1558 ეთნიკური აფხაზი ცხოვრობს აჭარაში. მათ შორის 800 _ ბათუმში, 645 _ ხელვაჩაურის რაიონში. ეს სტატისტიკის დეპარტამენტიდან მოწოდებული 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემია.ვიწრო ქუჩა, ე.წ. პივზაოდის დასახლებაში აფხაზ მცხოვრებლებთან მიგიყვანთ. უბანს „აფხაზთა უბანს“ ეძახიან. აქ, ჟურნალ
ისტებთან საუბარს ახალგაზრდები თავს არიდებენ, თუმცა უფროსები აფხაზურად რამდენიმე ფრაზასაც კი გასწავლიან. დასახლებაში, ძირითადად კერძო სახლებია. ერთ-ერთი სახლის ჭიშკრებთან, ხის გრძელ სკამზე ორი მამაკაცი შევნიშნეთ და ჩვენც მათკენ გავეშურეთ.
„აქ დავიბადე და გავიზარდე, სიძეები და შვილიშვილები ქართველები მყავს. პოლიტიკა-პოლიტიკაა, ჩვენ ერთად ვცხოვრობთ და ერთნი ვართ. ერთი მეფე და ერთი _ მტერი გვყავდა, ერთად გვტკიოდა და გვიხაროდა. აფხაზებსა და ქართველებს შორის ურთიერთობა ცუდმა ენამ, მესამე ძალამ გააფუჭა.“ ამბობს ერთ-ერთი აფხაზი მამაკაცი.
აფხაზთა უბანში ცხოვრობს დურსუნ ნინიძე, წარმოშობით ის აჭარელია, მაგრამ ბევრ აფხაზზე კარგად იცის აფხაზური. ,,აფხაზ მეგობრებთან ერთად გავიზარდე, მყავს უამრავი აფხაზი მეგობარი და ახლობელი. ჩვენ ერთნი ვართ დროებამ დაგვაშორა ცოტა ხნით ერთმანეთს“ - ამბობს დურსუნა ნინიძე.
ეთნიკური აფხაზები აფხაზური ენის შემსწავლელი კურსების არარსებობის გამო წუხან. „ჩვენ კი ვიცით აფხაზური ენა, ქორწილსაც კი წავიყვანდი აფხაზურად, მაგრამ ახალგაზრდებმა არ იციან. სკოლას არ ვითხოვთ, მაგრამ აფხაზური ენის შემსწავლელი კურსები მაინც რომ ყოფილიყო, კარგი იქნებოდა“, - აღნიშნავენ ისინი.
საუბარში 77 წლის ისმეთ კაიტამბა შემოგვიერთდა, რომელიც ამჟამად ამ უბანში აღარ ცხოვრობს: „ჩემი უბანი მომენატრა და ძმებს გამოვუარე. ესეც ჩემი ძმაა (იგულისხმება დურსუნ ნინიძე), იმიტომ რომ ის აჭარელია, მე _ აფხაზი. ჩემზე უკეთ აფხაზური ენა მან იცის. ჩვენ რამ გაგვყო ერთმანეთისგან _ ქართველი „ეროვნების“ სიძეები და შვილიშვილები მყავს“. - აღნიშნავდა კაიტამბა.
კაიტამბა გავლილ პერიოდს იხსენებს, როცა აფხაზეთში ნათესავებთან ჩასვლას ახერხებდა: „წინათ მივდიოდით, მოვდიოდით ერთმანეთში. გადასვლა მინდა და ვეღარ გადავდივარ. ომის შემდეგ 11-ჯერ ვიყავი გადასული აფხაზეთში. ხელისუფლებამ გზა უნდა გახსნას და ხალხი თვითონ შერიგდება. მუსიკითა და სიყვარულით. კაცი სტუმრად რომ მიდიხარ და მოდიხარ, ხშირად ნახულობ ერთმანეთს, მაშინ ხარ მეგობარი...“
აჭარაში მცხოვრები მუჰაჯირი აფხაზები ამბობენ, რომ ერთიანობა გარდაუვალია: „წყალი ძველ კალაპოტს ეძებს და აუცილებლად იპოვის“.
მეგრელი ქალბატონი გული ქუთელია რამდენიმე აფხაზურ ტრადიციას იხსენებს, რომელიც მათ ოჯახებში დღემდე არსებობს: „უფროსს-უმცროსობის პატივისცემა ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ღრმა ტრადიციაა. მაგ. მამამთილის გვერდით რძალი ვერ დაჯდება; მამა-შვილი ღვინოს ერთად ვერ დალევს“. გული ქუთელიას თქმით, ტრადიციებს არააფხაზი რძლები ძირითადად ვერ ასრულებენ, თუმცა ამის გამო ის არ ბრაზობს.
საუბარის დასასრულს ჩემი აფხაზი რესპონდენტები აფხაზურად დამემშვიდობნენ:
„ამჩა გუბზიარა“ (ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეთ);
„ჰაფსუარა იაჰმურზაი“ (აფხაზობა არ დაგვეკარგოს);
„ჰაიცუნუი ჰაყაზაი“ (ერთად ვიყოთ).