყო. ქართულ სახელმწიფოს სხვა ვალდებულებები ეკისრებოდა და ეს ვალდებულებები ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება იყო, მაგრამ არასწორმა ქმედებამ და გენოციდმა ის გამოიწვია, რაც მოხდა. ამის გამო დღევანდელმა მთავრობამ, როგორც მაშინდელი ხელისუფლების სამართალმემკვიდრემ ბოდიში უნდა მოიხადოს. რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია თუ თვლის საჭიროდ, რომ  მას ბოდიშის მოხდა ეკუთვნის, მოიხადოს, ვინ უშლის.  საწინააღმდეგო არაფერი მაქვს“.

ელდარ კვერნაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი: „ამ საკითხს ვაფასებ არა მარტო როგორც დეპუტატი, არამედ, როგორც რიგითი  მოქალაქე. ტოლერანტობას დაფიქრება და გააზრება სჭირდება. ზოგადად, ადამიანები ხშირად იმას ვერ აფასებენ, რასაც უკეთებენ და რა პატივშიც ჰყავთ და შემდეგ უფრო მეტის და მეტის სურვილი უჩნდებათ. ჩვენ ბოდიში კი არ უნდა მოვუხადოთ, მათ აქეთ აქვთ ჩვენთვის ბოდიში მოსახდელი. მათაც, რუსეთსაც და თუ გნებავთ, ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც, რომლებიც თვლიან, რომ საქართველოს წუხილი მათთვის საფიქრალი არ არის და ურჩევნიათ, რუსეთთან, უფრო დიდ ქვეყანასთან, ჰქონდეთ უფრო კარგი ურთიერთობა.  ჩემი ცალსახა პოზიციაა, რომ საბოდიშო არაფერი გვაქვს. პრეზიდენტის განცხადებას აბსოლუტურად ვეთანხმები. გვეღირსა პრეზიდენტი, რომელიც ფიქრობს ქართველი ერის ღირსებაზე და მას ბოდიში არავისთან აქვს მოსახდელი.“

გურამ ვახტანგაშვილი, ლიახვის ხეობიდან: „ამ არასამთავრობო ორგანიზაციას არ ვიცნობ. იმ ინფორმაციის მიხედვით, რასაც მე ვფლობ, არასამთავრობო ორგანიზაციათა უდიდესი ნაწილი გრანტიჭამიები არიან. ვითომ კონფლიქტური ზონებისთვის რაღაცას აკეთებენ და რეალურად გრანტებს ჭამენ. მითუმეტეს, თუ ისინი აპირებენ ვიღასაც ბოდიში მოუხადონ, მაშინ მე ვსვამ კითხვას, ალბათ ამ ორგანიზაციაში ჰყავთ ისეთი ადამიანები, რომლებიც კონფლიქტურ ზონებში საშინელებებს ჩადიოდნენ, ალბათ აწამებდნენ ადამიანებს. ჩემს ხალხს არავისთან არა აქვს ბოდიში მოსახდელი და არც მოიხდიან. თუ ვინმეს პირადად აქვს სადისტობა ჩადენილი, გინდა ბოდიში მოიხადოს და გინდა წავიდეს და მუხლებზე ემთხვიოს. რაც უნდა ის უქნია. ეს კეთდება გრანტების მოსაპოვებლად. ისინი გრანტიჭამიები არიან. ჩვენ საბოდიშო არაფერი გვაქვს.“

ბესო ჯუღელი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ფრაქცია „მაჟორიტარის“ თავჯდომარე: „პრეზიდენტის განცხადებას ვეთანხმები. ქართველებს არავის წინაშე საბოდიშო არაფერი გვჭირს და მითუმეტეს აფხაზების წინაშე, რომლებმაც ქართველ ერს გენოციდი გამოუცხადეს და ათი ათასობით ადამიანი ამოჟლიტეს. ამის მერე კიდევ იქით ვებოდიშოთ? რა გვაქვს საბოდიშო? ერთი ეს ამიხსნას იმ არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელმაც ეს კამპანია წამოიწყო. ალბათ ეს არის გრანტის მოპოვების მიზნით, მათ აფინანსებენ და თავიანთი არსებობა რომ გაამართლონ, ამიტომ წამოიწყეს ეს სამარცხვინო კამპანია“.

მანანა ნაჭყებია, საპარლამენტო ოპოზიცია: „გააჩნია, ვის ვუხდით ბოდიშს. პირადად არაერთხელ მომიხდია ბოდიში და კიდევ ერთხელ მინდა მოვუხადო ჩემს აფხაზ მეგობრებს, იმ უბრალო მოქალაქეებს, რომლებიც არც მონაწილეობდნენ იმ პროცესებში, რაც მოხდა და დღესაც თვლიან, რომ ეს იყო უდიდესი შეცდომა. ამ ადამიანებთან საბოდიშოდ შეიძლება მართლაც გვქონდეს საქმე. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც სათავეში ედგნენ ამ ყველაფერს, მათთან საბოდიშო არაფერი გვაქვს“.

პავლე კუბლაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი: „ასეთი კაპიტულანტური დამოკიდებულების ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ. პირიქით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონფლიქტის მიზეზებზე და იმაზე უნდა ვისაუბროთ, თუ ვინ იყო დამნაშავე, რაშიც მთავარი წვლილი ჩვენ ნამდვილად არ მიგვიძღვის, ვფიქრობ, უნდა ვისაუბროთ პრობლემის გადაწყვეტის საშუალებებზე. თუ ვინმე მოგვიწოდებს ბოდიშის მოხდისკენ, ეს მათი დიდი შეცომაა და ძალიან ვწუხვარ, თუ მათ ასეთი განწყობა აქვთ. დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ამ განწყობით არ არის. თუ ვინმე იყო დამნაშავე ამ კონფლიქტში, პირველ რიგში, ეს ნამდვილად არ ყოფილა ქართული მხარე“.

ლევან ბერძენიშვილი, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი: „ჩვენმა ხელისუფლებამ პირველ რიგში ბოდიში საქართველოს მოსახლეობას უნდა მოუხადოს, სულ ცოტა ომის ვერ აღკვეთისთვის, სულ ბევრი კი ომის დაწყებისთვის აფხაზეთში. თუ ჩვენს ხელისუფლებას საბოდიშო არაფერი აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის სამართალმემკვიდრედ არ სცნობს თავს. ჩვენ ბოდიში უნდა ვუთხრათ როგორც ქართველებს ისე აფხაზებს, როგორც დევნილებს, ისე იქ დარჩენილებს იმისთვის, რომ ეს ომი ყველასთვის საშინელება იყო. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ მარტო ჩვენ უნდა მოვიხადოთ ბოდიში. აფხაზებსაც აქვთ ბოდიში მოსახდელი, ომის დროს მათი მხრიდან გამოვლენილი სისასტიკის გამო.“

ნინო კალანდაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი: „უნდა ვაღიარო, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადება არ მახსოვს და არც ის ვიცი ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებით გაკეთდა თუ არა რაიმე განცხადება. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც არ იყოს ასეთი ორგანიზაცია ფულისა და გრანტებისკენ მიმართული და იდეალისტური დამოკიდებულება ჰქონდეს ამ საკითხის მიმართ, მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენ აქეთ უნდა მივიღოთ აფხაზების ბოდიში. ჩვენ ვართ ის ერი, რომელიც იქიდან გამოდევნეს, ის ერი, რომელსაც უარი გვათქმევინეს ჩვენს კუთვნილ მიწაზე, და ეს მოხდა აფხაზეთის მონაწილეობით. ამ ომში აფხაზებს საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვით. ეს ბოდიში არის მთელი ერის შეურაცხყოფა, იმ ერის შეურაცხყოფა, რომელსაც სჯერა, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილს წარმოადგენს.“

ნოდარ გრიგალაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე: „ვაი მაგათ პატრონს. ამ საკითხს არანაირი გავრცობა არ სჭირდება, ვაი მაგათ პატრონს.“

გიორგი ცაგარეიშვილი, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი: „ბოდიშის ტექსტი წაკითხული მაქვს. საკმაოდ რთული საკითხია. აფხაზეთის კონფლიქტის დროს ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული და ეს ყველაფერი ჩემს თვალწინ მოხდა. ძალიან კარგად მახსოვს, როგორ დაიწყო სამხედრო კონფლიქტი აფხაზეთში, რა პროვოკაციები განხორციელდა ამისთვის აფხაზური მხარის მიერ და რუსეთის შესაბამისი ძალების ხელშეწყობით. ვაღიარებ, რომ ჩვენი მხრიდანაც იყო შეცდომები. ძალიან ბევრი სამხედრო დანაშაულიც იქნა დაშვებული ორივე მხრიდან. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ათეულობით ტომი დევს უკვე გამოძიებული საქმეებისა, რომელიც აფხაზეთში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებსა და ქართველი მოსახლეობის გენოციდს ეხება და ამას ვერავინ გაექცევა.  არ ვფიქრობ, რომ თვითგვემის პოზიციაში უნდა დავდგეთ. რაც ქართულმა მოსახლეობამ გადაიტანა, მის გადატანას არავის ვურჩევ, მათ შორის არც ჩვენს მტრებს.  არ მგონია, რომ ქართველებს საბოდიშოდ გვქონდეს საქმე. უბრალოდ,  ყველაფერი რაღაცნაირად უნდა დავივიწყოთ, შერიგებას წინ არაფერი უდგას.“

თინა ხიდაშელი, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი:  „ჩემი პირადი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობილია. პარტიის პოზიციას კი ნამდვილად ვერ გეტყვით, რადგან ეს ამბავი პირველად თქვენგან გავიგე. პირადი პოზიციით კი  ვამბობ, რომ არა ქართველმა ხალხმა, არამედ საქართველოს სახელმწიფომ  უნდა მოიხადოს ბოდიში ომისთვის. ბოდიში უნდა მოუხადოს იმ დევნილებსაც, რომლებიც აფხაზეთიდან გამოყარეს და ომის ყველა მსხვერპლს. თუ სახელმწიფო ხარ და ამის პრეტენზია გაგაჩნია, საკუთარ ქვეყანაში ომის გაჩაღება არ უნდა დაუშვა. მე ამაში ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ. ამ ადამიანებს საერთოდ არ ვიცნობ, მაგრამ თავისთავად, იდეა მისაღებია.“

მიხეილ მაჭავარიანი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე: „როცა ყოველი ჩვენგანი ისტორიული სასამართლოს წინაშე წარსდგება, საკუთარი თავისა და ქვეყნის წინაშე მართლები უნდა ვიყოთ. მიმაჩნია, რომ არ ღირს არანაირი ცენტის თუ თეთრის გრანტი იმად, რომ ისტორია დაამახინჯო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში 1992 წელს არ იყო მარტივი სიტუაცია, მაინც უნდა ვთქვა, რომ საქართველოს აფხაზებთან ომი არ დაუწყია. ეს იყო დიდი პროვოკაცია, რომელიც სპეცსამსახურებიდან მოდიოდა, მათ შორის ჩართულები იყვნენ ჩრდილოკავკასიელები. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ყოველივე  ასეთი ქმედება სახელმწიფო ინტერესის ღალატი, ისტორიის უკუღმა წერა და  გონებას აცდენილი ხალხის მოქმედებაა. მირჩევნია, აფხაზს დაველაპარაკო პირისპირ. მე მასთან საბოდიშო არაფერი მაქვს.“

სოსო შატბერაშვილი, „ლეიბორისტული შრომის პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი: „ქართველ ხალხს საბოდიშო არავისთან არაფერი აქვს. თუ საბოდიშოდ ვინმეს აქვს საქმე, ეს ედუარდ შევარდნაძეა, რომელმაც, პირველ რიგში, ბოდიში ორი სამოქალაქო ომის გაღვივებისთვის, ქართველ ხალხს უნდა მოუხადოს. ერთი თბილისის ომი იყო, მეორე - აფხაზეთის ომი. ორივე სამოქალაქო ომი თავს რუსეთის იმპერიამ მოგვახვია, რომლის გამხმოვანებელი და შემსრულებელი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გახლდათ. ამიტომ, ქართველ ხალხს არავისთან აქვს საბოდიშო, ისევე როგორ აფხაზ ხალხს არა აქვს საბოდიშო. ორი ხალხი რუსეთის მიერ გადებულ მახეში გაება და ორივე ხალხისთვის ეს სამარცხვინო ომი ძალიან ცუდად დამთავრდა. არავინ თქვას, რომ იქ აფხაზმა ხალხმა გაიმარჯვა ან ქართველი ხალხი დამარცხდა. ამ ომში ორივენი დავმარცხდით. ჩვენი პარტიის პოზიციით,  პასუხისგებაში უნდა მიეცეს თენგიზ კიტოვანი, შევარდნაძე და მასთან ერთად ყველა ის ადამიანი, ვინც დამნაშავეა აფხაზეთის ომის გაღვივებაში. ამავე დროს, მოვითხოვთ, სააკაშვილის პასუხისმგებლობას, რადგან ის ვარდების რევოლუციის დროს მიტინგებზე ხალხს არძინბას რეჟიმის დამხობას ჰპირდებოდა. ის კი არ დაემხო, პირიქით, შესაძლებელია, აფხაზეთის დე-იურედ აღიარება მოხდეს.“

კოტე გაბაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი,  პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე: „არიან ადამიანები, რომლებიც  ცდილობენ თავიანთი მუშაობისთვის თუ აქტიურობისთვის ყველა თემა გამოიყენონ. „მოვაწერდი ბოდიშს ხელს“ ქართველების მხრიდან იმის გამო, რომ თავის დროზე ვოვა ვეკუა მოკლეს; „მოვაწერდი ბოდიშს ხელს“ იმის გამო, რომ ქართველებს თავი მოჭრეს და მათი თავებით ბურთი ითამაშეს გაგრის სტადიონზე; იმისთვის, რომ ამოწყვიტეს და ამოხოცეს პატარა ბავშვებიანად ოჯახები მარტო იმიტომ, რომ ისინი ქართველები იყნენ. ყველამ თვალწინ დაიყენოს ეს კადრები და მერე გადაწყვიტოს, ბოდიში უნდა მოიხადოს თუ უფრო სწორი იქნება, ბოდიში ორივე მხარემ ერთმანეთს მოუხადოს. ეს ბოდიში იყოს თანაბარი და ჩვენი საზოგადოება ნუ გადაიქცევა მხოლოდ მაზოხისტად. ეს ბოდიში არარეალურია და ჩემს სიმპატიას არ იმსახურებს“.

ელიზბარ ჯაველიძე, პოლიტიკური მოძრაობა „ენა, მამული, სარწმუნოება“: „საბოდიშო ორივე მხარეს აქვს და არა ერთ-ერთს. ომი ედუარდ შევარდნაძემ დაიწყო. ეს იყო პროვოკაცია. ამ ომს რაც მოჰყვებოდა, ეს გასაგებიც იყო. ვერავინ დამარწმუნებს, რომ კიტოვანმა თქვა აფხაზეთში გავისეირნოთო და მას შევარდნაძე აჰყვა. მან იცოდა, ამას რაც მოჰყვებოდა. იმის გამო, რომ ჩვენ აფხაზეთში შევედით, ბოდიში უნდა მოვიხადოთ, თუმცა, მერე რაც მოხდა, რომ ქართველების თავებით ფეხბურთს თამაშობდნენ, და დღეს რა აგრესიასაც ამჟღავნებენ ჩვენი მოძმე აფხაზები, მათ უფრო ეკუთვნით ბოდიშის მოხდა. საერთოდ, პოლიტიკოსთა ბოდიში არაფერს ნიშნავს. მე ვარ მომხრე სახალხო დიპლომატიის. ხალხმა საერთო ენა უნდა გამონახოს.“

ჯონდი ბაღათურია, „ქართული დასი“: „აღშფოთებული ვარ, როცა რომელიღაც ორგანიზაცია თავს უფლებას აძლევს ქართველი ხალხის სახელით ილაპარაკოს,  მითუმეტეს, ბოდიშები იხადოს. რაც შეეხაბა გვაქვს თუ არა ბოდიშები სახდელი, ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს დასაბრუნებელი ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა გვაქვს აღსადგენი. რომელი უფრო ადრე იყო - კვერცხი თუ ქათამი და ვინ პირველმა გააკეთა პროცესების პროვოცირება, ამას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს. ცხადია, რომ პროცესები იყო არასასურველი და დამანგრეველი. ამ პროცესების მაპროვოცირებელი იყო ერთი ჯგუფი, რომელიც აფხაზი ხალხის სახელით მოქმედებდა და ლაპარაკობდა. ამან გამოიწვია დაპირისპირება სოხუმში. ახლა იმის გარკვევის დრო არ არის, ბოდიში ვინ უნდა მოიხადოს.“

გია გაჩეჩილაძე, „საქართველოს მწვანეები“: საქმე იმაში გახლავთ, რომ ეს არის გულუბრყვილო მცდელობა რაღაც კორექტირება შეიტანონ მოლაპარაკების პროცესში. თუ ხელისუფლებიდან ვინმე ამას დაეთანხმა, ეს ძალიან ცუდი იქნება თავად მოლაპარაკებისთვის, რადგან საქართველო წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდება არა მარტო აფხაზურ-ქართულ ურთიერთობაში, არამედ, საერთაშორისო დონეზე. ალბათ, ყველამ იცის, რომ კონფლიქტი პროვოცირებული იყო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ. ამის მიზანი იყო და არის იქ დემოგრაფიული სიტუაციის შეცვლა, ანუ აფხაზეთის ტერიტორიის გათავისუფლება როგორც ქართველებისგან, ასევე აფხაზებისგან. ქართველების მიმართ ეს ეფექტურად განხორციელდა სამხედრო ოპერაციების თვალსაზრისით.  აფხაზების მიმართ ეს ძალიან ეშმაკურად ხდება და ამას თვითონ აფხაზებიც ხვდებიან. ამიტომ, თუ ვინმეს ბოდიში აქვს მოსახდელი, ეს პირველ რიგში, რუსეთის მხარეა.“

ბაჩუკი ქარდავა, „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“: „ნამდვილად ვერ მოვიხდი ბოდიშს ვერავის წინაშე, რადგან დაწყებული რუსეთიდან, აფხაზების ჩათვლით, საბოდიშო სწორედაც რომ მათ აქვთ. მათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაარღვიეს და 100 000-ზე მეტი ქართველი გამოყარეს აფხაზეთიდან. აფხაზი ხალხის მიმართ საპრეტენზიო არაფერი მაქვს და არც საბოდიშო. მაგრამ, ის, რაც აფხაზების ხელით გაკეთდა, ეს არის სერიოზული დანაშაული ქართველი ერის წინაშე. გრანტების მოსაპოვებლად აკეთებს ამას ვინმე თუ სხვის დავალებას ასრულებს, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, არც მორალური უფლება და არც ისტორიული სამართლიანობა არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ  ჩვენ ასე მოვიქცეთ იმ ბიჭების წინაშე, რომლებიც აფხეზეთში დაიღუპნენ.“

დენის მატვეევი, კონფლიქტების ექსპერტი: „მოხიბლული ვარ ამ კამპანიით. ეს მეტად გაბედული ნაბიჯია. ვფიქრობ, მალე მხარდამჭერებსაც მოიპოვებთ, რადგან ეს ერთერთი საუკეთესო გზაა გაერთიანებისაკენ. არ დანებდეთ, მაშინაც კი თუ თქვენზე ზეწოლა განხორციელდება“.

ჰელგა ტემპელი, ფორუმი სამოქალაქო მშვიდობის სამსახურის წევრი (Forum ZFD): „რამაც ყველაზე მეტად მომხიბლა ამ კამპანიაში, არის ის, რომ თქვენ მეორე მხარისგან არ თხოულობთ საპასუხო ჟესტს, თქვენ უბრალოდ პირველებმა გადადგით ეს ნაბიჯი, რაც ნამდვილად მისასალმებელია. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი შემოგიერთდებათ ამ კეთილშობილურ საქმეში“.

ბიორნ კუნტერი, სოციალური დაცვის ფედერაციის (BSV, Germany) დირექტორი: „მიტევება შერიგების საფუძველს ქმნის. ეს ინიციატივა იმ მდგრადი მშვიდობის წინაპირობაა, რომელსაც კარგი იქნება, თუკი მაგალითად სხვა გაყინული კონფლიქტებიც აიღებენ. ხალხი, რომელიც პატიებას თხოულობს, შეიძლება მისავე საზოგადოებამ მოღალატეებად შერაცხოს. თუმცა, ჩემი აზრით, მოღალატეები სწორედ ისინი არიან, ვინც სხვისგან ელიან პირველ ნაბიჯებს. და ისიც გაითვალისწინეთ, რომ ხალხს, რომელიც პატიებას ითხოვს, შეიძლება ყოველთვის არ აპატიონ. თუმცა, ამ შემთხვევაში, ეს ამოსავალი წერტილი არ უნდა იყოს. მთავარია, თქვენ იყოთ გულწრფელები.“

მერი სანაია, დევნილი: „მართალი გითხრათ, არც მეგონა, ჩვენზე ვინმე თუ ფიქრობდა. თითქოს ყველას ყველაფერი დაავიწყდა და ჩვენი ტკივილი დღეს მხოლოდ ჩვენია. მადლობა მინდა გადავუხადო „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ იმისთვის, რომ გაითავისა ჩვენი ტრაგედია და იმაზე ფიქრს შეუდგა, თუ როგორ შევრიგდეთ, როგორ დავბრუნდეთ აფხაზეთში, რომელიც უკვე სიზმრად გადაგვექცა.“

ლელა თოლორდავა, ჟურნალისტი: „მიზანი ყოველთვის ამართლებს საშუალებას. ასეა ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, თუ ჩვენი მიზანია დავიბრუნოთ აფხაზეთი, მაშინ ნებისმიერი კამპანია (მით უფრო, „ბოდიშის“ კამპანია) გამართლებულია. ჩემი აზრით, ბოდიშის მოხდა მხოლოდ და მხოლოდ დიდსულოვნების ნიშანია. აქ სათაკილო და დამამცირებელი არაფერია. მივესალმები ამ წამოწყებას და მზად ვარ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ფორმით გვერდით ამოვუდგე „ბოდიშის“ კამპანიის ინიციატორებს.“

თემურ ბარბაქაძე, ფინანსისტი: „ბოდიშის“ კამპანია, ვფიქრობ, სახალხო კამპანიის არაჩვეულებრივი ფორმაა. ჩვენც კი, ანუ იმ ხალხმა, ვისაც არავითარი შეხება არ გვქონია აფხაზეთის ომთან, ბოდიში უნდა მოვუხადოთ იმ აფხაზ დედებს, რომლებმაც ამ ომში შვილები დაკარგეს. ერთი შეხედვით, თითქოს, ბოდიში ვერაფერი შეღავათია მათთვის, მაგრამ თუნდაც წუთით დაფიქრებად მაინც ღირს.“

ნათელა ძიძიგური, დევნილი: „ორი დღის წინ ქუთაისის დრამატულ თეატრში ვიყავი გიორგი სიხარულიძის სპექტაკლზე „ბამბაზიის სამოთხე“, რომელიც „ბოდიშის“ კამპანიის გაგრძელებად მენიშნა. სპექტაკლში სწორედ ბოდიშის მოხდაზეა აგებული მთელი ამბავი და იმიტომაა თბილი და მისასალმებელი. ასე რომ აქ კითხვის დასმაც კი - რას ვფიქრობ „ბოდიშის“ კამპანიაზე - ზედმეტია. რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ მისასალმებელი და გასათვალისწინებელია. მხოლოდ ამ გზით თუ დავბრუნდებით იქ, საიდანაც არც კი ვიცით, რატომ გამოგვყარეს.“

ირაკლი კიკნაძე, სტუდენტი: „ნამდვილად მისასალმებელია ეს წამოწყება. მე და ჩემი მეგობრები დიდი სიამოვნებით შევუერთდებით ამ კამპანიას. მე, პირადად, ასჯერ მოვიხდი ბოდიშს როგორც აფხაზი, ისე - ქართველი დედების წინაშე, ვისაც იმ ომში შვილები მოუკლეს. ასე მოიქცევიან ჩემი მეგობრებიც. დროა, დავამთავროთ ეს გაუთავებელი გაურკვევლობა.“

ლადო გიორგაძე, პედაგოგი: „ბოდიში“ კარგი ჟესტია. არ არსებობს, კაცს ბოდიში მოუხადო და მისი გული არ მოიგო. ვთქვათ „ბოდიში“ და მივახვედროთ ის ხალხი, რომ ჩვენთვის სულერთნი არ არიან. დამიჯერეთ, ამაზე უკეთესს ვერაფერს გავაკეთებთ.“

მაგული მინდაძე, პენსიონერი: „არ შეიძლება კმაყოფილება არ გამოვხატო იმ ადამიანის მიმართ, ვინც ამ იდეის ავტორია. დამიჯერეთ, „ბოდიში“ ყოველთვის ამართლებს და ასე იქნება ამ შემთხვევაშიც.“

ნინო ნარიმანიშვილი, ჟურნალისტი: ,,ზოგადად ბოდიში კეთილშობილური ჟესტია.  თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ჩვენ ვართ დამნაშავენი. ბოდიში ორივე მხარეს გვაქვს მოსახდელი. ჩვენ გადავდგათ პირველი ნაბიჯი, იმედია, შევძლებთ ყინულის დაძვრას და თანდათან ურთიერთობებიც დათბება”. 
   
მაგდა კლდიაშვილი, თსუ მესხეთის ფილიალის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი: ,,მე ვფიქრობ, რომ ცარიელ სიტყვებს და ასეთი ფორმით ბოდიშის მოხდას აზრი არ აქვს. მხოლოდ სიტყვებითა და უიარაღოდ აფხაზეთის დაბრუნება ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება და ეს ქართველებს გათვითცნობიერებული აქვთ. მართალია, ვეთანხმები, რომ ომი ქართველ ხალხთან შეუთნხმებლად დაიწყო და რამდენიმე კაცმა გადაწყვიტა მაშინ ამ ომის დაწყება, მაგრამ ქართველები არ იყვნენ, გამდიდრება რომ დაიწყეს მათ ხარჯზე? არც აფხაზებს გაუკეთებიათ ნაკლები. აფხაზეთის დასაბრუნებლად ეკონომიკური ბერკეტების დახვეწა და ეფექტურად გამოყენებაცაა საჭირო, ამ ყველაფერს ძალაც სჭირდება, ისტორიულად გაიხსენეთ ფაქტი, სადაც ქართველებს უსისხლოდ და უიარაღოდ დაებრუნებინოთ დაკარგული და მიტაცებული ტერიტორია. საჭიროა კარგი პოლიტიკა. ძლიერი ეკონომიკა და ძლიერი არმია. მხოლოდ ბოდიში აფხაზეთს ვერ დაგვიბრუნებს...

მარინა სუდაძე, საქართველოს ახალგაზრდული ცენტრების კავშირის ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი: ,,გავეცანი მიმართვას აფხაზი ხალხისადმი და, რა თქმა უნდა, ვეთანხმები და მიმაჩნია,  რომ ყველა ქართველი და აფხაზისათვის ეს ძალიან მტკივნეული საკითხია. ვეთანხმები იმასაც, რომ ჩვენ შეგვეძლო აგვეცილებინა თავიდან ომი და ჩვენ მართლა გვაქვს ბოდიში მოსახდელი ყველა იმ აფხაზისთვის, რომელმაც ეს ტკივილი და მწუხარება განიცადეს. მიმაჩნია, რომ კონფლიქტი მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს. შერიგება. რა თქმა უნდა, პატიების გზით უნდა მოხდეს და  როდესაც შერიგება პატიების გზით არის დაწყებული, ის უფრო მყარი იქნება”.

ვასილ ბერიძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე: ,,თუ ბოდიშის მოხდა იქნება საჭირო, ბოდიშიც უნდა მოვიხადოთ და ყველა მშვიდობიანი ნაბიჯი უნდა გადაიდგეს იმასაკენ, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს აფხაზეთი საქართველოს. ეს არის უბრალო ადამიანის ტკივილი და აფხაზეთში დაბრუნების სურვილი. ჩვენ თუ დადებით ემოციას გამოვხატავთ იქ მცხოვრები ხალხის მიმართ, ეს ძალიან კარგი იქნება”.

პაპუნა ხაჩიძე, პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე სამცხე-ჯავახეთში: ,,აფხაზებმაც და ქართველებმაც უნდა გაიგონ, რომ ერთი ქვეყნის შვილები ვართ და ჩვენს შორის სხვაობა არ არის.  ბოდიშის მოხდა უნდა შევძლოთ, ალბად მათაც ექნებათ ბოდიში მოსახდელი, მთავარია, ერთამენეთი გვიყვარდეს და ასეთი კეთილშობილური ფორმით დაიწყოს ურთიერთობების აღდგენა”.