|
რატომ ვუხდი ბოდიშს აფხაზ ხალხს (ნაწილი I)
არჩევანი საქართველოსთვის: ქართული შოვინიზმი თუ აფხაზეთი? უჩა ნანუაშვილი, კამპანია „ბოდიშის“ ინიციატორი, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი
„კამპანია „ბოდიში“ 2007 წლის მარტში დაიწყო. ბოდიშის თქმა არ არის ადვილი, ხშირად - არც მისი მიღება. კამპანია „ბოდიშით“ ჩვენ ვცდილობთ, შეიცვალოს ქართველ და აფხაზ ხალხს
შორის ბოლო წლებში ჩამოყალიბებული ურთიერთობის ფორმები. კამპანია „ბოდიში“
თავისი არსით აპოლიტიკური, ომის საწინააღმდეგო მოძრაობაა, რადგან
მიგვაჩნია, რომ მშვიდობიან დიალოგს ალტერნატივა არა აქვს. „ბოდიშის“ მთავარი მიზანი ქართველ და აფხაზ ხალხს შორის ნდობის აღდგენა
და საინფორმაციო ვაკუუმის გარღვევაა. ჩვენ გვინდა, ყველა დავაფიქროთ ომის
საშინელებასა და იმ შეცდომებზე, რომელიც დავუშვით. როდესაც წყალში კენჭს ჩააგდებ, წრე თავისით იკვრება. ვფიქრობთ, ერთი ასეთი კენჭის როლს „ბოდიშის კამპანიაც“ შეასრულებს“.
ამ სიტყვებით იხსნება კამპანია „ბოდიშის“ ვებ-გვერდი www.apsni.org. ამ თემაზე ბევრი დაიწერა, ბევრი ითქვა, ძირითადად მაინც ინტერნეტ–სივრცეში და საჯარო დისკუსიებში, რადგან წამყვანი მედია (მათ შორის ზოგიერთი ე. წ. დამოუკიდებელი) სისტემატიურად ბლოკავდა ამ თემაზე ინფორმაციის გავრცელებას. მოწინააღმდეგენი კი არათუ კამპანიას, არამედ ამ თემაზე დისკუსიის იდეასაც კი გამოუჩნდნენ. და მაინც, რატომ ვუხდი ბოდიშს აფხაზ ხალხს? მინდა, ეს თემა ცოტა გავშალო, რათა ერთად დავფიქრდეთ იმ შეცდომებზე, რამაც მოგვიყვანა იმ მდგომარეობამდე. ეს შეცდომები ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ გაგვისიგრძეგანებია და კვლავინდებურად ვაგრძელებთ მითების სამყაროში ცხოვრებას. ქართველები - ქართული მითების, აფხაზებიც - ასევე საკუთარი მითების სამყაროში.
არარსებული დიალოგი
დღეს ქართველი ხალხი მოკლებულია შესაძლებლობას, პირდაპირ დაელაპარაკოს აფხაზ ხალხს და პირიქით.
მრავალი წელია, ხელისუფლებაში თუ მის გარეთ არსებული დესტრუქციული ძალები შეგნებულად ატყუებენ ქართულ საზოგადოებას და მიზანმიმართულად არიდებენ თავს პირდაპირ დიალოგს. მოლაპარაკებების პროცესი ხელოვნურადაა ჩაშლილი. ხალხს წლების განმავლობაში უნერგავდნენ და ახლაც უნერგავენ აზრს, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკებები ჩიხშია შესული, კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთი გზა კი ომია. და ეს ხდება მაშინ, როცა სამშვიდობო მოლაპარაკებები, პრაქტიკულად, არც დაწყებულა. წლების განმავლობაში მსგავს პოლიტიკას აწარმოებდა შევარდნაძე, ხოლო ვარდების რევოლუციის შემდეგ, განსაკუთრებით 2005 წლიდან - სააკაშვილი. იგივე აზრს უტრირებას უკეთებდა თითქმის ყველა წამყვანი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალა საქართველოში.
სამწუხაროდ, პოლიტიკოსები მათთვის მინდობილ საქმეს ცუდად ან საერთოდ ვერ აკეთებენ. სწორედ მათი ცუდი მუშაობის შედეგია სიტუაციის უკიდურესი დაძაბვა, საზოგადოება კი, ისევე როგორც წლების წინ, ამ შეცდომებზე საკუთარი სიცოცხლისა და სისხლის ფასად აგებს პასუხს. ბუნებრივია, იბადება კითხვა: რატომ უნდა გახდეს ჩვენი ხალხი პოლიტიკოსთა
ბინძური თამაშების მსხვერპლი?
ქართველი და აფხაზი ხალხების დაკვეთა არის მხოლოდ მშვიდობა და დიალოგი. რატომ არ შეუძლიათ ეს გაითავისონ იმ ძალებმა, ვინც საკუთარ თავს მათი ნების გამომხატველად მიიჩნევს? გარეგნულად, ამას ყველა აღიარებს, მაგრამ რა ხდება სინამდვილეში?
ვის დაკვეთას ასრულებენ პოლიტიკოსები?
პოლიტიკოსები ვალდებულნი არიან, ხალხის დაკვეთა შეასრულონ და ყველაფერი გააკეთონ, რათა ხალხს შესთავაზონ გამოსავალი – გამოსავალი, რომელიც ჩიხიდან გამოგვიყვანს ყველას და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობას ახალ ფაზაში გადაიყვანს. სამწუხაროდ, პოლიტიკოსთა დიდი ნაწილი ყველა მხრიდან ნაკლებად გამოხატავს მოსახლეობის ინტერესებს, თუმცა, მათ მითვისებული აქვთ საკუთარი ხალხის და ქვეყნის სახელით საუბრის უფლება. ხალხის აზრი, როგორც ყოველთვის, იგნორირებულია. ხალხისთვის არავის უკითხავს უნდოდათ თუ არა ომის დაწყება აფხაზეთში 17 წლის წინ. იმ ბანდებს კი, რომლებიც აფხაზეთს, მანამდე კი რამდენჯერმე სამეგრელოს შეესივნენ, ერქვათ საქართველოს შენაერთები და მოქმედებდნენ საქართველოს სახელმწიფოს სახელით. საქართველოს სახელმწიფოს სახელით ხდებოდა არაერთი ინციდენტის პროვოცირება.
საინფორმაციო ვაკუუმი და მედია კონფლიქტის გაღვივებაში
დღეს ჩვენ – ქართველებმა და აფხაზებმა გაცილებით მეტი ვიცით, რა ხდება შორეულ ქვეყნებსა და კონტინენტებზე, ვიდრე ერთმანეთის შესახებ. უკვე წლებია, მიმდინარეობს საინფორმაციო ომი ქართველი და აფხაზი ხალხების წინააღმდეგ. მოსახლეობას მაქსიმალურად გაფილტრული ინფორმაცია მიეწოდება, უმეტეს შემთხვევაში – მხოლოდ დეზინფორმაცია. ყოველდღიურად მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ხდება დაუსრულებელი ტყუილების ტირაჟირება, მიმდინარეობს მტრის ხატის შექმნა და ამას დასასრული არ უჩანს. ხალხი კი, რომელსაც არ გააჩნია ინფორმაციის მიღების ალტერნატიული წყარო, სამწუხაროდ, ამ დეზინფორმაციას იჯერებს. მხოლოდ ერთეულებმა იციან, რომ ტელეეკრანზე გასული სიუჟეტების უმრავლესობა ან საერთოდ მოგონილია, ან მასში მხოლოდ ნაწილია სიმართლე. სასურველია, მოსახლეობა დაფიქრდეს, სანამ კონფლიქტური ზონიდან მოსმენილ ინფორმაციას დაიჯერებს. ჩვენ მხოლოდ მცირე რაოდენობის ინფორმაციის გადამოწმება შევძელით, თუმცა ეს საკმარისია დავრწმუნდეთ, რომ ხელისუფლება წარმატებით ახდენს მცდარი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას, ინფორმაციით მანიპულირებას, არ ერიდება ფაქტების დამახინჯებას და დეზინფორმაციის გავრცელებას, რაც ბუნებრივად აისახება კონფლიქტის ესკალაციაზე. ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობენ ე. წ. ჟურნალისტები, რომლებიც ზოგჯერ არაკვალიფიციურობის გამო ავრცელებენ არაობიექტურ ინფორმაციას, ზოგჯერ კი სრულიად მიზანმიმართულად აყალბებენ სინამდვილეს და ხალხს ხელისუფლების მიერ დაკვეთილი დეზინფორმაციით კვებავენ.
დღეს მთელი ქართულ-აფხაზური პოლიტიკა აწყობილია ურთიერთბრალდებებზე, რომელსაც ხელისუფლება განსაკუთრებით არჩევნების წინ პიარისთვის მიმართავს, ხშირად კი მნიშვნელოვანი მოვლენების გადაფარვის მიზნით. გავიხსენოთ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ხურჩის ინციდენტის ინსპირირება. საგულისხმოა, რომ ამაში საქართველოს ხელისუფლებას არ ეკუთვნის საავტორო უფლება. გასული წლის თებერვალში სომხეთის ხელისუფლებამ იგივე მეთოდი გამოიყენა არჩევნების ფალსიფიკაციის გადაფარვის მიზნით - ყარაბაღის მოსაზღვრე რაიონებში ინტენსიური სროლები მიმდინარეობდა.
სახეზეა კონფრონტაცია, რის შედეგადაც, როგორც ყოველთვის, სწორედ მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებები ირღვევა. მტრის ხატი კიდევ უფრო ძლიერდება, უბრალო, ჩვეულებრივ კრინიმალს, თუკი ის მოხდა კონფლიქტის ზონაში, ენიჭება მსგავსი კლასიფიკაცია – „აფხაზმა კრიმინალებმა“, „აფხაზმა ბანდიტურმა დაჯგუფებამ“, „ოსმა სეპარატისტებმა“ და ა. შ. ჩვენთვის ცნობილია ფაქტებიც, როცა ტელეკამერების წინ მოგონილი, გარკვეული ფრაზის გაჟღერების სანაცვლოდ რა ანაზღაურება მიიღეს რესპოდენტებმა. ანდა როგორ ხდება წალენჯიხის და ზუგდიდის რაიონის სოფლებში გადაღებული კადრების გასაღება გალის რაიონის სოფლების კადრებად.
ალბათ, დადგა დრო, ეჭვის თვალით შევხედოთ იმ ყველა ფაქტს და შეფასებას, რაც კი მოსმენილი გვაქვს ბოლო წლებში. გამოვიჩინოთ ურთიერთპატივისცემა და ყურადღება ერთმანეთის მიმართ. კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ქართველებსა და აფხაზებს აქვთ უფლება, განვითარდნენ და იცხოვრონ მშვიდობიანად. ახსოვს ვინმეს ეს ხალხი? გვახსოვს ის ათეულათასობით ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად ცხოვრობს ამ ატმოსფეროში?
ვინ არიან აფხაზები ქართველებისთვის?
საკითხავია, რამდენად იჩენს ქართული საზოგადოება საკმარის ყურადღებას და პატივისცემას აფხაზი ერის მიმართ? ვართ თუ არა ჩვენ გულწრფელნი, როდესაც ვამბობთ, ვიცხოვროთ აფხაზებთან ერთად, როცა ელემენტარულ ურთიერთგაგებაზე წასვლა გვიჭირს. თუ ჩვენთვის აფხაზი ჩრდილოეთიდან მოსული სტუმარია, რომელიც „ჩვენს წმინდა მიწაზე ცხოვრობს და მადლობელნი უნდა იყოს, რომ საერთოდ ცოცხალია და ჩვენს ჰაერს სუნთქავს“. და რომ აფხაზურ ენაზე ბიბლიის თარგმნა ბევრისთვის, თურმე, დაუშვებელია. და რომ აფხაზი ქართველია და სინამდვილეში არავითარი აფხაზი არ არსებობს. იქნებ, როგორმე გავარკვიოთ, ვინ გადაწვა ომის დროს სოხუმში აფხაზეთის სახელმწიფო არქივი და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი? ვაღიაროთ, რა გავაკეთეთ აფხაზური ენის, აფხაზური კულტურის გადასარჩენად. რამდენი ლარი დავხარჯეთ ამისთვის? რა გავაკეთეთ კონფლიქტის მოსაგვარებლად? რაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ თავდაცვის სამინისტროს 2007 წლის ბიუჯეტია მილიარდ ოთხას ოთხმოცდათოთხმეტი მილიონია, კონფლიქტების მოგვარების დარგში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა კი მხოლოდ 610 000 ლარი (დაახლოებით იგივე იყო სხვა წლებში)? რას ვაკეთებთ, რომ აფხაზეთი იყოს აფხაზური და აფხაზური ენა განვითარდეს?
კონსტიტუციით, აფხაზური ენა სახელმწიფო ენადაა გამოცხადებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. მაგრამ ამ 18 წელიწადში რამდენი წიგნი დაიბეჭდა აფხაზურად თბილისში? იქნებ ჩვენც ჩვენი წვლილი შეგვაქვს აფხაზეთის რუსიფიკაციაში?
რატომ იყურებიან აფხაზები რუსეთისკენ?
კიდევ უფრო შორს აღარ წავალთ, მკითხველისთვის ისედაც გასაგებია, როგორ მუშაობდა საბჭოთა კავშირი და მოგვიანებით რუსეთის ფედერაცია კონფლიქტების გაღვივებისთვის. როგორ მუშაობს იგი დღეს და ვინ ეხმარება მისი სცენარების ამუშავებას ადგილობრივ დონეზე. ამაზე საზოგადოებას ნელ–ნელა უკვე გაცილებით სწორი წარმოდგენა უყალიბდება.
ჯერ კიდევ სრულად არ შეფასებულა საბჭოთა კგბ-ს როლი როგორც ამ პროცესებში, ისე ეროვნულ მოძრაობაში, შეიარაღებულ გადატრიალებაში. რატომ დაიღუპნენ საეჭვო ვითარებაში ის ლიდერები, რომლებიც დიალოგს და პრობლემის მოგვარებას უწყობდნენ ხელს და ვითარდებოდნენ ის ძალები, რომლებიც კიდევ უფრო ართულებდნენ ისედაც რთულ და დაძაბულ მდგომარეობას? მრავალ კითხვაზე პასუხი კვლავ არ არის. უახლესი ისტორია კი საერთოდ არ შეფასებულა. ლუსტრაციის კანონზე მიმდინარე ყველა პროცესი საეჭვოდ გაიყინა, ალბათ – არცთუ ისე შემთხვევით.
იქნებ, ღირს, დავფიქრდეთ, რატომ არიან აფხაზები მზად, რუსეთს სთხოვონ დახმარება – იმ რუსეთს, რომელსაც არაერთხელ სასტიკად ეომა მეცხრამეტე საუკუნეში და რომელმაც აფხაზების დიდი ნაწილი გადაასახლა, ნაწილი კი საერთოდ გაანადგურა. დღეს რუსეთის მხრიდან მე-19 საუკუნეში აფხაზების გენოციდზე არავინ საუბრობს. რატომ? როდესაც ვსაუბრობთ დეპორტირებული თურქი–მესხების უკან დაბრუნებაზე, აღარ გვახსოვს აფხაზი მუჰაჯირები? თუ საზოგადოება და ხელისუფლება ამბობს, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია, მაშინ რატომ არ ვართ თანმიმდევრულები? საქართველოში ვინმეს ახსოვს აფხაზების გენოციდი, რომელიც ყოველწლიურად 31 მაისს აღინიშნება? თუ ეს მართლა სულერთია ჩვენთვის?
აფხაზი მუჰაჯირების და ქართველი დევნილების დაბრუნება აფხაზეთში
ქართველებს და აფხაზებს საუკუნეების განმავლობაში გვქონდა ურთიერთობა. დღეს ჩვენ აფხაზებს არ ვუტოვებთ სხვა გზას, გარდა რუსეთისა. მუჰაჯირების შთამომავლები კვლავ დევნილობაში არიან. ახსოვს ისინი ვინმეს ქართულ საზოგადოებაში? ქართველ პოლიტიკოსებს? რომელ პარტიას ან საზოგადოებრივ ჯგუფს ახსოვს? აღარაფერს ვამბობ თანამდებობის პირებზე ან სახელმწიფო ორგანოებზე. უნდათ მათი პრობლემები გაიგონ და თუნდაც საუბარი დავიწყოთ მათ დაბრუნებაზე? ვართ მზად ამისათვის? ვართ მზად თუნდაც ქართველი დევნილების დაბრუნებისთვის? გვინდა ეს ნამდვილად, თუ ესეც მხოლოდ პოლიტიკური თამაშების და პიარის კომპონენტებია, რომელიც მაშინ წამოიწევს წინ, როცა სადღაც ვიღაცას დასჭირდება? 90–იანი წლების ბოლოს ბევრი გალელი დაბრუნდა უკან აფხაზეთში. ეს ტალღა იმდენად დიდი იყო, რომ საქართველოს ხელისუფლებას რეალურად შეეშინდა ამ პროცესის, რადგან ხელიდან ეცლებოდა ამ პრობლემის მართვის ბერკეტები და დაბრუნების პროცესი კვლავ გაიყინა. იქნებ დღესაც გვირჩევნია, დევნილები ასე გვყავდეს, არჩევნების წინ ხომ ასე ადვილია დაიმედებით და დაპირებებით მნიშვნელოვანი მხარდაჭერის მოპოვება დევნილ ელექტორატში. ახსოვს ვინმეს, თუნდაც ბოდიში მოუხადოს დევნილებს იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა მათი დაცვა?! პირიქით, სწორედ ხელისუფლებამ წლების განმავლობაში დამამცირებელ მდგომარეობაში ჩააყენა ათიათასობით ადამიანი. როდის მოუხდის ბოდიშს ქართული სახელმწიფო აფხაზებს და ქართველ დევნილებს?
მუშაობა ქართველი დევნილებისა და აფხაზი მუჰაჯირების დაბრუნებაზე აფხაზეთში პარალელურად უნდა დაიწყოს. აფხაზების პროცენტული რაოდენობა უნდა გაიზარდოს. დევნილები უნდა დაბრუნდნენ. სხვანაირად აფხაზეთი ევროპისკენ გახედვას ვერ შეძლებს. ესეც რეალობაა ოცდამეერთე საუკუნეში.
რამდენი აფხაზური სიტყვა ვიცით?
ახსოვს ვინმეს თბილისში, ვინ არიან აფხაზები, რამდენმა კაცმა იცის თუნდაც ერთი აფხაზური სიტყვა. სიტყვა „ჰათამზააით“ („ბოდიში“) ძალიან ბევრი ქართველისთვის ერთადერთი ნაცნობი სიტყვაა. გვინდა, მართლა დავალაგოთ ურთიერთობები აფხაზებთან? ვხედავთ რამეში ჩვენს ბრალს, რაც მოხდა და რაც ხდება? თუ ამაში ყველაფერში სეპარატისტები და რუსი ოკუპანტები არიან დამნაშავე? გასაგებია, რუსეთი ვინც არის და რაც სურს. გვინდა, გავიგოთ, რა ინტერესები აქვთ აფხაზებს, რას ფიქრობენ, რა აწუხებთ და რა აღელვებთ? იქნებ რაღაცაში მართლები არიან? იქნებ შევხედოთ აფხაზების თვალით პროცესებს? მაგრამ არა! ასეთ პოლიტიკას ხომ ჩიხში შეჰყავს დიდი ფარსი, რასაც რუსული სცენარი ჰქვია. ამ ფარსის განხორციელებაში საქართველოს ყველა ხელისუფლება მონაწილეობდა ზოგჯერ შეგნებულად, ზოგჯერ შეუგნებლად. ეს პოლიტიკა დიდი ხანია მუშაობს ჩვენს ქვეყანაში, მუშაობს ქართველების და აფხაზების წინააღმდეგ. მუშაობს მთავარი მოქმედი პირებით, ხილული და უხილავი „გმირებით“. ვინ იდგა ან ვინ დგას რეალურად ამ ადამიანების უკან? რომელი დაწესებულება? მათი დიდი ნაწილი კომფორტულად გრძნობს თავს და არც საკუთარ ნამოქმედარზე ფიქრი აწუხებს.
27 სექტემბერი - სოხუმის დაცემის დღე ქართველებისთვის, სოხუმის განთავისუფლების დღე აფხაზებისთვის
ვეკითხებით რომელიმე დედას, უნდა თუ არა კვლავ ძმათამკვლელ ომში გაგზავნოს შვილი? ომში, რომელსაც არ ეყოლება გამარჯვებული, და დამარცხებულნი ვიქნებით ყველა. ომი, რომელიც აფხაზებისთვის იქნება საბოლოო განადგურების ტოლფასი, ქართული სახელმწიფოსთვის კი საბოლოო კრახი. ვიცით თუ არა, რომ 1992-1993 წლების ომში აფხაზების დაახლოებით 5 პროცენტი დაიღუპა? და თუ იგივე კიდევ განმეორდა, ომში გაიმარჯვებს მხოლოდ სხვა, ვინც მოვა და დასახლდება აფხაზების და ქართველთა ნასახლარებზე. ბევრმა აფხაზურმა ოჯახმა დაკარგა ოჯახის წევრი ომში და მათ სურათს ნახავთ აფხაზეთში ყველა ოჯახში. ვინ არიან ეს ადამიანები საქართველოსთვის? ქართველებისთვის? მტერი? ორივე მხარეს საკუთარი გმირი და მტერი ჰყავს. რას იზამდა აფხაზების ადგილას ქართველების უმრავლესობა, მათ სახლში რომ შეიარაღებული ბანდები შევარდნილიყვნენ? აიღებდა იარაღს თუ არა? ვიყოთ გულწრფელნი და გავიგოთ ერთმანეთის. 27 სექტემბერი აფხაზებისთვის სოხუმის განთავისუფლების დღეა, ქართველებისთვის – სოხუმის დაცემის. ამ მენტალიტეტით იზრდებიან ბავშვები ორივე მხარეს. ჭრილობები კი ჯერ კიდევ ღიაა და მოუშუშებელი. საკითხავია, მართლა გვინდა გავუგოთ აფხაზებს? შეიძლება თუ არა ოდესმე ეს დღე აღინიშნოს ერთნაირად?
მილიტარისტული ისტერია
ტელევიზიები ბოლო წლები წალეკა ომის პროპაგანდამ, ომისადმი მოწოდებამ. იხარჯება ათასობით ლარი პროპაგანდისტულ კლიპებში, „გამარჯობა, აფხაზეთო, შენი“ აფხაზების გარეშე, თითქოს ცარიელ სოხუმში ჩასვლაზე დასასწრებად ერთმანეთს ეცილებიან „პატრიოტი“ მომღერლები (რა თქმა უნდა, პრეზიდენტის გამოსვლის გარეშე ხომ სიმღერაც არ იქნება?!). 50000–ლარიანი უგემოვნო მილიტარისტული ისტერია ფსოუს წყალზე. გვახსოვს ასევე თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებით ფაშისტური პროპაგანდა ტელეკომპანია „საქართველოს“ ეთერით - 2008 წლის ზაფხულში ჰიტლერის ციტატებით გაჯერებული გადაცემები („ერთხელ და საბოლოოდ უნდა შევიგნოთ, რომ დაკარგულ ტერიტორიებს ვერასდროს დავიბრუნებთ ვერც ფორმალობად ქცეული ლოცვით და ვერც ერთა ლიგის იმედით, არამედ მხოლოდ იარაღის ძალით. ჰიტლერი, 1932“)... და ეს ყველაფერი ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადებიდან ფინანსდებოდა.
რაც დავიჭირეთ ხელში ამ მილიტარისტული პოლიტიკით, ეს ყველასთვის ცხადია და აღარ გავაგრძელებ. სამწუხაროდ, შეცდომებზე სწავლა არ გვინდა. კვლავ იგივე წყალში შევდივართ. ხელისუფლება იგივე პოლიტიკას აგრძელებს. საზოგადოების უდიდეს ნაწილსაც იგივე განწყობები აქვს. მას უნდა იგივე, ოღონდ უკვე სხვა ლიდერის, სხვა პოლიტიკური გუნდის მეშვეობით.
ვის უნდა ომი?
ომისკენ მოუწოდებს ის, ვინც არ იცის, რა არის ომი და ვერ გეტყვის, ვის უნდა ვეომოთ და რატომ. რატომ უნდა დავუჯეროთ და ავყვეთ პროვოკაციაზე სხვა ძალას, რომელიც ქართველებსაც და აფხაზებსაც ადრეც გვამარაგებდა იარაღით, რათა ჩვენ ერთმანეთი დაგვეხოცა. და ახლაც უხვად გვამარაგებენ იარაღით დღესაც. მთავარია, ჩვენ ერთმანეთი დავხოცოთ. დამატებით მილიარდობით მოგებაც განაღდებულია იარაღის ვაჭრობით, რის ცდუნებასაც ვერც რუსი და ვერც ქართველი ხელისუფალნი ვერ უძლებენ.
ჩვენ შეგვაჩვიეს ტელეეკრანებიდან სიცრუის მოსმენას ერთმანეთის შესახებ, ჩვენ შეგვაჩვიეს, რომ უნდა ვცხოვრობდეთ მუდმივი დაძაბულობის, შიშის და ტერორის ქვეშ. ჩვენ შეგვაჩვიეს ტერორისტულ აქტებს და სპექტაკლებს კონფლიქტის ზონაში. ჩვენ შეგვაჩვიეს მდგომარეობას, რომელიც არც ომია და არც მშვიდობა.
29 ივლ. '10 ...უკან
|