|
გოგი თოფაძე: „უნდა ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები და მოვიბოდიშოთ“
სალომე აჩბა
კვიპროსში აფხაზი, ოსი და ქართველი ბიზნესმენების შეხვედრა ქართულმა მედიამ ძირითადად ამ შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის, გოგი თოფაძის ინტერვიუებით გააშუქა. ეს ლოგიკურიცაა, რადგან სხვა ბიზნესმენებმა გადაწყვიტეს, ამ შეხვედრაზე არაფერი თქვან. Humanrights.ge-სთან საუბრისას გოგი თოფაძე ვერ ხსნის, რატომ გადაწყვიტეს მისმა კოლეგებმა, არ ისაუბრონ კვიპროსულ შეხვედრაზე.
27 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო განგაშმა“ მოაწყო აფხაზი, ოსი და ქართველი ბიზნესმენების შეხვედრა. ორგანიზაცია კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზე მუშაობს და ცდილობს, კონფლიქტის მხარეები ბიზნესის სფეროში ჩართოს. კვიპროსის შეხვედრაზეც აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთის რეგიონთან ბიზნეს და ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე ქართველი ბიზნესმენი გოგი თოფაძე humanrights.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ასეთი არაპოლიტიკური შეხვედრები მხარეებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია.
- ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ შერიგების, ჭრილობების მოშუშების პროცესი. აშკარაა, რომ კონფლიქტის მხარეები დაგეგმილ პროვოკაციას წამოვეგეთ და პოლიტიკური ამბიციების მსხვერპლი გავხდით. ამ პროვოკაციაზე წამოგებამ კი დიდ ტრაგედიამდე მიგვიყვანა. მე როგორც ვიცი, რამდენიმე შეხვედრა აფხაზებთან და ოსებთან უცხოეთში ადრეც გაიმართა და ეს შეხვედრები დიალოგამდე ვერაფრით მიდიოდა, რადგანაც ორივე მხარე კატეგორიულობით გამოირჩეოდა - აფხაზები მოითხოვდნენ მათთან, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის წარმომადგენლებთან, ისე გვესაუბრა, ქართული მხარე კი ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო.
კვიპროსის შეხვედრა იმით იყო საინტერესო, რომ ვეცადეთ პოლიტიკის გვერდის ავლით გვესაუბრა ერთმანეთთან. თავიდან საკმაოდ აგრესიულად დაგვხდნენ ოსები და აფხაზები. ამ მხრივ, განსაკუთრებით, რატომღაც, ქართული გვარის მქონენი გამოირჩეოდნენ. ჩვენ ვუთხარით: „ეს არ არის პოლიტიკური შეხვედრა, ორივე მხარეს გვაქვს ვალდებულება მომავალი თაობების წინაშე და მოდით, დავიწოთ ერთმანეთთან დიალოგი“. შევთანხმდით, რომ ქართველმა არ უნდა შექმნას აფხაზისგან მტრის ხატი და პირიქით - აფხაზმა ქართველის მტრის ხატი. მტრის ხატების არსებობა მუდამ შექმნის პრობლემას. შეიძლება, ამან ტრაგედიებიც კი დაატრიალოს. ამიტომ ჩვენი თაობა ვალდებულია, რამენაირად ეს მტრის ხატები მოსპოს.
მე ვუთხრი აფხაზებს, რომ ენგურსგადმოღმა ძალიან ბევრი აფხაზია, რომლებსაც უნდათ აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლა, რადგან იქ უამრავი ნათესავი ჰყავს. კონკრეტული გვარებიც კი დავუსახელე ასეთი აფხაზების. ასევე ბევრი ეთნიკური ქართველია აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომელსაც აქეთ ჰყავს ნათესაობა და ჩამოსვლა უნდა, მაგრამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ამას ვერ ახერხებენ. მე შევთავაზე, ამ ხალხისთვის მიგვეცა თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა და დაგვეწყო ამაზე მუშაობა.
ჩვენ აფხაზებს პირდაპირ ვუთხარით - ახლა არც თქვენა ხართ თქვენი ქვეყნის ბატონ-პატრონი და არც ჩვენ - თქვენ ჩრდილო მეზობლის დირექტივებით იმართებით, ჩვენ კი ოკეანგაღმელი მეგობრების რჩევებს მივყვებით. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე , უნდა ვეცადოთ, დავიწყოთ ერთმანეთთან ურთიერთობა. უნდა ითქვას, რომ საკმაოდ კარგად მიიღეს ჩემი ინიციატივები.
რაც შეეხება ბიზნესს და ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენას, მათ გვითხრეს, რომ საკურორტო სეზონის დროს მომარაგების პრობლემა აქვთ. მე ვუთხარი, რომ ჩვენ მოვამარაგებდით და მოვუგვარებდით ამ პრობლემას. ასევე შევთავაზეთ ერთობლივი წარმოებების დაწყება - იქ წარმოებული საქონლის აქ რეალიზაცია, და პირიქით. გარდა ამისა, ვისაუბრეთ კონფლიქტურ რეგიონებში საქველმოქმედო აქციების ჩატარების პერსპექტივებზე - ჩვენმა მხარემ ამის მზაობა გამოხატა.
-ეს ყველაფერი პოლიტიკური ნების გარეშე როგორ გაკეთდება? როგორ ფიქრობთ, წამოვა ამ ყველაფერზე როგორც აფხაზეთისა და ოსეთის დე ფაქტო, ისე საქართველოს ხელისუფლება?
- ესაა ამ საკითხის პოლიტიკური ასპექტი. ჩვენ, უბრალოდ, მოვამზადებთ ნიადაგს, რათა აღდგეს ასეთი ეკონომიკური ურთიერთობები და წამოვლენ თუ არა ხელისუფლებები ამაზე, ეს უკვე მოლაპარაკების საგანია. მთავარია, ჩვენ საფუძველი მოვამზადოთ ამისთვის. ქართულმა მხარემ მათ იმ საკითხების თავიანთი მთავრობების წინაშე დაყენებაც სთხოვა, რაზეც შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრეთ. რასაკვირველია, გვქონდა საუბარი იმაზეც, თუ რა იურიდიულ ჩარჩოებში უნდა აღდგეს ბიზნესურთერთობები. თუმცა, მე ვუთხარი მათ, რომ ჯერ მოვილაპარაკოთ, რისი გაკეთება გვინდა და შეგვიძლია და მერე ვეძებოთ გზები, როგორ გავაკეთოთ და რა სამართლებრივ ჩარჩოებში ჩავსვათ ეს ყოველივე-მეთქი.
- კონკრეტულად, ვინ ესწრებოდა ამ შეხვედრას?
- ვინ ესწრებოდა მაგაზე ინფორმაციას ვერ მოგცემთ. მთხოვეს, რომ არ გამეხმაურებინა. აქედან ჩასულებს შესაძლოა, ობსტრუქციაც მოგვიწყონო, განაცხადეს აფხაზმა და ოსმა ბიზნესმენებმა. არავისთვისაა ახალი, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არსებობს ადამიანთა რადიკალურად განწყობილი ჯგუფი, რომელიც ქართველებთან ყოველგვარი დიალოგის შესაძლებლობას გამორიცხავს.
- ოსი და აფხაზი ბიზნესმენების თხოვნა, ანონიმურად დარჩენაზე გასაგებია, მაგრამ ქართველმა ბიზნესმენებმა რატომღა გადაწყვიტეს, არ გაეხმაურებინათ მათი კვიპროსის შეხვედრაში მონაწილეობის შესახებ? მათ რისი შეეშინდათ?
- მეც ძალიან გამიკვირდა, ქართველმა ბიზნემენებმა ანონიმურობის დაცვა რომ გადაწყვიტეს. რამდენიმეს დავუკავშირდი და ვთხოვე, ერთად გვესაუბრა საჯაროდ იმ საკითხებზე, რაც კვიპროსის შეხვედრაზე განვიხილეთ. თუმცა, მათ თავი შეიკავეს. ეს მათი ნებაა და ამ ეტაპზე არ ღირს ამის ანალიზი.
- როგორ ფიქრობთ, შექმნილ სიტუაციაში რას მოგვიტანს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ეკონომიკური და ბიზნესურთიერთობის აღდგენა?
- კონფლიქტის დარეგულირების საქმეში ეკონომიკური და ბიზნესურთიერთობების აღდგენა უდიდეს როლს შეასრულებს. კომერცია, ეკონომიკა ყოველთვის აახლოებს ხალხებს. აქ უკვე ადამიანთა ინტერესები და კეთილდღეობის საკითხი ეხლართება ერთმანეთს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მაგალითი, თუ რა დადებითი შედეგი მოგვცა კონფლიქტურ რეგიონში ბიზნესის წარმოებამ - 90-იანი წლების ბოლოს სამხრეთ ოსეთში ჩვენმა კომპანიამ გარკვეული ინვესტიციები განახორციელა. ცხინვალის ცენტრში გავხსენით ქართული რესტორანი, ავაშენეთ სასტუმრო, აღვადგინეთ ქარხანა. ამან მაშინვე მოგვცა შედეგი: ცხინვალში გაჩნდა პირველი ქართული წარწერები. იმ პერიოდში ყოველგვარი პრობლემის გარეშე ვურთიერთობდით სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობასთან და მოსახლეობასთან, თავისუფლად ჩავდიოდით იქ და ისინიც ჩამოდიოდნენ ჩვენთან. რითიც შეგვეძლო, ვეხმარებოდით. სამხრეთ ოსეთში ჩვენი კომპანიის ინიციატივას ძალიან დიდი როლის შესრულება შეეძლო კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების კუთხით, რომ არა ისევ ჩვენი მთავრობის გაუაზრებელი ქმედებები.
ვფიქრობ, თუ ახლაც დავიწყებთ ამ კუთხით გარკვეული ნაბიჯების გადადგმას, ეს დიდ ეფექტს მოგვცემს. ეკონომიკური სიძლიერე და კეთილდღეობა ბევრ საკითხს წყვეტს, მათ შორის - პოლიტიკურ პრობლემებსაც.
- დღეს, ენგურსგამოღმა ბევრი სკეპტიკურადაა განწყობილი საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართ. თქვენ რა პრესპექტივებს ხედავთ ამ კუთხით?
- რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო რთული იქნება ამ კონფლიქტების მოგვარება. აუცილებელია, დაუყოვნებლივ გადავდგათ ნაბიჯები კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარიებისკენ. ხისტი პოლიტიკა სასიკეთოს არაფერს მოგვიტანს. უნდა ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები და მოვიბოდიშოთ. ამ ომებს სხვა ქვეყანა ამზადებდა და ჩვენ პროვოკაციაზე წამოვეგეთ. ორივე მხარე მახეში გავებით. ამ კონფლიქტში კი, პირველ რიგში ჩვენი ხელისუფლებები არიან დამნაშავეები. ამ ომის ერთ-ერთი მთავარი აქტორი - შევარდნაძე კვლავ მშვიდად და თავისუფლად ცხოვრობს თავის საპრეზიდენტო რეზიდენციაში და პასუხს არავინ სთხოვს იმის გამო, რაც ჩაიდინა. ასეთი რამეების გამო მობოდიშება გვმართებს. ორივე მხრიდან იყო შეცდომები დაშვებული და ამაზე აღარავინ დავობს. შეცდომების აღიარება კი ვფიქრობ, სიტუაციას და ურთიერთობებს დაათბობს.
18 მარ. '11 ...უკან
|