თავფურცელი მიმართვა ახალი ამბები საქმიანობები ჩვენს შესახებ კულტურა
  F9c ქარ Рус Eng

'არ არსებობს გზა მშვიდობისკენ, მშვიდობა თვითონაა გზა' - მიმართვა ქართველი ხალხისადმი


  შემოგვიერთდით  

მოაწერეთ ხელი მიმართვას
ხელმოწერების ნახვა (158)
     

     
  ეთანხმებით თუ არა ბოდიშის კამპანიას?
დიახ
არა
შედეგები | არქივი
 
     

Forum


 
მიმართვა ქართველი ხალხისადმი


დღეს ქართველი ხალხი მოკლებულია შესაძლებლობას პირდაპირ დაელაპარაკოს აფხაზ ხალხს და პირიქით.

მრავალი წელია, გარკვეულ ძალებს ქართული საზოგადოება შეგნებულად ჰყავთ შეცდომაში შეყვანილი და მიზანმიმართულად არიდებენ თავს პირდაპირ დიალოგს. ხელოვნურადაა ჩაშლილი მოლაპარაკებების პროცესი. ხალხს კი უნერგავენ აზრს, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკებები ჩიხშია შესული, კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთი გზა კი ომია. და ეს მაშინ, როდესაც სამშვიდობო მოლაპარაკებები პრაქტიკულად არც დაწყებულა.

სამწუხაროდ, პოლიტიკოსები მათთვის მინდობილ საქმეს ცუდად ან საერთოდ ვერ აკეთებენ. სწორედ მათი ცუდი მუშაობის შედეგია სიტუაციის უკიდურესი დაძაბვა და საზოგადოება, ისევე როგორც წლების წინ, ამ შეცდომებზე საკუთარი სიცოცხლის და სისხლის ფასად აგებს პასუხს. ბუნებრივია, იბადება კითხვა: რატომ უნდა გახდეს ჩვენი ხალხი პოლიტიკოსთა პოლიტიკური, ხშირად ბინძური თამაშების მსხვერპლი?

ქართველი და აფხაზი ხალხების დაკვეთა არის მხოლოდ მშვიდობა და დიალოგი. რატომ არ შეუძლიათ ეს გაითავისონ იმ ძალებმა, ვინც საკუთარ თავს მათი ნების გამომხატველად მიიჩნევს?

პოლიტიკოსებმა, არიან რა ვალდებულნი ხალხის დაკვეთა შეასრულონ, უნდა გააკეთონ ყველაფერი, რათა ხალხს შესთავაზონ გამოსავალი, გამოსავალი, რომელიც ჩიხიდან გამოგვიყვანს ყველას და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობას ახალ ფაზაში გადაიყვანს.

დღეს ჩვენ გაცილებით მეტი ვიცით, რა ხდება შორეულ ქვეყნებსა და კონტინენტებზე, ვიდრე ერთმანეთის შესახებ. უკვე წლებია, მიმდინარეობს საინფორმაციო ომი ქართველი და აფხაზი ხალხების წინააღმდეგ. მოსახლეობას მაქსიმალურად გაფილტრული ინფორმაცია მიეწოდება, უმეტეს შემთხვევაში კი მხოლოდ დეზინფორმაცია. ყოველდღიურად მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გადის დაუსრულებელი ტყუილების ციკლი, ხდება მტრის ხატის შექმნა და ამას დასასრული არ უჩანს. ხალხი კი, რომელსაც არ გააჩნია ინფორმაციის ალტერნატიული წყარო, სამწუხაროდ, იჯერებს ამ ინფორმაციას. მხოლოდ ერთეულებმა იციან, რომ ტელეეკრანიდან ნანახი ფაქტების და მოვლენების უმრავლესობა ან საერთოდ მოგონილია, ან მასში მხოლოდ ნაწილია სიმართლის. მოსახლეობა სასურველია დაფიქრდეს, სანამ კონფლიქტურ ზონაზე მოსმენილ ინფორმაციას დაიჯერებს.

დროა, შეწყდეს ურთიერთბრალდებებზე აწყობილი პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება განსაკუთრებით არჩევნების წინ პიარისთვის მიმართავს. დროა, შეწყდეს კონფრონტაცია, რის შედეგადაც, როგორც ყოველთვის, სწორედ მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებები ირღვევა.

ჩვენ მოვუწოდებს ყველას, გამოვიჩინოთ  ურთიერთპატივისცემა და ყურადღება ერთმანეთის მიმართ. კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ქართველებსა და აფხაზებს აქვთ უფლება, განვითარდნენ და იცხოვრონ მშვიდობიანად.

საკითხავია, რამდენად იჩენს ქართული საზოგადოება საკმარის ყურადღებას და პატივისცემას აფხაზი ერის მიმართ? ვართ თუ არა ჩვვენ გულწრფელნი, როდესაც ვამბობთ, ვიცხოვროთ აფხაზებთან ერთად, როცა ელემენტარულ ურთიერთგაგებაზე წასვლა გვიჭირს. თუ ჩვენთვის აფხაზი ჩრდილოეთიდან მოსული სტუმარია, რომელიც ,,ჩვენს წმინდა მიწაზე ცხოვრობს და მადლობელნი უნდა იყვნენ, რომ საერთოდ ცოცხლები არიან და ჩვენს ჰაერს სუნთქავენ“. და რომ აფხაზურ ენაზე ბიბლიის თარგმნა ბევრისთვის თურმე დაუშვებელია. იქნებ როგორმე გავარკვიოთ ვინ გადაწვა სოხუმში აფხაზეთის სახელმწიფო არქივი და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი? ვაღიაროთ, რა გავაკეთეთ აფხაზური ენის, აფხაზური კულტურის გადასარჩენად. რამდენი ლარი დავხარჯეთ ამისთვის? რა გავაკეთეთ კონფლიქტის მოსაგვარებლად? რაზე მეტყველებს ის, რომ თავდაცვის სამინისტროს 2007 წლის ბიუჯეტი მილიარდ ოთხას ოთხმოცდათოთხმეტი მილიონია, კონფლიქტების მოგვარების დარგში სახელმწიფო მინისტრის აპარატის კი 610 ათასი ლარი? რას ვაკეთებთ, რომ აფხაზეთი იყოს აფხაზური და აფხაზური ენა განვითარდეს?

იქნებ, ღირს, დავფიქრდეთ, რატომ არიან აფხაზები მზად რუსეთს სთხოვონ დახმარება, იმ რუსეთს, რომელსაც არაერთხელ სასტიკად ეომა მეცხრამეტე საუკუნეში და რომელმაც აფხაზების დიდი ნაწილი გადაასახლა, ნაწილი კი საერთოდ გაანადგურა. დღეს რუსების მხრიდან აფხაზების გენოციდზე არავინ საუბრობს. რატომ? ჩვენ დღეს აფხაზებს არ ვუტოვებთ სხვა გზას, გარდა რუსეთის. მუჰაჯირების შთამომავლები კვლავ დევნილობაში იმყოფებიან. ახსოვს ისინი ვინმეს ქართულ საზოგადოებაში? უნდათ მათი პრობლემები გაიგონ და თუნდაც საუბარი დავიწყოთ მათ დაბრუნებაზე? ვართ მზად ამისათვის? ვართ მზად თუნდაც ქართველი დევნილების დაბრუნებისთვის? გვინდა ეს ნამდვილად, თუ ესეც მხოლოდ პოლიტიკური თამაშების და პიარის კომპონენტებია, რომელიც მაშინ წამოიწევს წინ, როცა სადღაც ვიღაცას დასჭირდება?

ვეკითხებით, რომელიმე დედას უნდა თუ არ უნდა კვლავ ძმათამკვლელ ომში გაგზავნოს შვილი? ომში, რომელსაც არ ეყოლება გამარჯვებული, და დამარცხებულნი ვიქნებით ყველა. ომი, რომელიც აფხაზებისთვის იქნება საბოლოო განადგურების ტოლფასი, ქართული სახელმწიფოსთვის კი საბოლოო კრახი. ვიცით თუ არა, რომ ომში აფხაზების დაახლოებით 5 პროცენტი დაიღუპა? და თუ იგივე კიდევ განმეორდა, ომში გაიმარჯვებს მხოლოდ სხვა, ვინც მოვა და დასახლდება აფხაზების და ქართველთა ნასახლარებზე.

და ომისკენ მოუწოდებს ის, ვინც არ იცის, რაა ომი და ვერ გეტყვიან, თუ ვის უნდა ვეომოთ და რატომ. რატომ უნდა დავუჯეროთ და ავყვეთ პროვოკაციაზე სხვა ძალას, რომელიც ქართველებსაც და აფხაზებსაც ადრეც გვამარაგებდა იარაღით, რათა ჩვენ ერთმანეთი დაგვეხოცა. და სხვები ახლაც კარგად გვამარაგებენ იარაღით დღესაც. მთავარია, ჩვენ ერთმანეთი დავხოცოთ.

ჩვენ შეგვაჩვიეს ტელეეკრანებიდან სიცრუის მოსმენას ერთმანეთის შესახებ, ჩვენ შეგვაჩვიეს, რომ უნდა ვცხოვრობდეთ მუდმივი დაძაბულობის, შიშის და ტერორის ქვეშ. ჩვენ შეგვაჩვიეს ტერორისტულ აქტებს და დადგმულ სპექტაკლებს კონფლიქტის ზონაში. ჩვენ შეგვაჩვიეს მდგომარეობას, რომელიც არც ომია და არც მშვიდობა.

და საერთოდ რას ნიშნავს, კარგად გაპიარებული ლოზუნგი, „დავიბრუნებთ აფხაზეთს“? დავიბრუნებთ აფხაზეთის მიწას, თუ აფხაზ ხალხს, მათთან ურთიერთობებს? და ღირს თუ არა საერთოდ სისხლისა და სიკვდილის ქვეყანაში დაბრუნება? რა უნდა ქართულ საზოგადოებას? რევანში თუ ნორმალური ურთიერთობა აფხაზ ხალხთან?

და დროა კიდევ ერთხელ დავუსვათ ჩვენ საკუთარ თავს კითხვა, რა გვინდა ჩვენ აფხაზეთში, ომი თუ მშვიდობა? თუ ომი  - გასაგებია, ვინ ვიქნებით ომის შემდეგ. და თუ მშვიდობა, მაშინ იქნებ გვეფიქრა ერთმანეთზე, გვეფიქრა მომავალზე.

,,არ არსებობს გზა მშვიდობისკენ. მშვიდობა თვითონაა გზა“.

ხომ არ აჯობებდა, ერთმანეთისთვის მართლა მოგვებოდიშებინა და მიგვეტევებინა წარსული შეცოდებანი და შეცდომები? ხომ არ სჯობს, ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთის ტკივილებს, გავუგოთ ერთმანეთს და ვთქვათ ერთხელ და სამუდამოდ, რომ ჩვენ, ქართველები არ დავუშვებთ ომს აფხაზებთან. ასევე, ჩვენ, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა ვიტყვით, რომ როგორც არ უნდა გაგვიჭირდეს არასდროს მოვთხოვთ ჩვენს ხელისუფლებას გამოიყენოს სამხედრო ძალა,  რათა ჩვენ დაგვაბრუნონ აფხაზეთში.

ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს დამარცხება, ღალატი და ჩვენ თუ გვინდა სიკეთე აფხაზი  ხალხისთვის, არასდროს ვუსურვებთ მათ მარცხს. ჩვენ ქართველი და აფხაზი ერი აუცილებლად გავიმარჯვებთ და რომელიმე ჩვენთაგანის გამარჯვება არავითარ შემთხვევაში არ უნდა ნიშნავდეს რომელიმე ჩვენთაგანის დამარცხებას.

რატომაა ასე ძნელი ორი ხალხის დაახლოება და საერთო ინტერესების, საერთო გზების გამონახვა?

ომი ჯერ გონებაში და ცნობიერებაში იწყება და მერე რეალურად. წლების წინ ჩვენს შორის დაწყებული ომი, სამწუხაროდ, გრძელდება დღესაც. ომი ოდესმე უნდა დამთავრდეს და ეს თავდაპირველად უნდა დამთავრდეს ჩვენს ცნობიერებაში. ომი უკვე დამარცხებაა.

ჩვენ ვიცით მშვიდობის ფასი და ჩვენ ვირჩევთ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობას. ჩვენთვის მიუღებელია ომი, მოწოდება ომისკენ, ომის პროპაგანდა, იარაღის ჟღარუნი და სამხედრო რიტორიკა, რადგან ეს ომი შეიძლება მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანდეს სამართლიანი და კეთილშობილური.

ქართველი და აფხაზი ხალხის შეკვეთა მხოლოდ მშვიდობა და დიალოგია.

მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პოლიტიკოსებს, სამხედროებს, მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას, ეკლესიას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, გამოიყენონ ყველა რესურსი საომარი მოქმედებების, გამალებული მილიტარიზმის და ომის პროპაგანდის შესაჩერებლად.

ქართველებს და აფხაზებს სხვაგან წასასვლელი მაინც არსად აქვთ. ჩვენი შვილები ასი წლის მერეც იცხოვრებენ აქ და შეინარჩუნებენ ენას, კულტურას, ღირსებას და ისტორიულ მეხსიერებას.

ჩვენს ხალხებს აქვთ მომავალი!

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC)
ომის მოწინააღმდეგეთა საერთაშორისო მოძრაობა - საქართველოს სექცია (WRI-Georgia)

თბილისი, 2008 წლის 7 აგვისტო

7 აგვ. '08

...უკან