თავფურცელი მიმართვა ახალი ამბები საქმიანობები ჩვენს შესახებ კულტურა
  F9c ქარ Рус Eng

'არ არსებობს გზა მშვიდობისკენ, მშვიდობა თვითონაა გზა' - მიმართვა ქართველი ხალხისადმი


  შემოგვიერთდით  

მოაწერეთ ხელი მიმართვას
ხელმოწერების ნახვა (158)
     

     
  ეთანხმებით თუ არა ბოდიშის კამპანიას?
დიახ
არა
შედეგები | არქივი
 
     

Forum


 
„სინანულის სანაპირო“
„სინანულის სანაპირო“
 

 ბელა ჩეკურიშვილი, „24 საათი, რევიუ“


 ფილმს, რომელიც რეჟისორმა ნიკო წულაძემ ევროპული ფონდის „თავისუფალ ხელოვანთა კავშირისა“ და საქართველოს კინოცენტრის თანადაფინანსებით გადაიღო, „სინანულის სანაპირო“ ჰქვია და დევნილობაში მყოფ იმ აფხაზებზე მოგვითხრობს, ვინც სხვადასხვა დროს შავი ზღვის სანაპიროდან აყარეს და თურქეთში გადაასახლეს.

ეს ამბავი 1864 წელს დაიწყო, როდესაც რუსეთის იმპერიის ინტერესებში არა მხოლოდ კავკასიაში შემოსვლა, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე გაბატონებაც შედიოდა. ამისათვის კი კრასნოდარის მხარიდან მოყოლებული, ადგილობრივი ტომების - ჯიქების, უბიხების, აფხაზებისა და აჭარლების გადასახლება დაიწყეს. დარჩენილთა მიმართ კი მკაცრი ეკონომიკური რეფორმები გაატარეს _ ჩამოართვეს ქონება და მიწები და მორჩილების ხელწერილებს აწერინებ დნენ. არქივებში შემორჩენილია ამ ფაქტების ამსახველი უამრავი დოკუმენტი რუსეთის გენერლებისა და ჩინოვნიკების პატაკების სახით, სადაც წვრილად არის მითითებული რამდენი გადაასახლეს, ხოლო რამდენს ქონება ჩამოერთვა.
1867 წელს აფხაზეთში აჯანყება მოხდა, რომელიც რასაკვირველია, დამარცხდა და რომლის შედეგად კიდევ უფრო გამძაფრდა რეპრესიები. ათ წელიწადში შავი ზღვის სანაპირო ზოლი მთლიანად გაწმინდეს ადგილობრივი მოსახლეობისაგან. უბიხები, როგორც ეთნოსი, დღეს აღარ არსებობს - ერთიანად ამოხოცეს,  რამდენიმე გადარჩენილი კი გადაასახლეს. თურქეთში მცხოვრები აფხაზები დღესაც იხსენებენ უკანასკნელი უბიხის ნათქვამს: სიზმარი ვნახე უბიხურ ენაზე და ვის მოვუყვე, არ ვიციო... 
 
უამრავი ადამიანი გადასახლებისას იღუპებოდა, განსაკუთრებით - ქალები, რომელთაც პირდაპირ ყრიდნენ ზღვაში. როგორც ფილმის რეჟისორი ნიკო წულაძე ამბობს, თურქეთში მცხოვრები აფხაზები დღემდე თევზს არ ჭამენ, ესენი ჩვენი ნენეის ხორცითაა ნაკვებიო... რუსი ჩინოვნიკების ჩანაწერებში აღწერილია, როგორ იღუპებოდნენ ისინი ავადმყოფობით და შიმშილით.
ოფიციალური მონაცემებით, გადასახლება ეტაპობრივად მიმდინარეობდა და  სულ 120 000-მა აფხაზმა დატოვა საკუთარი ქვეყანა. მაშინდელი პრესის ფურცლებზე ტირილით ამბობდა ნიკო მარი: ვერ იცნობთ აფხაზეთს, მთლიანად დაცლილია ხალხისგანო.
დაცარიელებულ სოფლებში რუსეთის იმპერია კაზაკებს, მალაკნებსა და დუხაბორებს ასახლებდა, რომლებიც ადგილობრივ ჰავას ვერ იტანდნენ და მალარიისგან იხოცებოდნენ. მაშინდელ დოკუმენტებში ისიცაა ნათქვამი, რამდენიც არ უნდა მოკვდეს, მაინც ჩამოვასახლებთო. ეს პროცესი თითქმის საუკუნის მანძილზე გრძელდებობდა. 
 
ამჟამად თურქეთში 100-ზე მეტი ქართულ-აფხაზური სოფელია, სადაც უკვე საუკუნეზე მეტია, ცხოვრობენ ოჯახები, რომელთა წინაპრები რუსული იმპერიის პოლიტიკის მხვერპლად იქცნენ.

ნიკო წულაძე, რეჟისორი: „ეს ფილმი იქნება საუკუნეობრივი ბრალდება რუსეთის იმპერიის მიმართ, რომელმაც ამ ხალხს გენოციდი მოუწყო და იქნება ასევე მესიჯი ქართულ-აფხაზური ურთიერთიობების მოგვარებისათვის. ვფიქრობ, უკვე მივედით იმ კონდიციამდე, როცა ვაცნობიერებთ, რომ ეს საკითხი მხოლოდ პოლიტიკოსების საქმე აღარ არის. ჩვენ ერთ არეალში მცხოვრები ხალხი ვართ და მეგობრობის ნათელ მაგალითს თურქეთში გადასახლებული ქართველი და აფხაზური ოჯახები გვაძლევენ _ როგორ მეგობრობენ, ნათესაობენ, ქორწინდებიან და უყვართ ერთმანეთი. მათი სოფლები ტიპიური ქართული სოფლებია წიქვილით, ურთიერთობებით, რასაც ქართული ყოფა ჰქვია.
ყველაზე დიდი პრობლემა, რაც რუსეთმა ამ ხალხს დამართა, ისაა, რომ შეუცვალა გვარი, სახელი, რჯული, წარმომავლობა და რომ არა მათი ერთად დგომა, რაც აკავშირებდათ გადასახლებულ აფხაზებს, მეგრელებსა და აჭარლებს, ვერ შინარჩუნებდნენ ვერც ენას და ვერც ტრადიციებს. აფხაზებს დღემდე აქვთ შენარჩუნებული ენა და აფხაზურსაც დღემდე ცეკვავენ. ფილმში აფხაზური ქორწილიც გადავიღეთ, სადაც ეს ყველაფერი კარგად ჩანს“.  
რეჟისორი შეეცადა, ფილმში პარალელები გაევლო და ის პოლიტიკური ხელწერა ეჩვენებინა, რაც რუსეთს არ შეუცვლია აფხაზეთის მიმართ 1864 წლიდან დღემდე. ნიკო წულაძის თქმით, ფილმი „სინანულის სანაპირო“ პირველ რიგში განკუთვნილია ემოგრაციაში მცხოვრები აფზახური დიასპორისათვის და ზოგადად ემიგრანტებისათვის. ევროპაში ბევრს აწუხებს „ფესვების პრობლემა“.
ფილმში მაყურებელი ნახავს რუსულ დოკუმენტებს, სადაც არის მთელი სიები იმ გვარებებისა, რომელიც აღარ არსებობს ბუნებაში. ტოპონიმიკა შეუცვალეს სოფლებსაც.
რეჟისორის თქმით, საზღვარგარეთ მცხოვრები განათლებული აფხაზები დღეს რეალურად ხვდებიან, რას აპირებს რუსეთი აფხაზეთში. ისინი კარგად აცნობიერებენ, რომ რუსეთი საბოლოოდ აპირებს ამ ხალხის გადაყლაპვას. აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა ცდილობს, დააბრუნოს ისინი უკან. სურთ, უცხოეთში მცხოვრები აფხაზი ბიზნესმენები დააინტერესეონ, მაგრამ მათ უნდობლობა აქვთ რუსეთის მიმართ. ამიტომ რჩება მეორე გზა _ აფხაზებსა   და ქართველებს შორის გულწრფელი და გულახდილი დიალოგის დაწყება არასამთავრობო სექტორის დახმარებით იქნება ეს, სახალხო დიპლომატიით, საკლუბო შეკრებებით თუ სხვა. ამიტომ ჰქვია ფილმს „სინანულის სანაპირო“, რომ გულწრფელი სინანული გამოვხატოთ მომხდარის მიმართ.
 
რეჟისორის თქმით, აფხაზეთი ერთად უნდა გადაარჩინონ აფხაზებმა და ქართველებმა. აღარ შეიძლება იმის გარედან ყურება, რუსეთი როგორ გაიდგამს იქ ფესვს. ეს დიალოგი ყველა დონეზეა ჩასატარებელი. საზღვარგარეთ მყოფი აფხაზები ამისათვის მზად არიან. ფილმში გადაღებულია თურქეთში მცხოვრები აფხაზები, რომლებიც პირდაპირ ეუბნებიან თავიანთ თანამოძმებს, არ აყვნენ რუსეთის პროვოკაციას.
ნიკო წულაძეს გადაწყეტილი აქვს, ფილმის საკლუბო ჩვენებები მოსკოვშიც გამართოს, სადაც ძალიან ბევრს მართლა აინტერესებს, გაერკვეს, რა ხდება სინამდვილეში. „ფილმში ერთ სიტყვას არ ვამბობ ზედმეტს და გამოგონილს. ხელმოწერილ, ბეჭდიან დოკუმენტებს ვაჩვენებ მეფისდროინდელი არქივებიდან“, - ამბობს რეჟისორი. 
ნიკო წულაძე აფხაზეთშია გაზრდილი და ძალიან კარგად იცნობს ამ ხალხს. როგორც გვითხრა, გუდაუთაში იყო მაშინაც, როცა 90-იან წლებში კონფლიქტი დაიწყო და ხალხის განწყობაც ზუსტად იცოდა.
ნიკო წულაძე: „რაც შემეძლო, ყველას ახსნა-განმარტებას ვუტარებდი და მენდობოდნენ, როგორც შინაურს, მაგრამ არის მეორე რაღაც, რაც მაშინაც, დღესაც და ხვალაც გვჭირდება აფხაზებთანაც და ოსებთანაც. ესაა თანმიმდევრული დამოკიდებულება. როცა მე-20 საუკუნის დასაწყისში ქართული სახელმწიფო ყალიბდებოდა, ეს ხდებოდა ამ რეგიონისაგან იზოლირებულად და მათ შერჩათ კომპლექსი, რომ ვიღაც ჩაგრავთ. მართალია, ეს პოლიტიკა რუსეთის მხრიდან ხორცილდებოდა, მაგრამ ქართველის ხელით ხდებოდა და როცა უბრალო აფხაზს პრობლემა ექმნებოდა, მას კომუნისტურ მმართველობას კი არ აბრალებდა, არამედ ქართველს. მაშინ ჩვენ ამაზე არ გვიფიქრია.
მერე რაც მოხდა, ყველას თავისი აზრი აქვს. შევარდნაძეს ნამდვილად არ აწყობდა ამდენი შეიარაღებული ხალხი დედაქალაქში. ჯერ სამეგრელოში ჩაატარა ეგზეკუცია, შემდეგ შეუსია აფზახეთს. ეს ომი მხოლოდ რუსეთის პრობლემა არ იყო, მაგრამ ჩვენი პრობლემა იყო ის, რომ ვერც ქართველები და ვერც აფზახები ამ სტრატეგიას ვერ ვაანალიზებდით და სპონტანური რეაქციები გვქონდა.
დღეს აფხაზური დიასპორა არსებობს თურქეთში, ბულგარეთში, საბერძნეთსა და ჰოლანდიაში. ემიგრაციაში ძირითადად განათლებული ადამიანები წავიდნენ, დარჩა ის უმცირესობა, რომელიც მიწას ვერ მოშორდა და მთელი ეს წლები მათი ზომბირება ხდება.
ჩემი ორიენტირი არის იმ ადამიანებზე, ვინც ნახა ის უბედურება და მიეცათ დრო დაფიქრებისათვის. ვინც საზღვარგარეთ ნახა, რა არის სახელმწიფო, რაზეა დაფუძნებული, რა პოლიტიკური და კულტურული შესაძლებლობები აქვთ ეროვნულ უმცირესობებს და რაც მთავარია, ჩამოუყალიბდათ მოქალაქეობრივი აზროვნება. ამ ადამიანებს როცა ვხვდები, ვხედავ, რომ სულ აქვთ მოლოდინი, რამდენად გულწრფელია შენი პოზიცია და რამდენად მზად ხარ მომავალი ურთიერთობისთვის“.  
 
ევროპის ისტორიაში უამრავი ერი იყო წაკიდებული სამკვრდო-სასიცოცხლოდ, მაგრამ საბედნიეროდ, ყველა ერში აღმოჩნდა პროგრესული ნაწილი. მე-19 საუკუნეში, როცა ჩვენი ინტელიგენცია პრესის ფურცლებზე ეხმაურებოდა აფხაზთა დევნას, მათ არავითარი ბერკეტები არ გააჩნდათ ამ პროცესის შესაჩერებლად. დღეს შეიძლება, აფხაზებმა და ქართველებმა ერთად შეეცადონ, ეს კუთხე რუსეთის სამხედრო პოლიგონად არ გადაიქცეს. ყოველ შემთხვევაში, ნიკო წულაძის ფილმის მიზანი იმ დადებითი მუხტის პროვოცირებაა, რაც ჩვენს ხალხებს სადღაც გულის სიღრმეში კიდევ შერჩენია. რამდენად ემოციური შეიძლება იყოს დოკუმენტური კინო და რამდენად შეუძლია მას მაყურებელზე ზემოქმედება, ამას ფილმის პრემიერაზე შევაფასებთ.

15 თებ. '10

...უკან