თავფურცელი მიმართვა ახალი ამბები საქმიანობები ჩვენს შესახებ კულტურა
  F9c ქარ Рус Eng

'არ არსებობს გზა მშვიდობისკენ, მშვიდობა თვითონაა გზა' - მიმართვა ქართველი ხალხისადმი


  შემოგვიერთდით  

მოაწერეთ ხელი მიმართვას
ხელმოწერების ნახვა (158)
     

     
  ეთანხმებით თუ არა ბოდიშის კამპანიას?
დიახ
არა
შედეგები | არქივი
 
     

Forum


 
პურზე ჩასული კაცი სახლში სამი წლის მერე დაბრუნდა - გადაბირების მეთოდები შინაგან საქმეთა სამინისტროში


თეა თოფურია

 საქართველოს ოსთა ასოციაციის წევრი გიორგი ხეთაგური  სამი წელი დაკარგული იყო. იგი 2006 წლის 29 ოქტომბერს ისე დააპატიმრეს თბილისში, რომ არავისთვის შეუტყობინებიათ. საზოგადოებამ სრული ინფორმაცია მას შემდეგ მიიღო, რაც სასჯელი მოიხადა. ნარკოტიკების შეძენა–მოხმარებაში ბრალდებული ხეთაგური ამბობს, რომ ციხეში პოლიტიკური მიზეზების გამო აღმოჩნდა, შსს სურდა, ის  ინფორმატორობაზე და ოსური მხარიდან ინფორმაციის მოწოდებაზე დაერთანხმებინა.

55 წლის გიორგი ხეთაგური არასამთავრობო ორგანიზაციის (საქართველოს ოსთა ასოციაცია) წევრი იყო. ორგანიზაცია 1999 წლიდან მუშაობს საქართველოში და ქართველებსა და ოსებს შორის „ჩატეხილი ხიდის“ აღდგენას ემსახურება. ხეთაგურის თქმით, ერთ დღეს (2006 წ.) ასოციაციის ხელმძღვანელს თენგიზ გაგლოევს შინაგან საქმეთა სამინისტროში შესთავაზეს, მას და ხეთაგურს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევნებისას, ერთ-ერთი კანდიდატის, დიმიტრი სანაკოევის სასარგებლოდ ემუშავათ და დახმარებოდნენ წინასაარჩევნო კამპანიისას. თუ ამ შეთავაზებას არ დათანხმდებოდნენ, მათ მოღვაწეობას საფრთხე შეექმნებოდა.

გიორგი ხეთაგური:,,ორჯერ დაგვიბარეს, ორჯერვე თენგიზი წავიდა და უკან ძალიან დათგრუნული დაბრუნდა. ასოციაციის ყოფნა-არყოფნის საკითხი იდგა. გვემუქებოდნენ, ან ჩვენზე იმუშავეთ ან საერთოდ ვერ იმუშავებთო. რა გვექნა და, ჩვენც დავთანხმდით.

შსს-ს სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელი, ვინმე სუხიტაშვილი გვაკითხავდა ხოლმე. ჩაგვსხამდა მანქანაში და ჩაგვიყვანდა ერედვში.  იქ ვიღაცის სახლში ჰქონდათ შტაბი მოწყობილი. მე იურისტი ვარ და საარჩევნო დოკუმენტაცია მებარა.

ასე გაგრძელდა კარგა ხანს. ოსი ნათესავები მყავს და მათაც ვაკითხავდი ხოლმე. ერთხელაც, 29 ოქტომბერს (2006 წ.) ერგნეთში რომ გადმოვდიოდი, საზღვარზე გამაჩერეს. ათიოდე კაცი ვიყავით, ნარკოტიკებებთან ბრძოლის განყოფილება ვართო. ყველა დანარჩენი გაუშვეს, მე კი სადღაც ოთახში წამიყვანეს და თავიდან ფეხებამდე გამჩხრიკეს. ვითომ ნარკოტიკებს ეძებდნენ, არადა ყველაზე მეტად ჩემმა ბლოკნოტმა დააინტერესათ. თუმცა, იმ დღესვე გამომიშვეს“.

ხეთაგური დიდი ხნით არ გაუთავისუფლებიათ - იმავე დღეს, თბილისში ჩამოსული, პროდუქტების საყიდლად ლ. ასათიანის 35-ში მდებარე მაღაზიაში შევიდა. პური, ძეხვი და ლიმონათი შეიძინა. ქუჩაში გამოსულს წინ მანქანა გადაუდგა, როგორც თავად ამბობს, სთხოვეს გაყოლოდა.

ის რაც შემდეგ მოხდა  სისხლის სამართლის საქმეში შემდეგნაირადაა ასახული: „2006 წლის 29 ოქტომბერს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორს, გენერალ-მაიორ შ. ჟღენტის სახელზე შევიდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ ხეთაგური ხშირად გადაადგილდება ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, სადაც იძენს ნარკოტიკულ ნივთიერებებს და რეალიზაციისთვის თბილისში ჩამოაქვს. იმავე დღეს დაიწყო წინასწარი გამოძიება. ხეთაგური პურის მაღაზიასთან დააკავეს, ჩხრეკა ჩაუტარეს და ჯიბიდან ერთი აბი სუბოტექსი ამოუღეს.“

რადიკალურად განსხვავდება თავად ხეთაგურის მონათხრობი. მისი თქმით, მაღაზიასთან ის არც დაუკავებიათ და არც გაუჩხრეკიათ. უბრალოდ, მანქანაში ჩასვეს და უშიშროების სამინისტროში მიიყვანეს.

გიორგი ხეთაგური:,,ასე პურიან–ძეხვიანად შემიყვანეს კაბინეტში. იქ ვიღაც გენერალი დამხვდა. გვარი ზუსტად არ მახსოვს, მგონი ჟღენტი. მამიდაშვილთან რატომ იყავიო, მკითხა. გამიკვირდა, საიდან უნდა ცოდნოდათ, ვისთან ვიყავი. ჩემი მამიდაშვილი, აღსარ კოჩიევი სამხრეთ ოსეთის პროკურორი იყო, ახლა კოკოითის ოპოზიციაშია. მამიდაშვილს საარჩევნო პროცესზე საიდუმლო ინფორმაცია მიაწოდეო. მე ვუთხარი, რა საიდუმლო ვიცოდი მე, რა უნდა მეთქვა იმისთანა, მაგათ რომ არ იციან-მეთქი“.

ხეთაგურის თქმით, შსს-ში მას თანამშრომლობა, კერძოდ, აგენტობა შესთავაზეს. ოსური მხარიდან ინფორმაცია უნდა მოეპოვებინა, სანაცვლოდ, ასოციაციაში არსებული პროექტების დაფინანსებასა და ასოციაციის პრეზიდენტის ადგილსაც დაჰპირდნენ.

გიორგი ხეთაგური:,,ასე მითხრეს, ჩვენ შენისთანა კაცი გვჭირდება, ყველას რომ იცნობს, ყველასთან მიესვლება... თუ იმუშავებ ჩვენზე, იმ ბებრუხანას (თენგიზ გაგლოევს) მოვაშორებთ და შენ იქნები ასოციაციის პრეზიდენტი, პროექტებსაც დაგიფინანსებთ. თუ არა და, ინანებო. მოსაფიქრებლად დრო მომცეს. ცოტა ხნის მერე გენერალმა ისევ მომაკითხა. მაგიდას დაეყრდნო და მკითხა: ,,მოიფიქრე?“ მე ვუპასუხე, რა უნდა მომეფიქრებინა-მეთქი. ორჯერ გამარტყა ხელი და გარეთ გავიდა. ამავე დროს ოთახში ათი კაცი შემოვარდა. ყველამ ერთბაშად დამიწყო ცემა. ძირითადად თავში მირტყამდნენ. ერთმა შუშის მძიმე საფერფლე მესროლა. მადლობა ღმერთს, ამცდა. ერთმა სკამი ჩამცხო მკლავში. ორი თვე მტკიოდა ხელი. მერე მანქანაში ჩამსვევს და ნარკოლოგიურში წამიყვანეს“.

ანალიზის აღების შედეგად ხეთაგურის ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერება არ დაფიქსირდა. მოგზაურობა ამით არ დამთავრებულა, ღამის ორ საათზე ის გამომძიებელთან მიიყვანეს, ვინმე ვლადიმერ დათაშვილთან.

გიორგი ხეთაგური:,,ეს დათაშვილი იჯდა და მეუბნებოდა, დიახ, მე ნაციონალისტი ვარ, მინდა, რომ ოსები ყველანი ამოწყდეთ. არ იქნება ოსი, პრობლემაც არ იქნება. როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება, ისე ოსი. ყველანი ტრაქტორით უნდა გადაგყაროთო...

უნდოდა, გამოვეწვიე, მაგრამ ვითმენდი. ღამის სამ საათზე მოიტანეს ქიმიური ლაბორატორიიდან დასკვნა, რომ ტანსაცმელში ერთი აბი სუბოტექსი მედო. მე დავწერე, წავიკითხე და არ ვეთანხმები-მეთქი. ადვოკატი მოვითხოვე, მაგრამ უარი მითხრეს, საიდან მოგიყვანოთ ამ შუაღამისასო”.

რაც შეეხება საქმის მასალებს (საქმე #061974), იქ მითითებულია, რომ ხეთაგურმა თავად თქვა უარი დამცველზე. თუმცა, მეორე მხრივ, იგივე 30 ოქტომბრის ბრალდებულის დაკითხვის ოქმი აჩვენებს, რომ ხეთაგური თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ხეთაგური თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში ექიმმა ინახულა.  ამონაწერი საქმის მასალებიდან:  თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორის ექიმი, პოლიციის კაპიტანი თ. მიქაძე : ,,ხეთაგური... ამჟამად უჩივის თავის ტკივილს, ჩხვლეტას გულის არეში. მისი თქმით, დაკავებისას სახის არეში მიიღო მსუბუქი დაზიანება”.

პოლიცია მოწმედ

საქართველოს ოსთა ასოციაციის  ხელმძღვანელი თენგიზ გაგლოევი ადასტურებს, რომ ის და ხეთაგური სანაკოევის არჩევნების პერიოდში სამხრეთ ოსეთის საარჩევნო ოლქის კომისიის წევრებად მუშაობდნენ.

თენგიზ გაგლოევი:,,შსს სამხედრო პოლიციამ შემოგვთავაზა ამ არჩევნებზე მუშაობა. ზეწოლა არ ყოფილა, უბრალოდ ასეთი წინადადება იყო და ჩვენ დავთანხმდით. შემდეგ გიორგი დაიჭირეს. მე თავად დაკავების პროცესს არ შევსწრებივარ, სხვებისგან გავიდე. გიორგი ოსეთიდან ახალი ჩამოსული იყო, ჩემთან მოვიდა, მერე მაღაზიაში ჩავიდა და აღარ დაბრუნებულა. იქ ხალხი იყო, ვინც დაინახა, რომ პოლიციამ გიორგი წაიყვანა. არა მგონია, გაეჩხრიკათ, ამაზე იმ ხალხს არაფერი მოუყოლია, პირდაპირ წაიყვანეს. პოლიციას იქ მყოფთათვის უთქვამს, ნარკოტიკების გამო დავაპატიმრეთო და მეც მათგან გავიგე. პირადად ჩემთვის, ოფიციალურად, მისი დაპატიმრების შესახებ არავის შეუტყობინებია“.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, „გამომძიებელი და პროკურორი, მას შემდეგ, რაც გამოიყენებენ საპროცესო იძულებით ღონისძიებას დაკავების სახით, აგრეთვე შეასრულებენ სასამართლო ბრძანებას პირის დაპატიმრების ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შესახებ, ვალდებულნი არიან არაუგვიანეს 5 საათისა შეატყობინონ ეს მათი ოჯახის რომელიმე წევრს, ხოლო თუ ასეთები არ არსებობენ, რომელიმე ნათესავს ან ახლობელს.“ კანონი ასევე ითვალისწინებს, რომ აღნიშნული შეტყობინების ასლი საქმეს თან უნდა ერთვოდეს. ხეთაგურის შემთხვევაში, მისი ოჯახისათვის არავის შეუტყობინებია; შესაბამისად, მის საქმეში მსგავსი დოკუმენტი არ არსებობს.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ხეთაგურის ბრალეულობა მოწმეთა ჩვენებით, ჩხრეკის ოქმითა და ექსპერტიზის დასკვნით მტკიცდება. თუმცა, ხეთაგური ამბობს, რომ არავითარი ჩხრეკა არ ჩატარებულა. ჩხრეკის ჩატარების ფაქტს ეჭქვეშ ისიც აყენებს, რომ მოწმეებად პოლიციის თანამშრომლები არიან. თავად პოლიცია ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ საღამო იყო და ნივთმტკიცების, ანუ სუბოტექსის გადამალვის საფრთხე არსებობდა. მეორეს მხრივ, გაგლოევის ნაამბობიდან იკვეთება, რომ ხეთაგურის დაკავებას რამდენიმე ადამიანი შეესწრო. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ის ქუჩაში დააპატიმრეს. შესაბამისად, პოლიციას ჰქონდა საშუალება, ეს ადამიანები მოწმეებად მოეწვია, რაც არ გაუკეთებია.

შსს-ს ორგანოს წარმომადგენლები ოთარ ჯანჯღავა და ოთარ ჯაოშვილი ის პირები არიან, რომლებმაც ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ჩხრეკა ჩატარდა და ხეთაგურის ჯიბეში სუბოტექსი აღმოაჩინეს. ამ ფაქტის სხვა თვითმხილველი უბრალოდ არ არსებობს. შესაბამისად,  პოლიციამ საკუთარი თავი თავადვე მოიყვანა მოწმედ.

კანონმდებლობის თანახმად, პოლიციის თანამშრომლებს მოწმედ დადგომის უფლება არ ერთმევათ. მაგრამ ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის ნიკოლოზ ლეგაშვილის თქმით, „ეს მხოლოდ საკანონმდებლო ლაფსუსია, რომელიც ამ შემთხვევაში პოლიციამ საკუთარი ინტერესებისამებრ გამოიყენა.“

ნიკოლოზ ლეგაშვილი:,,დაკავებისას მოწმედ  მოწვეული უნდა იყვნენ ის პირები, რომლებიც არ წარმოადგენენ მხარეს. შესაბამისად, არალოგიკურია დაპატიმრების მოწმე იყოს იმ პოლიციის თანამშრომელი, რომელიც პირს აპატიმრებს. ამ პირობებში მართლმსაჯულების უზრუნველყოფა თითქმის შეუძლებელი ხდება“.

ეს ფაქტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ  ხეთაგურის ბრალის დასამტკიცებლად  საქმეში სხვა არაფერია თუ არა პოლიციელი მოწმეების ჩვენება, ჩხრეკის ოქმი, რომელიც ასევე პოლიციის თანამშრომლების მიერაა ხელმოწერილი და სასამართლო ექსპეტიზა იმის შესახებ, რომ პოლიციის მიერ  საექსპერტიზოდ მიტანილი აბი ნამდვილად სუბოტექსი იყო. შესაბამისად, არ არის გარანტია, რომ ჩხრეკის ოქმიც და ჩვენებებიც პოლიციელებმა თავად არ შეთხზეს. ასევე არაფრით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე მიტანილი სუბოტექსი ნამდვილად ხეთაგურს ედო ჯიბეში.

აღსანიშნავია, რომ ხეთაგური ერთადერთი არაა, ვისაც თავს მსგავსი ისტორია გადახდა. პოლიციელების მოწმედ დაყენება ფაქტობრივად შეუძლებელს  ხდის, რომ დაკავებულმა სამართალი იპოვოს. მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ პოლიტპატიმარ ჯონი ჯიქიას საქმე.

2007 წლის 2 ოქტომბერს ჯიქია ზუგდიდში, შუა ქუჩაში დააკავეს. ხეთაგურის მსგავსად მას ნარკოტიკების შენახვა და მოხმარება ედებოდა ბრალად. 

ზუგდიდის განყოფილების საექსპეტრო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დასკვნით, ჯიქია უშუალოდ ამ მომენტში ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ არ იყო, მაგრამ ლაბორატორიულმა კვლევამ მის ორგანიზმში ნარკოტიკების კვალი აჩვენა. თავად ჯიქია დასკვნის შედეგს არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ მას ნარკოტიკი არასდროს მიუღია.

მიუხედავად იმისა, რომ ჯიქია, ხეთაგურის მსგავსად, შუა ქუჩაში დააპატიმრეს, მის საქმეში თავად პოლიციელების გარდა მოწმე არავინაა.

პირს გააღებ, 10 წელს მოგცემთ

2007 წელს საქალაქო სასამართლომ გიორგი ხეთაგურს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა მუხლით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა (სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი, პირველი ნაწილი).

მანამდე გამომძიებელმა დათაშვილმა ხეთაგურს ციხეში მიაკითხა.

გიორგი ხეთაგური:,,დათაშვილმა მითხრა, სასამართლოზე პირს გააღებ, 10 წელს მოგცემთ, გაჩუმდები და ოთხსო. იქ, ზევით უნდათ, ორი წელი მაინც იჯდეო. მეც გავჩუმდი. სასამართლოზე ხმა არ ამომიღია. არც ჩემს ადვოკატს უთქვამს რამე, ეს ადვოკატიც მათი დანიშნული იყო, მანამდე არც მინახავს, პირდაპირ სხდომაზე მოვიდა. ოთხი წელი მომისაჯეს“.

მიუხედავად იმისა, რომ ხეთაგური აცხადებს, ხმა არ ამომიღიაო, საქმის მასალების  მიხედვით ჩანს, რომ მან ბრალი აღიარა. ,,ეს საქმე თავიდან ფეხებამდე შეკერილია. არაფერი მიღიარებია, არაფერი მითქვამს. რაც უნდოდათ, ის ჩაწერეს“, - ამბობს ხეთაგური.

ადამინის უფლებათა ცენტრი ეცადა შსს–ს კომენტარისთვის დაკავშირებოდა, მაგრამ ამაოდ. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი შოთა ხიზანიშვილი ტელეფონს ორი დღის განმავლობაში არ პასუხობდა. ასევე უპასუხოდ დარჩა ცენტრის მიერ გაგზავნილი წერილი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით. თუმცა, შსს–ს პოზიცია ნათლად ჩანს საქმის მასალებიდან, სადაც მითითებულია, რომ ხეთაგურმა ბრალი ყოველგვარი ძალდატანების გარეშე აღიარა.

სასჯელი უცვლელად დატოვა სააპელაციო სასამართლომაც, რომელსაც თავად ხეთაგურმა მიმართა. თუმცა, მოგვიანებით ის პატიმართა პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილებით ერთი წლით ადრე გაათავისუფლეს.

თენგიზ გაგლოევი:,,მისი ცოლი, ალა, რამდენჯერმე მოვიდა ჩემთან, მეკითხებოდა, რამე ხომ არ ისმისო. მეც ვერაფერს ვპასუხობდი, რაც მაშინ ქუჩაში გავიგე იმის მეტი არაფერი ვიცოდი, არც ცოლმა იცოდა“.

გიორგი  ხეთაგურის თქმით,  ციხეში მას საშუალებას არ აძლევდნენ, ვინმესთან დაერეკა. მხოლოდ 1 წლის მერე ერთ–ერთი გათავისუფლებული პატიმრის მეშვეობით შეძლო ნათესავებისთვის ხმა მიეწვდინა. მოგვიანებით საქმეში „წითელი ჯვარი“ ჩაერთო და  ახლობლებს მისი მეშვეობით ეკონტაქტებოდა. რაც შეეხება  საზოგადოების ფართო წრეს, მათ მხოლოდ სამი წლის მერე გაიგეს, რომ მაღაზიაში პურის საყიდლად ჩასული კაცი, ამდენი ხნის განმავლობაში ციხეში იჯდა.

გიორგი ხეთაგურის გაუჩინარება ერთ–ერთი რგოლია ეთნიკური ოსების გაუჩინარების ფაქტების გრძელ ჯაჭვში. ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირდა ათამდე შემთხვეა, როდესაც ეთნიკური ოსები უგზო–უკვლოდ იკარგებიან და შემდეგ მათ ციხეებში პოულობენ. გათავისუფლების შემდეგ, ყოფილი პატიმრები აცხადებენ, რომ ისინი „შეკერილი“ ბრალდებებით დააპატიმრეს და თავისუფლების სანაცვლოდ ინფორმატორობას სთავაზობდნენ.


სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში: „იძულებით გაუჩინარების ფაქტების გამოძიება საქართველოში“, - რომელსაც აფინანსებს  ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ”საქართველოში მედიის როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტის როლის გაძლიერება”. სტატიის შინაარსი არ გამოხატავს ევროკავშირისა და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს. მასზე მთლიანად პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა ცენტრი.

29 ივნ. '10

...უკან