თავფურცელი მიმართვა ახალი ამბები საქმიანობები ჩვენს შესახებ კულტურა
  F9c ქარ Рус Eng

'არ არსებობს გზა მშვიდობისკენ, მშვიდობა თვითონაა გზა' - მიმართვა ქართველი ხალხისადმი


  შემოგვიერთდით  

მოაწერეთ ხელი მიმართვას
ხელმოწერების ნახვა (158)
     

     
  ეთანხმებით თუ არა ბოდიშის კამპანიას?
დიახ
არა
შედეგები | არქივი
 
     

Forum


 
„ჩვენს სკოლაში აფხაზებს სასწავლო პროცესისთვის ხელი არასოდეს შეუშლიათ“ - აცხადებს ოტობაიას ქართული სკოლის დირექტორი
 
ინგა თაკალანძე, ოტობაია


გელა რატია გალის რაიონის ქართული სოფლის - ოტობაიას პირველი საშუალო სკოლის დირექტორია. ეს თანამდებობა ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაა ეთნიკურად ქართველი ადამიანისათვის, რომელსაც ცხოვრება და საქმიანობა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უხდება. აქ თითოეულ სიტყვას და ნაბიჯს აწონ-დაწონვა სჭირდება, რადგან ქართველებსა და აფხაზებს შორის კონფლიქტი ჯერ კიდევ მოუგვარებელია, რუსული ოკუპაცია კი ორივე ხალხს თანაბრად ეხება.

გელა რატიასთან ინტერვიუდან შეიტყობთ, რომ გალის რაიონის ამ სოფელში ვითარება არც ისე დრამატულია, როგორც ხელისუფლების კონტროლირებადი მედია წარმოაჩენს. ოტობაიას ქართულ სკოლაში ქართული წიგნების გავრცელებას არავინ კრძალავს, პირიქით - ცოტა ხნის წინ დირექტორმა თავისი სკოლის ბიბლიოთეკა სოხუმის უნივერსიტეტში ჩამოწერილი 1600 ქართული წიგნით შეავსო. ცოტა ხანში სკოლის სრულყოფილად გარემონტებაც იგეგმება, როს შემდეგაც ქართველ ბავშვებს სწავლისათვის უკეთესი პირობები ექნებათ.

ამავე ინტერვიუდან შეიტყობთ, როგორ ცდილობს ოტობაიას სკოლის დირექტორი ქართველი და აფხაზი ბავშვების დამეგობრებას. „ახალგაზრდობა ყველაზე მეტადაა მონდომებული, რომ ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეთ. მათ სურთ, ნორმალურ გარემოში იცხოვრონ. ჩემი აზრით, ეს ურთიერთობა არც ერთი მხარის ღირსებას არ უნდა ლახავდეს“, - აცხადებს გელა რატია humanrights.ge-სთან საუბრისას.

გელა რატია, ოტობაიას პირველი საშუალო სკოლის დირექტორი: „სამი წელია, ოტობაიას სკოლის დირექტორი ვარ. ამ ხნის განმავლობაში სკოლაში რა შეიცვალა, ეს ალბათ უფრო სხვამ უნდა შეაფასოს, მაგრამ ჩემი აზრით, ბევრი რამ შეიცვალა. სკოლა საგანმანათლებლო დაწესებულებაა და მუდმივად ცდილობს, გააუმჯობესოს სწავლის ხარისხი. ამას ჩვენ ვახერხებთ საქართველოს განათლების სამინისტროს მითითებების, მასწავლებლების გამოცდილების, განათლების სისტემაში არსებული სიახლეების ათვისებით. ჩვენი სკოლის მასწავლებლებს წელიწადში მხოლოდ ერთჯერ ან ორჯერ აქვთ შესაძლებლობა, ტრენინგები გაიარონ, მაშინ როცა ენგურის გაღმა მასწავლებლებს ამ მხრივ უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ. საგანმანათლებლო სფეროში ყოველდღიური ჩართულობა უფრო მეტ პრაქტიკულ და შემოქმედებით ანალიზს მოითხოვს და ჩვენ ჯერჯერობით ამ ბედნიერებას მოკლებული ვართ. 

თუ შედეგებს გავითვალისწინებთ, ჩვენი სკოლის შედეგები ასე გამოიყურება: 2006 წელს ჩვენი სკოლადამთავრებულებიდან 9 მოსწავლე ჩაირიცხა საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, 2007-2008 სასწავლო წელს ჩაირიცხა 15, ხოლო 2008-2009 სასწავლო წელს - 7 მოსწავლე. მათგან ორმა 100%-იანი გრანტი მიიღო, ორმა კი 50%-იანი. მე არ ვამბობ, რომ ეს სუკეთესო შედეგია, მაგრამ ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ბავშვებიდან არც ერთს არ უვლია რეპეტიტორთან. ამ სკოლის კედლებს არ გასცილებიან და აქ ემზადებოდნენ თავიანთ მასწავლებლებთან. მხოლოდ შარშან მოვახერხეთ, აქ ჩამოგვეყვანა ერთი მასწავლებელი, რომელმაც უნარებში მოამზადა ჩვენი მოსწავლეები და შედეგით ყველა კმაყოფილი დარჩა.

აფხაზეთის განათლების სამინისტრომ, რომელიც თბილისშია და საქართველოს განათლების სამინისტრომ ორჯერ გამოგვიგზავნეს კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა, „ირმის ნახტომის“ პროგრამით გვაჩუქეს კომპიუტერი, გვაჩუქეს ასევე სპორტული ინვენტარი და მიმდინარე სასწავლო წელს უფასოდ დაგვირიგეს სახელმძღვანელოები პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით. წესით ბავშვებს ეს სახელმძვანელოები არ უნდა ეყიდათ, მაგრამ ამ წიგნების დროულად მოწოდება ვერ მოხერხდა, ორგანიზაციული მხარე შეფერხდა და მოსწავლეების გაკვეულმა ნაწილმა ეს წიგნები შეიძინა. წიგნებმა ჩვენამდე მხოლოდ ოქტომბრის შუა რიცხვებში ჩამოაღწია და ვისაც არ უყიდია, იმ ბავშვებს დაურიგდა. დანარჩენი შევინახეთ. მომავალ წელს არც ერთ მოსწავლეს არ მოუწევს ამ სასკოლო სახელმძღვანელოების შეძენა. საქართველოს ყველა სკოლაში ამავე სახელმძღვანელოებით ასწავლიან.  ეს დახმარება ჩვენი ბავშვების მშობლებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, სასკოლო წიგნები ძალიან ძვირი ღირს. თითო ოჯახში კი ხშირად სამი და მეტი მოსწავლეც არის“.

- ბატონო გელა, აფხაზეთის დევნილი მთავრობის გარდა, თქვენ ურთიერთობა გაქვთ დე ფაქტო ხელისუფლებასთანაც. როგორი ურთიერთობა გაქვთ დე ფაქტო განათლების სამინისტროსთან?

- ამ მხარესთან საკმაოდ ნორმალური ურთიერთობები დამყარდა. ამას იმიტომაც ვამბობ, რომ კლასგარეშე საკითხავი ქართულენოვანი წიგნები, რასაც ამ ოთახში ხედავთ, სწორედ მათ გადმოგვცეს. აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან ქართული წიგნები როცა ამოიღეს და დაისვა ამ წიგნების განადგურების საკითხი, უნივერსიტეტის რექტორმა, გვარამიამ,  განაცხადა, რომ წიგნების დაწვა ვანდალიზმია და უმჯობესია, ისინი რომელიმე ქართულ სკოლას გადავცეთო. რა თქმა უნდა, მე სურვილი გამოვთქვი, რომ ეს წიგნები წამომეღო. დაახლოებით 1600 წიგნი წამოვიღე. ეს საკმაოდ ძვირფასი საჩუქარია ჩვენი ღარიბი სკოლისთვის. გარდა ამისა, მთელს სკოლაში გამოიცვალა ავეჯი, რაც ასევე აფხაზური მხარის დამსახურებაა. ყველა კლასში ძველი ინვენტარი ახლით ჩაანაცვლეს, მოგვცეს ნორმალური დაფები,  მასწავლებელთა მაგიდები და სპორტული ინვენტარი. 14 საკლასო ოთახიდან 9-ში საკმაოდ ნორმალური რემონტი გავაკეთეთ, რაშიც მშობლებიც გვეხმარებოდნენ. იგეგმება სპორტული დარბაზისა და გვერდითა ფლიგელის გარემონტება, მაგრამ ეს უფრო გრძელვადიანი პერსპექტივაა, რადგან ძალიან დიდ თანხებს უკავშირდება. აფხაზეთის განათლების მინისტრი, ინდირა ვარდანია დაგვპირდა, რომ ამ სასწავლო წლიდან ჩვენი სკოლის რემონტისათვის უნდა გამოიყოს 10 მლნ რუბლი. თანხის გადმოცემა კი ეტაპობრივად მოხდება სამი წლის გამავლობაში. თუ ეს მოხდება, პირველ რიგში, რაც უნდა გავაკეთოთ, გვერდითა ფლიგელისა და სპორტული დარბაზის გადახურვაა.

-    ზოგადად აფხაზეთის დე ფაქტო განათლების სამინისტრო როგორ უყურებს იმ ფაქტს, რომ გალის რაიონში ქართული სკოლები ჯე კიდევ ფუნქციონირებს? როგორ ესახებათ ამ სკოლების მომავალი?

-    ეს რთული საკითხია. მე ვერ გეტყვით, რომ ეს სკოლები ბოლომდე დარჩება, მაგრამ ერთი ან ორი წელიწადი ქართული სკოლების პრობლემა არ დადგება. როგორც იცით, გალის რაიონი ფაქტობრივად, რუსეთის სამხედრო ბაზად არის ქცეული. რაიონში ერთდროულად რამდენიმე სამხედრო ბაზა შენდება, რომელიც გათვლილი იქნება მესაზღვრეთა ჯარებისათვის. აქ ჩამოვლენ რუსი ოფიცრები თავიანთი ოჯახებით და  ბავშვებით. თავისთავად გაჩნდება საჭიროება, რომ აქ რუსული სკოლა გაიხსნას. ამას არსებული სკოლის ბაზაზე გააკეთებენ, თუ ახალს ააშენებენ, ვერ გეტყვით. შეიძლება, ქართულ-რუსული სკოლაც გაიხსნას და ეს ალბათ საუკეთესო ვარიანტი იქნება. კი ბატონო, ყველანი ჩვენი ქვეყნის პატრიოტები ვართ და არავის სურს აქ რუსული სკოლა, გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ დრო თავისას აკეთებს. 10-15 წლის შემდეგ, თუ მანამდე გავძელით, ვეჭვობ, აქაური მოსახლეობა დაფიქრდება ერთ მარტივ პრობლემაზე: თუ ჩემი შვილი სწავლობს კარგად, მაგრამ საქართველოში სწავლის შანსი არა აქვს, რატომ არ შეიძლება ისწავლოს რუსულ სკოლაში და გაიკვალოს გზა რუსეთისკენ? გზა თავისთავად გაიხსნება რუსეთისკენ, რადგან ჩაკეტილი აფხაზეთი რუსეთსაც არ აწყობს. საქართველოსკენ მიმავალი გზები კი ჩაიკეტება.

-    თქვენი აზრით, მოსახლეობა შეურიგდება გარუსების პოლიტიკას?

-    ადამიანი თუკი დაკარგავს იმედს, რომ ეს ტერიტორია ოდესმე მის სამშობლოს დაუბრუნდება, სხვა გზა უბრალოდ არ დარჩება. მოდი, რეალისტები ვიყოთ. ყველაზე უარესი შემთხვევა თუ გვინდა წარმოვიდგინოთ, გავიხსენოთ ის გარემოება, რომ ჩვენ აქ არავის ვჭირდებით. შეიძლება, ერთ დღესაც მოვიდნენ და დედაბუდიანად აგვყარონ აქედან. ჩემი აზრით, ეს ყველაზე ცუდი ვარიანტია და ამის ალბათობასაც, დღესდღეობით, სრულებითაც არ გამოვრიცხავ.

-    თქ    ვენს სკოლასთან რამდენიმე მეტრში არსებულ საგუშაგოზე ახლა რუსების ნაცვლად აფხაზი ჯარისკაცები დგანან. როგორი დამოკიდებულებაა თქვენს შორის და თუ მოდიან ისინი თქვენთან, რამეს თუ ითხოვენ?

-    აბსოლუტურად არაფერს არ ითხოვენ. არიან თავისთვის და არც ჩვენს საქმიანობაში არ ერევიან. ურთიერთობა არის ცივი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მათთან კონტაქტი არა გვაქვს და არც მათ აქვთ სურვილი, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეთ ჩვენთან. ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს - ეროვნებაც, სტატუსიც... ისინი ჯარისკაცები არიან, ჩვენ კი მშვიდობიანი მოსახლეობა. ამ სოფლის დღევანდელ სახესაც ხომ ხედავთ? აქ რაც გაკეთდა ცუდი - სახლები რომ გადაიწვა და მიწასთან გასწორდა ყველაფერი, მათი თუ არა მათი მეგობრების ხელითაა გაკეთებული და ეს ორივე მხარეს კარგად ახსოვს. ეს გარემოება არსებობს, მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენ მტრული დამოკიდებულება არა გვაქვს ერთმანეთთან. ავირჩიეთ შუალედური ვარიანტი - მე ჩემთვის და შენ შენთვის. ხელს არ ვუშლით ერთმანეთს. არასოდეს ყოფილა შემთხვევა, რომ მათ აქ სასწავლო პროცესისთვის ხელი შეეშალათ. აფხაზ ჯარისკაცებს ჩვენი სოფლის ახალგაზრდობასთან ნორმალური დამოკიდებულება აქვთ. შეიძლება ერთად იქეიფონ ან ფეხბურთიც ითამაშონ. თავიანთი ასაკის ბიჭებთან მეტ საერთოს პოულობენ, ვიდრე მაგალითად ჩემთან. მათ გამოთქვეს სურვილი, რომ ფეხბურთი ეთამაშათ ჩვენი სკოლის მოედანზე და გვთხოვეს, ნება დაგვერთო მათთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ამას. იყო შემთხვევები, როცა მოსახლეობას სთხოვდნენ საჭმელს, მაგრამ ეს ძალადობრივი გზით არ ხდებოდა. უბრალოდ, ითხოვდნენ დახმარებას.

-    მედია ხშირად აშუქებს ხოლმე გალის რაიონის სოფლების ცხოვრებას. ხშირად ეს სატელევიზიო სიუჟეტები კონიუნქტურულია და ხელისუფლების პოლიტიკას უფრო ასახავს, ვიდრე რეალობას. აქედან როგორ უყურებთ ამ სიუჟეტებს?

-    საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის აფხაზეთის დევნილი განათლების სამინისტრო, ერთის მხრივ ცდილობენ, აფხაზეთთან დაახლოებას. რაღაც პროექტები ხორციელდება ახალგაზრდების დასაახლოებლად, ანუ ერთის მხრივ, სახელმწიფო პოლიტიკა არის ასეთი. ამ დროს საქართველოს ტელევიზიების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციები სრულიად გაუმართლებელია. ჩემთვის  მიუღებელია, როდესაც იგონებ რაღაც ფაქტს, რაც არ მომხდარა და ამას ასაღებ სიმართლედ. რა თქმა, უნდა, ეს გაღიზიანებას იწვევს მოსახლეობაში. იყო რამდენიმე მსგავსი შემთხვევა ჩვენს სოფელზეც და როცა საშუალება მომეცა, მესაუბრა ჟურნალისტებთან ამ თემაზე ზუგდიდში, მათ მიპასუხეს - ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთო. ტელეფონით როცა მიკავშირდებიან და მეკითხებიან რამეს, თუ მართლა მოხდა რამე, ვეუბნები რა და როგორ იყო. თუ არაფერი მომხდარა, ვპასუხობ, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა ოტობაიაში და ნუ ავრცელებენ დეზინფორმაციას. მე აქ ვცხოვრობ და როგორ შეიძლება  არ ვიცოდე აქ რა ხდება?!

-    ოტობაიას სკოლის მოსწავლეებს თუ აქვთ ურთიერთობა სოხუმის სკოლების თანატოლებთან?
-    გასულ სასწავლო წელს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა გაიმარჯვეს ჭადრაკში და უნდა წასულიყვნენ სოხუმში. იმავე სასწავლო წელს ჩვენი ბავშვთა ნაკრები რაიონის ჩემპიონი გახდა ფრენბურთში. ამ ბავშვებმა, სოხუმს რომ თავი დავანებოთ, გალიც კი პირველად ნახეს. სოხუმიდან კი აღფრთოვანებულები დაბრუნდნენ. სოხუმელ ახალგაზრდებთან ადვილად დამეგობრდნენ და მათ თავის მხრივ დიდი ყურადღება და პატივისცემა გამოიჩინეს ჩვენი ბავშვების მიმართ. ჩვენი სკოლის ნაკრები გუდაუთას ნაკრებს როცა ეთამაშებოდა, სოხუმელები ჩვენს გუნდს გულშემატკივრობდნენ. ქართული შეძახილებიც ისმოდა თამაშის დროს და მეგრულიც. ახალგაზრდობა ყველაზე მეტადაა მონდომებული, რომ ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეთ. მათ სურთ, ნორმალურ გარემოში იცხოვრონ. ჩემი აზრით, ეს ურთიერთობა არც ერთი მხარის ღირსებას არ უნდა ლახავდეს.

-    „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ წამოიწყო კამპანია „ბოდიში“, რაც გულისხმობს ქართველი და აფხაზი ხალხების შერიგებისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმას. ქართველები ბოდიშს უხდიან აფხაზებს, რომ ვერ შეაჩერეს სისხლისხღვრა, ომი. თქვენ როგორ უყურებთ ამ კამპანიას?

-    მე კარგად მესმის იმ ადამიანების, ვინც თვლის, რომ ჩვენ ბოდიში არ უნდა მოვიხადოთ. მართალია, ეს ის ხალხია, ვინც თავისი ბუდიდან აყარეს და შეურაცხყოფა მიაყენეს, მაგრამ ჩემი აზრით, ქართველებს გვეკუთვნის, ეს ნაბიჯი პირველად ჩვენ გადავდგათ, რადგან პირველი ტყვია ჩვენ ვისროლეთ და ჩვენ დავღვარეთ პირველი სისხლი. ხოლო აფხაზებს ეს ომი უნდოდათ თუ სხვები ურევდნენ ხელს სისხლისღვრაში, ეს სხვა საკითხია. თუ ეს ადამიანური ურთიერთობა იქნება ორმხრივი, ანუ აფხაზებიც მიხვდებიან, რომ ერთმანეთს ბოდიში უნდა მოვუხადოთ და საომარი, გასაყოფი არაფერი არ გვქონდა, მაშინ ეს ჩვენს ურთიერთობაში დიდი მიღწევა იქნება. მე ვერ გეტყვით, რამდენად გამოეხმაურებიან ამას აფხაზები. იმედია, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც ესმით, რომ ამ ომით ბევრი რამ წააგეს. ყოველ შემთხვევაში, მოგებული აქ არავინაა. ის ეიფორია, რაც ომის შემდეგ ჰქონდათ აფხაზების ნაწილს, ნისლივით გაიფანტა და ახლა ხელში შერჩათ სასტიკი რეალობა „დამოუკიდებელი და თავისუფალი აფხაზეთის რესპუბლიკის“ ნაცვლად.

ახალი თაობის ნაწილმა ეს ბოდიში შეიძლება არ მიიღოს, რადგან მათ თავი გამარჯვებული ჰგონიათ. მათ არ იციან ჩვენი საერთო წარსული, ტრადიციები. მათ ამაზე არავინ ესაუბრება და ეს ფესვები დაკარგეს. პირიქით, მათ გარკვეული იდეოლოგიით კვებავენ, რომლის მიხედვითაც ჩვენ მათი მტრები ვართ. რაც შეეხება საშუალო ასაკის საზოგადოებას, რომელსაც კარგად ახსოვს წარსული, არა მგონია, ბოდიშის კამპანიის წინააღმდეგ წავიდეს. თუმცა, ვფიქრობ, რომ აშკარად გამოხატულ პასუხს ამაზე არ უნდა ველოდეთ, რადგან აქ ადამიანებს ბევრი რამის ეშიანიათ.

24 მაი. '10

24 მაი. '10

...უკან