თავფურცელი მიმართვა ახალი ამბები საქმიანობები ჩვენს შესახებ კულტურა
  F9c ქარ Рус Eng

'არ არსებობს გზა მშვიდობისკენ, მშვიდობა თვითონაა გზა' - მიმართვა ქართველი ხალხისადმი


  შემოგვიერთდით  

მოაწერეთ ხელი მიმართვას
ხელმოწერების ნახვა (158)
     

     
  ეთანხმებით თუ არა ბოდიშის კამპანიას?
დიახ
არა
შედეგები | არქივი
 
     

Forum


 
აფხაზებსა და ქართველებს შორის ადამიანური ურთიერთობების აღდგენას ხელს სიცრუის მანქანა უშლის
 ინგა თაკალანძე, ოტობაია


ოტობაია - ეს არის სოფელი გალის რაიონში, სადაც ეთნიკური ქართველებისთვის ცხოვრება რთულია, მაგრამ სოფლიდან აბარგებას ბევრი ოჯახი არ ჩქარობს. 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს ოტობაია ზუგდიდთან შედარებით ბევრად უსაფრთხო ადგილად ითვლებოდა. რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ბევრმა ზუგდიდელმა (და არაზუგდიდელმაც) ომის დღეებში თავი ოტობაიას შეაფარა. დღეს ამ სოფელამდე მისასვლელი უსაფრთხო გზა არ არსებობს, მაგრამ  ოტობაიაში სიცოცხლე მაინც გრძელდება. სოფლის პრობლემებზე, აფხაზებისა და ქართველების დღევანდელ ურთიერთობებზე „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ ოტობაიას პირველი საჯარო სკოლის პედაგოგი ლარისა ხუფენია ესაუბრება.

-    ჩვენ სკოლაში შესანიშნავი ბავშვები გვყავს. ხელს თუ შევუწყობთ, კარგი ადამიანები გაიზრდებიან. მე ჩემი სოფლის მომავალს ვხედავ სკოლაში, სადაც შესანიშნავი თაობა იზრდება. რა თქმა უნდა, ნაკითხობა აკლიათ. ნიკო გომელაური გავიცანით ტელევიზიით, როგორც პოეტი და ახლა აქ მიდევს მისი ზოგიერთი ლექსი, ბავშვებს უნდა მივუტანო და გავაცნო. წიგნებს ვერ ვყიდულობ. სამწუხაროდ, წიგნებზე ხელი არ მიმიწვდება. ჩვენი ძველი ბიბლიოთეკა დამწვარია, ამჟამინდელი ბიბლიოთეკიდან კი, იცით, ბავშვები როგორ იტაცებენ წიგნებს? ამიტომ ვთხოვთ ყველას, რომ შეგვივსონ ბიბლიოთეკა. კარგი თაობა გვეზრდება და ეს ბავშვები იმსახურებენ, რომ კარგი წიგნები იკითხონ.

-    როგორც აქ გვითხრეს, თქვენი სკოლის ბიბლიოთეკა ბოლო დროს წიგნებით გამდიდრდა, როგორ მოახერხა ეს სკოლამ?

-    დაახლოებით ათასამდე წიგნი გვაქვს, მაგრამ მათი უმრავლესობა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, დანესტიანებული და დახავსებულია. ეს წიგნები აფხაზეთის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში შემოინახეს  და მერე ჩვენმა დირექტორმა ჩამოიტანა აქამდე სამარშრუტო ტაქსით. ეს ჩვენთვის უდიდესი სიხარული იყო, მგზავრობის ხარჯებიც ჩვენ გადავიხადეთ, ოღონდაც ჩვენს ბავშვებს ღირსებოდათ ეს წიგნები. მას მერე უფრო მრავალფეროვანი გახდა ჩვენი სკოლის ღონისძიებებიც.

- რა თემებია ბავშვებში დღეს უფრო აქტუალური, რაზე საუბრობენ?

- ჩვენ ზოგჯერ ისეთ თემებზე ვსაუბრობთ, რაც გაკვეთილს საერთოდ არ ეხება, მაგრამ აღზრდის თვალსაზრისით, ასეთი გაკვეთილები უფრო ღირებული მგონია, ვიდრე ის, რომელიც პროგრამის მიხედვით უნდა ჩავატარო. ხშირად ვსაუბრობთ დღევანდელ პრობლემებზე. ამ თემებზე საუბარი ავითარებს მათ აზროვნებას და მეტყველებას. კლასში ისეთი ბავშვებიც მყავს, რომლებსაც აინტერესებთ ფილოსოფია. ჩავატარეთ ღია გაკვეთილი, თემაზე: როგორ იცნობდა შოთა რუსთაველი პლატონს და სოკრატეს, მათ მსოფლმხედველობას. ასე ეცნობიან ჩვენი ბავშვები, როგორი კულტურული ფესვები გვაქვს, საიდან მოდის ჩვენი კულტურა. მეთორმეტე საუკუნეში რომ რუსთაველი შესანიშნავად იცნობდა ანტიკურ ფილოსოფიას, ეს ხომ უნდა იცოდეს ჩვენმა ბავშვმა?! მე ვამაყობ, რომ ვარ ამ კულტურის მემკვიდრე, მაგრამ ხმამაღლა არ ვამბობ. არც ბავშვებს მოვუწოდებ ამისკენ, მაგრამ ხომ უნდა იცოდნენ მაინც?!

- როგორ გავლენას ახდენს ბავშვებზე გალის რაიონში პერიოდულად ვითარების დაძაბვა?

-    რა თქმა უნდა, ამის გადატანაც უხდებათ ბავშვებს. ამ დაძაბულ გარემოს  ვუძალიანდებით, როგორც შეგვიძლია და უკვე გამობრძმედილებიც ვართ ამაში. რამე რომ მოხდება, ბავშვები ახლა უკვე აღარ ტირიან. პატარები რომ იყვნენ, მაშინ უფრო ეშინოდათ. ახლა დიდები არიან და ისიც უნდა გაიგონ, რომ ჩვენს სამშობლოში ვართ და არაფრის არ უნდა გვეშინოდეს. 9 მაისს მეც შემეშინდა. მეგონა ომი დაიწყო. ორჯერ გაისმა აფეთქების ხმა. მე აქაური ვარ და უფრო თამამად და ამაყად მივდივარ ჩემს ქუჩაზე. აქ ვინც მოდის სხვა ყველა სტუმარია. თუ ვინმემ გამარჯობა მითხრა, მეც მივესალმები.

-    თუ ყოფილა შემთხვევა, რომ დაძაბული მდგომარეობის გამო სასწავლო პროცესი ჩაიშალა?

-    მსგავსი რამ დიდი ხანია არ მომხდარა. დიდი ხნის წინ იყო მხოლოდ ერთი შემთხვევა - მთვრალი ჯარისკაცები შემოვიდნენ სკოლაში. ავტომატებით იყვნენ და ბავშვებს შეეშინდათ. მაშინ უფროსები ჩაერივნენ და მათაც უპრობლემოდ დატოვეს სკოლა. მიზანმიმართულად სასწავლო პროცესი არავს ჩაუშლია. ახლა დიდი სატვირთო მანაქანები დადიან აქ ხშირად და სამშენებლო მასალები დააქვთ, ფიჩორში სამხედრო ბაზის ასაშენებლად. ჩვენ სულ უფრო დაუცველად და უსუსურად ვგრძნობთ თავს და ამას ჩვენი მოსწავლეებიც გრძნობენ. ბავშვმა უნდა იცოდეს, რა აწუხებთ დიდებს. ჩემს მოსწავლეებს რომ ჰკითხოთ, როდის იქნებიან ბედნიერები, გიპასუხებენ - მაშინ, როცა აქ რუსული დროშა აღარ იქნებაო. ვინ თქვა, რომ ჩვენ ღირსეული თაობა არა გვყავს?!

- როგორ ფიქრობთ, ამ თაობას მოუწევს ბრძოლა ერთიანობისთვის?

- არაფერი არ არის გამორიცხული, მაგრამ თუ დიპლომატიას, ადამიანის გონს და გონიერ პოლიტიკას რამე შეუძლია, ეს ომი თავიდან უნდა ავირიდოთ. ყოველთვის ხომ არ უნდა ვიყოთ სხვისი შემხედვარე?! მე არ ვზრდი ჩემს მოსწავლეებს სხვის შემხედვარედ.

- ხომ არ თვლით, რომ საქართველოს განათლების სამინისტრომ ამ ვითარებიდან გამომდინარე გალის რაიონის ქართული სკოლებისთვის სპეციფიკური მიდგომა ან პროგრამა უნდა შეიმუშავოს?

- რაღაცის მოფიქრება, ალბათ, შესაძლებელია. ამაში საერთაშორისო ორგანიზაციებიც უნდა ჩაერთონ და იმ პოლიტიკის გატარება, რაც ხელისუფლებას უნდა, მათი შუამავლობით უფრო შესაძლებელი იქნება. ყველაფერს მარტო ჩვენ ვერ გავწვდებით. ჩვენ რაც გვინდა, რომ ვასწავლოთ ბავშვებს, იმას ვასწავლით და ასე ვატარებთ ჩვენს პოლიტიკას. არავის არ ვეკითხები გაკვეთილზე, რაზე ვესაუბრები ჩემს ბავშვს. მოსწავლეებიც დამეთანხმებიან, რომ ამ მხრივ, აქ არავინ მზღუდავს. ვსაუბრობთ ეროვნულობასა და პატრიოტიზმზე, ჩვენს ჯარისკაცებზე. ყველა მოსწავლე, გოგოა თუ ბიჭი, სამშობლოს დამცველები არიან და არავისი არ გვერიდება, რადგან ჩვენ მათ ასე ვზრდით.

- სოხუმიდან თუ ჩამოდიან თქვენთან დე ფაქტო განათლების სამინისტროს წარმომადგენლები და თუ გიწევენ კონტროლს ან ზედამხედველობას?

- რა თქმა უნდა, ჩამოდიან და გვაკითხავენ, მაგრამ ადამიანური გაგებით, ადამიანური მიდგომით, მეგობრული, ნათესაური, იმით, რითაც ჩვენ ვიყავით ადრე, ამ განწყობით მოდიან და გულში თუ რამე სხვა აქვთ, ეს ნაკლებად იგრძნობა.

- ანუ მათი მხრიდან არ იქრძნობა აგრესიული დამოკიდებულება, რომ ეს სკოლა ქართულია?

- არანაირად. ჩვენ გვყავს საერთო ნათესავები და ვიგონებთ საერთო წარსულს. განყოფილების გამგის მოადგილე ქალბატონი გახლავთ, ვესაუბრე ბიძაჩემზე, დეიდაშვილზე და დეიდაჩემის გარდაცვალების ამბავი რომ ვუთხარი, იტირა. წარმოიდგინეთ, ჩემს ტრაგედიაზე რომ აფხაზი ქალბატონი ტირის, როგორ შეიძლება, მის მიმართ ცუდი დამოკიდებულება მქონდეს?! დეიდაჩემი პედაგოგი იყო, არაჩვეულებრივი ადამიანი გახლდათ და იცნობდნენ ერთმანეთს. მისი გარდაცვალების ამბავი კი არ იცოდა. დეიდაჩემზე რომ იმ ქალბატონმა იტირა, ახლა მე ის უკვე მიყვარს. დეიდა ხომ მეორე დედაა.

- როგორ ურიგდებიან სოხუმში იმ ფაქტს, რომ აქ რამდენიმე სკოლა ქართულია და როგორ ხედავენ ამ სკოლების განვითარებას მომავალში? თუ არის მცდელობები, რომ სკოლა რუსულ სწავლებაზე გადავიდეს?

-    რაც შეეხება გალის მაღალი ზონის სოფლებს - დიხაზურგას, საბერიოსა და ასე შემდეგ, იქ მართლაც უბედურება ხდება და შევიწროებულია ხალხი. ჩვენ დაბალი ზონის სოფლებს მივეკუთვნებით. ძალიან მეშინია, რომ ჩვენთანაც იგივე განმეორდება. გაკვეთილზე რომ შევდივარ და ყველაფერი ისევ ისე მხვდება, როგორც იყო, ღმერთს მადლობას ვუხდი და ბავშვებს ვეუბნები,  ბედნიერები ვართ, რომ არავინ არ გვიშლის ხელს ქართულად საუბარში-მეთქი.

- თუ არსებობს საჭიროება, რომ იმ სოფლებში, რომელიც თქვენ ახსენეთ, სკოლა მთლიანად რუსულ სწავლებაზე გადავიდეს?

-    ამისი საჭიროება ნამდვილად არ არსებობს.

-    თუ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რატომ უნდა გადავიდეს ეს სკოლა რუსული სწავლების მეთოდზე და არა აფხაზურზე?


-    რად უნდა ამას ლაპარაკი?! ხომ აშკარაა, ვისი პოლიტიკა ტარდება აქ?! იმ აფხაზებისთვის, რომლებიც დამოუკიდებლობისათვის იბრძოდნენ, ძნელია აღიარება, რომ სინამდვილეში ყველაფერი დაიკარგა და „გამარჯვება“ სულაც არ ყოფილა გამარჯვება. აფხაზმა ხალხმა, დაბალმა ფენამ, აღიარა ეს ყველაფერი. დაბალი ფენას ამის აღიარება არ უჭირს, რადგან მას დასაკარგი არაფერი აქვს. ხოლო მაღალ ფენას, გავლენიან აფხაზებს, რომლებსაც დასაკარგი ბევრი აქვს, უჭირთ ახალ სინამდვილეს თვალი გაუსწორონ. ალბათ, ფიქრობენ, რომ პოზიციის შეცვლა მათ კეთილდღეობაზე იმოქმედებს. აი, ჩვენც ხომ ვკარგავთ რაღაცეებს, მაგრამ ამის აღიარება გვიჭირს.

- რა რესურსებით ფინანსდება თქვენი სკოლა?

-ამას უფრო ჰუმანიტარული დახმარება ჰქვია, ვიდრე დაფინანსება. ამას საერთაშორისო ორგანიზაციები აკეთებენ, კონკრეტულად რომელი - არ ვიცით.

- ანუ სკოლაში ბავშვები სწავლის ქირას აღარ იხდიან?

- არა, ეს აღარ არის. 2004 წლამდე ჩვენი ხელფასი 60 ლარი იყო და მაშინდელმა განათლების მინისტრმა გვითხრა - ამაზე ნაკლებ ხელფასსაც იღებენ და რა გინდათ მეტიო. სკოლაში, ძირითადად, სულ ქალბატონები მუშაობენ, ამიტომაც იმ დროსაც და დღესაც ოჯახის მარჩენალები ფაქტობრივად ჩვენ ვართ.

- 2004 წლის მერე რა შეიცვალა?

- რა შეიცვალა და, ხელფასები მოგვემატა. ოღონდ, არ ვიცით, ეს დახმარება საიდან მოდის. მე მგონია, რომ საქართველოს განათლების სამინისტრო აკეთებს ამას. ხელფასის ასაღებად გადავდივართ ზუგიდში, წელამდე ტალახსა და წყალში მივდივართ დროგით. თუ არ გადაბრუნდა  ეს დროგი, ხომ კარგი. თუ გადაბრუნდა, აღარც ხელფასი გინდა და აღარც აღარაფერი მერე. „საქართველოს ბანკის“ ბანკომატიდან ვიღებთ ხელფასებს. ყველა პედაგოგი, არა აქვს მნიშვნელობა, რამდენ საათს ატარებს სკოლაში, მაინც ერთსა და იმავე თანხას - თვეში ორას ლარს იღებს. აფხაზეთის დე ფაქტო განათლების სამინისტრო კი ხელფასს რუსულ რუბლებში გვიხდის, მაგრამ თექვსმეტი საათიდან სამი საათი არ მინაზღაურდება. მე როცა მითხრეს ამის შესახებ და ამიხსნეს, რომ არ ვიყავი ვალდებული, ეს სამი საათი ჩამეტარებინა, ვთქვი, რომ ეს სამი საათი არის საჩუქარი, რომელიც მე  შემიძლია ჩემი სამშობლოსთვის გავიღო.

- როგორია სხვაობა აფხაზეთის დე ფაქტო განათლების სამინისტროს მიერ გაცემულ ხელფასსა და „საქართველოს ბანკში“ აღებულ დახმარებას შორის?

- აფხაზეთის განათლების სამინისტროს ხელფასი არის იმ დახმარების ნახევარი, რასაც „საქართველოს ბანკში“ ვიღებთ. თავის მხრივ, „საქართველოს ბანკიდან“ დახმარების მიღება შეგვიძლია მხოლოდ სამ თვეში ერთხელ. შეგიძლია, საერთოდ არ აიღო ერთი წლის განმავლობაში და დააგროვო, მაგრამ ჩემს ოჯახს ეს თანხა ჰაერივით სჭირდება და დაგროვების საშუალება არა გვაქვს.

- აფხაზეთის განათლების სამინისტროში იციან, რომ თქვენ „საქართველოს ბანკიდანაც“ იღებთ დახმარებას?

- რა თქმა უნდა, იციან. ჩვენი აფხაზური ენის მასწავლებელიც იღებს ამ დახმარებას „საქართველოს ბანკიდან“ ისევე, როგორც ბევრი აფხაზი.  ძალიანაც მოსწონთ ეს ამბავი და არავინ გამოხატავს პროტესტს. ჩვენი აფხაზური ენის მასწავლებელი დე ფაქტო განათლების სამინისტროდან პრემიის სახით ყოველთვიურად 5000 რუბლსაც იღებს. ის სტუდენტია, სოხუმში სწავლობს და თან პარალელურად აქ ასწავლის. ნუ გგონიათ, რომ ის ჩვენთან თეთრი ყვავივით არის. თბილისშიც დადის და ძალიან მოსწონს თბილისი. აღფრთოვანებული დაბრუნდა. ქუთაისშიც იყო და მარტვილშიც. მერე მეორედაც წავიდა მარტვილში ექსკურსიაზე. თუ ისევ პოლიტიკას მივუბრუნდებით, ეს ძალიან ბინძური თემაა და გასაყოფი, რა თქმა უნდა, ბევრი გვაქვს, რადგან სამშობლო ჩემია და მას ჰგონია, რომ სამშობლო მისია და ვერ გაგვიყვია ეს. არც მას ეთმობა და არც - ჩვენ. ახლა, ამ ზაფხულში რომ დავგეგმავთ ექსკურსიას, აუცილებლად წავიყვანთ თან.

- შეგიძლიათ, ორი სიტყვით დაახასიათოთ თქვენი აფხაზი კოლეგა?

-    ძალიან კარგი გოგონაა. ჭკვიანი და დაფიქრებული. მე მგონია, რომ მაინც მორიდებულია. ჯერ კიდევ გვეჩვევა, ბოლომდე გახსნილი არაა ყველასთან. უფრო თავისი ასაკის კოლეგებთან მეგობრობს, მათთან ერთად დადის დღეობებზე, წვეულებებზე და ასე შემდეგ.

-    ანუ რაღაც დონეზე მაინც გახდა თქვენი კოლექტივის წევრი?

-    არაპოლიტიკურ დონეზე ყველაფერი მიდის შესანიშნავად. ხოლო პოლიტიკურ თემაზე ჩვენ მასთან საუბარს ვერიდებით. ჩვენ ვიცით, რომ ამ საკითხის წამოჭრა არც ერთი მხარისთვის არ იქნება მომგებიანი და ურთიერთობაში ბზარის გაჩენა არ გვინდა. თავის მხრივ, მასაც არასოდეს გამოუჩენია ინიციატივა, რომ პოლიტიკაზე ჩვენთან ესაუბრა. რაიმე აგიტაციაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ასე რომ ყოფილიყო, ჩვენს შორის კონფლიქტი გარდაუვალი იქნებოდა. მისი თანდასწრებით ზოგად პოლიტიკურ თემებსა და პრობლემებზე ვსაუბრობთ, მაგრამ არა მასთან. მას ესმის ჩვენი საუბარი, მაგრამ არანაირად არ ამჟღავნებს თავის დამოკიდებულებას. როგორც პედაგოგი, ის ჯერ ჩამოყალიბების პროცესშია, ზოგჯერ ტუქსავს ბავშვებს, ყურს აუწევს, ბევრ ორიანსაც წერს. მშობლებს ეს არ მოსწონთ  და სკოლაში საყვედურებით მოდიან. ცხადია, ეს მასაც არ სიამოვნებს. არადა, ბავშვები ცელქები არიან და რომ გააბრაზებენ, იძულებული ხდება, ამ გზას მიმართოს.

-    რა რეზონანსი აქვს ოტობაიაში საქართველოს ტელევიზიით გადაცემულ არასწორ ინფორმაციებს გალის რაიონის ქართული სოფლების შესახებ?

-    ჩვენ არ მოგვწონს,  როცა ტელევიზიით ტყუილს ამბობენ. ადამიანური გაგებით, აფხაზებისაც გვრცხვენია, რადგან მათ ხშირად იმას აბრალებენ, რაც არ გაუკეთებიათ. აჯობებდა, ტელევიზიით გამოგონილი ამბები არ ყოფილიყო. თუ ვინმეს უნდა, რომ აქ აფხაზებსა და ქართველებს შორის ადამიანური ურთიერთობები დამყარდეს, მაშინ ამ ურთიერთობებს ტყუილი მხოლოდ აფუჭებს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ტყუილების პოლიტიკა გაამართლებს, ესეც არ ჯობია. მე მაინც მგონია, რომ რუსეთი ინფორმაციულ ომს ვერ მოიგებს. მსოფლიოში განა ვერ ხედავენ და არ იციან ეს სახელმწიფო რას აკეთებს?! თუ ჩვენც რუსეთის წამხედველობით ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ, ვერც ჩვენ ვერ მოვიგებთ საინფორმაციო ომს.

- „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ წამოიწყო კამპანია „ბოდიში“. ქართველები ბოდიშს უხდიან აფხაზებს, რომ ვერ შეაჩერეს სისხლისმღვრელი ომი. ამ კამპანიას უერთდებიან ის ადამიანები, ვინც თვლის, რომ ურთიერთობების აღსადგენად თავდაპირველად საჭიროა, ბოდიში მოვუხადოთ აფხაზ ხალხს... თქვენ მოიხდიდით ბოდიშს?

- მე თუ ამპარტავნობაში არ ჩამეთვლება, ვიტყვი, რომ თავიდანვე ვეწინააღმდეგებოდი ამ ომს. ბატონი ზვიად გამსახურდიას ნათქვამიდან გამომდინარე, ჩვენ თავიდანვე მოვუწოდებდით ყველას, არ აყოლოდნენ ამ პროვოკაციას. ჩემთან ერთად მაშინ ათასობით სოხუმელი იდგა და ჩვენ მიგვაჩნდა, რომ ეს იყო რუსული მახე, რომელშიც გავებმებოდით და მერე თავს ვერ დავაღწევდით. თავის დროზე, ვინც ომის მომხრე იყო და როგორც კიტოვანმა თქვა - ორ დღეში აპირებდნენ, „გადაევლოთ აფხაზეთისთვის“, მათ ბოდიში კი არა, ბევრი სხვაცა აქვთ გასაკეთებელი!

- თქვენ შეუერთდებით ამ კამპანიას?

- რატომაც არა. მე ხომ ვიყავი ომის საწინააღმდეგო მიტინგებზე, მაგრამ მაინც ხომ ვერ შევაჩერე ეს ომი? მოვიხდი ბოდიშს თუნდაც იმის გამო, რომ ეს ჩემს სამშობლოს სჭირდება და გაყინული გულები უნდა გალღვეს! მოვიხდი ბოდიშს იმის გამო, რომ დღევანდელი თაობის სისხლი არ დაიღვაროს. აი, ამის გამო მოვიხდი ბოდიშს და გადავაბიჯებ ამპარტავნობას, რომელიც ჩამძახის, რომ ჩვენთან ერთად სხვებმაც უნდა მოიხადონ ბოდიში...

- თქვენი აზრით, კიდევ ვის აქვს ბოდიში მოსახდელი?

- თუ მე ვიხდი ბოდიშს იმის გამო, რომ ომში არ ვიყავი, მაგრამ სისხლისღვრა და ძმათა კვლა მაინც ვერ შევაჩერე, მეორე მხარესაც ხომ არიან აფხაზები, რომლებიც ჩემნაირ მდგომარეობაში იყვნენ?! მათაც ხომ უნდა გადმოდგან ჩვენსკენ შემხვედრი ნაბიჯი? მე არ ვიცი, ეს კამპანია რას მოიტანს, მაგრამ ამით მტკიცდება, რომ ჩვენ მართლა გვინდა მშვიდობა და მართლა გადავაბიჯეთ ჩვენს ამპარტავნობას. ადამიანები ამას თუ არ დაინახავენ, ღმერთი ხომ ხედავს?.. და თუ ვიღაცას რწმენა არა აქვს, ეს მისი პრობლემაა.

- როგორ ფიქრობთ, აფხაზები მზად არიან, რომ მიიღონ ქართველების ბოდიში?

- სხვა თუ არაფერი, ზრდილობის გამო მაინც ხომ დაფიქრდება და ჰკითხავს საკუთარ თავს - „რა მაქვს მე ქართველთან გასაყოფი, თუ იგი აქეთ მიხდის ბოდიშს და არაფერი დაუშავებია ჩემთვის?“

- დაბოლოს, რამის დამატება ხომ არ გნებავთ?

- ძალიან მიხარია, რომ ასეთი რამ ხდება. ეს ყველაფერი დრომაც მოიტანა. საკმაო დრო გავიდა იმისათვის, რომ დავფიქრდეთ. უნდა შენელდეს გარკვეული რადიკალიზმი, რაც მაშინ იყო და ბევრი ცუდი მოგვიტანა, ხოლო კარგი - ნაკლები. თუ ეკლესიაში სიარული მოდური არ არის, ხომ ვისმენთ იქ ღვთიურ სიტყვებს - „ნუ განიკითხავ“, „მიუტევე“, „მტერი შეიყვარე“... ნებისმიერი ჩვენგანი უნდა დაფიქრდეს, რომ გვეყო უღვთოება და ურწმუნოება. რა უნდა გვქონდეს ქართველებს და აფხაზებს გასაყოფი?! ჩვენი ძირძველი ფესვები არ უნდა დავივიწყოთ და მარტო სიტყვით კი არა, საქმითაც უნდა დავამტკიცოთ, რომ მართლა გვინდა მშვიდობა. უნდა გავიხსენოთ ჩვენი საერთო წარსული და ამით უნდა ვასაზრდოოთ ჩვენი მომავალი.

17 ივნ. '10

17 ივნ. '10

...უკან