რას ნიშნავს დავიბრუნებთ აფხაზეთს? დავიბრუნოთ ტერიტორია თუ ხალხი?
და საერთოდ რას ნიშნავს, კარგად გაპიარებული ლოზუნგი – „დავიბრუნებთ აფხაზეთს“? დავიბრუნებთ აფხაზეთის მიწას, თუ აფხაზ ხალხს, მათთან ურთიერთობებს? ღირს თუ არა საერთოდ სისხლისა და სიკვდილის ქვეყანაში დაბრუნება? რა უნდა ქართულ საზოგადოებას? რევანში თუ ნორმალური ურთიერთობა აფხაზ ხალხთან?
სამწუხაროდ, 2008 წლის აგვისტოს ომი ცხინვალში არ ყოფილა მხოლოდ პოლიტიკური ელიტების ომი. საზოგადოებისა და პოლიტიკოსთა დიდი ნაწილი მხარს უჭერდა მას. ომის საწინააღმდეგო გამოსვლებს არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონია თვით სამოქალაქო საზოგადოებაშიც კი. სამწუხაროა ისიც, რომ 2008 წლის ივლისში ქართულ არასამთავრობოთა დიდმა ნაწილმა ომის საწინაააღმდეგო განცხადებაზე ხელის მოწერას თავი აარიდა.
და დროა, კიდევ ერთხელ დავუსვათ ჩვენ საკუთარ თავს კითხვა: რა გვინდა ჩვენ აფხაზეთში – ომი თუ მშვიდობა? თუ ომი - გასაგებია, ვინ ვიქნებით ომის შემდეგ. და თუ მშვიდობა, მაშინ იქნებ გვეფიქრა ერთმანეთზე, გვეფიქრა მომავალზე.
„არ არსებობს გზა მშვიდობისკენ. მშვიდობა თვითონაა გზა“.ბოდიშიხომ არ აჯობებდა, ერთმანეთისთვის მართლა მოგვებოდიშებინა და მიგვეტევებინა წარსულის შეცოდებანი და შეცდომები? ხომ არ სჯობს, ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთის ტკივილებს, გავუგოთ ერთმანეთს და ვთქვათ ერთხელ და სამუდამოდ, რომ ჩვენ, ქართველები, არ დავუშვებთ ომს აფხაზებთან. ასევე, ჩვენ, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა ვიტყვით, რომ როგორც არ უნდა გაგვიჭირდეს, არასდროს მოვთხოვთ ჩვენს ხელისუფლებას გამოიყენოს სამხედრო ძალა, რათა ჩვენ დაგვაბრუნონ აფხაზეთში. რომ ჩვენ დავუშვით შეცდომა, როცა ვერ აღვკვეთეთ ომის დაწყება წლების წინ. და ვერ დავიცავით ვერც ქართველი და ვერც აფხაზი ხალხი.
ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს დამარცხება, ღალატი და ჩვენ თუ გვინდა სიკეთე აფხაზი ხალხისთვის, არასდროს ვუსურვებთ მათ მარცხს. ჩვენ ქართველი და აფხაზი ერი აუცილებლად გავიმარჯვებთ და რომელიმე ჩვენთაგანის გამარჯვება არავითარ შემთხვევაში არ უნდა ნიშნავდეს რომელიმე ჩვენთაგანის დამარცხებას.
რატომაა ასე ძნელი ორი ხალხის დაახლოება და საერთო ინტერესების, საერთო გზების გამონახვა? ნუთუ ასე ძნელია საერთო ენის გამონახვა? როგორ ვცხოვრობდით აქამდე ამდენი საუკუნეები? ზოგს ამის დანახვაც უკვე უჭირს, რომ აღიაროს საუკუნეების თანაცხოვრების ფაქტი.
ომი ქართულ ცნობიერებაშიომი ჯერ გონებაში და ცნობიერებაში იწყება და მერე რეალურად. წლების წინ ჩვენს შორის დაწყებული ომი, სამწუხაროდ, დღესაც გრძელდება. ომი ოდესმე უნდა დამთავრდეს და ეს თავდაპირველად უნდა დამთავრდეს ჩვენს ცნობიერებაში. ომი უკვე დამარცხებაა.
ხშირად ყველაზე რთული პრობლემა ყველაზე ადვილი მეთოდით, ელემენტარული ჭეშმარიტების შეცნობით მიიღწევა. ადამიანს უკან უბრუნდება ის, რასაც აგზავნის, აგრესია იწვევს აგრესიას, სიძულვილი – სიძულვილს. ძალადობა – ძალადობას. რამდენი უარყოფითი ინფორმაცია, უარყოფითი იმპულსი და მუხტი წავიდა აფხაზეთის და აფხაზების მიმართულებით უკანასკნელ წლებში? და პირიქით... ეს მუხტი გროვდება. და აისახება ჩვენს მომავალ ურთიერთობებზე. დადებითს გააგზავნი, ასევე მიიღებ დადებითს, სიყვარულის წილ მიიღებ სიყვარულს. აგრესიისა და სიძულვილის ნაცვლად კი მიიღებ იგივეს. ეს ის ბიბლიური ჭეშმარიტებაა, რომლის გაგება ასე უჭირს ჩვენს საზოგადოებას. გვინდა, მართლა რამე შევცვალოთ ამ დინამიკაში? გვინდა დადებითი მესიჯის გაგზავნა აფხაზი ხალხის მიმართ?
სხვის თვალში ბეწვს ვამჩნევთ და საკუთარში დირეს ვერ ვხედავთ.ბოდიშის კამპანიის მიმართვაში იყო მოწოდება ლოცვისადმი. ბევრს ეს სასაცილოდ არ ეყო. სიყვარული და ლოცვა ცვლის ბევრ რამეს, და ის, რომ ქართველებმა და აფხაზებმა პატივი სცენ ერთმანეთს, არაა მხოლოდ ოცნება. ესაა ერთადერთი გზა, დავაღწიოთ თავი შექმნილ მდგომარეობას, საიდანაც გამოსვლა თითქოს ყველას გვინდა, მაგრამ საკუთარი სიამაყის, საკუთარ თავში შოვინიზმის ნიშნების შენიშვნა არ გვინდა.
ქართული შოვინიზმირამდენად შეძლებს ქართული საზოგადოება და მთლიანად ქართული სახელმწიფო, უარი თქვას ქართულ შოვინიზმზე, ისტორიის შელამაზებასა და საკუთარი შეცდომების აღიარებაზე – ამაზე ბევრადაა დამოკიდებული მთლიანად ჩვენი საზოგადოების და სახელმწიფოს მომავალი.
რა თქმა უნდა, ბევრ კითხვაზე აქვთ პასუხი გასაცემი აფხაზებსაც. ვერც მოსკოვი, ვერც ბრიუსელი, ვერც ვაშინგტონი ვერ გადაწყვეტს იმ საკითხებს, რაც ორი ხალხის გადასაწყვეტია. რამდენად გვინდა ეს? რამდენ ხანს გავაგრძელებთ ასე? ქართველებმა ან უნდა უარი ვთქვათ ქართულ შოვინიზმზე, ან აფხაზეთზე საერთოდ. დამოუკიდებლობის აღიარების ეიფორია მალე გადის და რეალობას უნდა დაბრუნება. უზარმაზარი რუსული სამხედრო მანქანა აფხაზეთში პირველ რიგში აფხაზების წინააღმდეგაა მიმართული. ეს ათი წლის მერე გაცილებით კარგად გამოჩნდება. თუმცა, აფხაზეთში ფიქრობენ, რომ მათთვის ნომერ პირველი საფრთხე სააკაშვილის ხელისუფლებაა და რუსეთს დღეს ალტერნატივა არა აქვს.
აფხაზური აფხაზეთიქართულმა საზოგადოებამ უნდა ყველანაირად შეუწყოს ხელი აფხაზური ენის განვითარებას და აფხაზეთში აფხაზური ენის გადაქცევას სახელმწიფო ენად. როგორც კი აფხაზეთი იქნება აფხაზური, ის უკვე გასულია რუსული ორბიტიდან.
არ არსებობს ქართულ-აფხაზური ხედვაფაქტია, რომ არ არსებობს მოუგვარებელი კონფლიქტი და არსებობს ყველა სიტუაციიდან გამოსავალი, ალტერნატივა. საკითხავია, რამდენად აქვს ქართულ საზოგადოებას ეს გათვითცნობიერებული? რამდენად ვუყურებთ საკითხს შორეული პერსპექტივის თვალსაზრისით და პრაგმატული მიდგომით? დღეს ჩვენი საზოგადოება ემოციებზეა დაფუძნებული და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გამოსავალს ვერ ხედავს. საზოგადოებას არ აქვს ნათელი წარმოდგენა ომის მიზეზებზე და შედეგებზე, ყველაფერს მხოლოდ ვიწრო, ცალმხრივი პოზიციიდან უყურებს და უჭირს საკუთარი შეცდომებისა და პრობლემების აღიარება. დღეს საზოგადოება ყველგან ეძებს კითხვებზე პასუხს, გარდა საკუთარი თავისა. ყველაში ხედავს დამნაშავეს, მაგრამ არა საკუთარ თავში, ხელისუფლება - რუსეთს და ოპოზიციას, ოპოზიცია - ხელისუფლებას, ხალხი - ყველას ადანაშაულებს: რუსეთს, ამერიკას, ევროპას, აფხაზებს, ოსებს.
პირველ რიგში პრობლემა ჩვენშია. კი, რა თქმა უნდა, სხვებიც გვეხმარებიან, და გვეხმარებიან ძალიან ძლიერად, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ ვართ პრობლემა. საკუთარ სახელს არ ვარქმევთ იმას, რაც არის. დროა, ქართულ შოვინიზმს დავარქვათ ქართული შოვინიზმი.
ფაქტია, რომ მთელი ეს წლები არ შექმნილა ფართომასშტაბიანი კონცეფცია, სადაც საზოგადოების სხვადასხვა ფენების აზრი იქნებოდა გამოხატული. ჩვენთვის ძნელია, აღვიქვათ საკუთარი წვლილი კონფლიქტში და ომში. და მზად ვართ, ყოველთვის სხვა დავადანაშაულოთ. ამ წლების მანძილზე აფხაზი ხალხის მიმართულებით მხოლოდ აგრესია, ძალადობა, ომის პროპაგანდა, დაშინების მცდელობა და აბუჩად აგდება იგზავნებოდა... და ვიღებდით იგივეს.
ბევრი ნიშნის მოგებით გვეკითხებოდა – ხომ მოუხადეთ ბოდიში აფხაზებს, რა მიიღეთ? არაფერი! მხოლოდ დაცინვა და აგრესია როგორც ქართველებისგან, ისე აფხაზებისგანო.
ბოდიშის მიზანი არ ყოფილა იგივე ნაბიჯის გადადგმის მოწოდება აფხაზებისგან. ბოდიში ძირითადად ქართველებისთვის დაიგეგმა, რომ ჩვენ ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები და ვისწავლოთ რამე ამ შეცდომებზე; რომ ჩვენ მეტი პასუხისმგებლობა გვეკისრება, როცა რამე ხდება ქვეყანაში. და არა აქვს მნიშვნელობა, საპასუხოდ მოიხდის თუ არ ვინმე ბოდიშს, ახლა ან საერთოდ ოდესმე. ეს მხოლოდ ინდივიდუალური, ინტიმური აქტია – მთავარია, ჩვენ ჩვენი ვალი მოვიხადეთ, რომ მხოლოდ გულში აღარ არის ის სიტყვები, საჯაროდ შევძელით ამ სიტყვების თქმა და მორალურად შეგვიძლია, ვიყოთ თავისუფლები ამ ტვირთისგან, რაც ამ ომმა მოიტანა.
მეორე აზრი, რომელიც ხშირად გამოითქმებოდა – ბოდიშს იხდის ის, ვისაც არანაირი მონაწილეობა არ მიუღია ომში. შეიძლება, მართლაც ასეა. იმასაც გეტყვით, რომ ომის დროს ვცდილობდით აფხაზეთში საომრად წასული ბიჭები შეგვეჩერებინა და აეროპორტისკენ მიმავალთ გადაეფიქრებინათ საომრად წასვლა. რამდენიმედღიანი პატიმრობაც გამოვცადეთ პოლიციაში ომისა და ზოგადად იმ პოლიტიკური მოვლენების წინააღმდეგ გამოსვლის გამო, რასაც ადგილი ჰქონდა 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში. და სამწუხაროდ მაშინაც ვიყავით უკიდურეს უმცირესობაში.
ორი წლის წინ ბოდიში ტაბუდადებული თემა იყო. ამ თემაზე საუბარი საჯაროდ არც პოპულარული იყო და არც უსაფრთხო. აქცია შედგა, იმიტომ, რომ მასზე უკვე ბევრი საუბრობს. და ყველა ფიქრობს. ფაქტობრივად, ეს იყო პროვოკაცია, კარგი გაგებით. ამ პროვოკაციამ თავისი მისია შეასრულა. ბოდიშმა ბევრ რამეს ახადა ფარდა, მათ შორის იმას, თუ რამდენადაა ქართული საზოგადოება ნამდვილად მშვიდობიანად განწყობილი აფხაზებისადმი და რამდენად დიდია მილიტარისტული სულისკვეთება, რამდენად შორსაა ხელისუფლება და საზოგადოება მშვიდობის ხედვისგან.
სხვა საქართველორადიკალური ნაბიჯები ყოველთვის მტკივნეულად აღიქმება საზოგადოებაში. ხშირად შეიძლება, მოღალატედ გამოგაცხადონ, მაგრამ საზოგადოება სწორედ მსგავსი გულწრფელი და ღია, მშვიდობიანი ინიციატივებით იღებს შერიგების შანსს. ყველა იყურება წარსულში, ვინც კი ბოდიშის კამპანიას კი არა, თვით იდეას, ამ სიტყვის ხმარებასაც კი ეწინააღმდეგებოდა. ბოდიში თავისთავად არაა პანაცეა. ეს იყო მესიჯი, რომ არსებობს სხვა საქართველო. არსებობენ სხვა ადამიანებიც ამ ქვეყანაში, რომლებსაც სხვანაირი საქართველო წარმოუდგენიათ – სხვა მიზნებით და სხვა მენტალიტეტით.
დღეს ყველა საუბრობს კონფლიქტის მოგვარებაზე, მაგრამ სამწუხაროდ, ადამიანებს დავიწყებული აქვთ უბრალო ჭეშმარიტება – სიყვარულისა და მიტევების გარეშე არც ერთი საქმე არ მოგვარდება. დღეს ვერც ერთი ამ იდეის მოწინააღმდეგე ვერ გეტყვით ვერანაირ არგუმენტს იდეის წინააღმდეგ. მხოლოდ კომპლექსები და სიამაყე, რომ ჩვენ არავისთან არაფერი გვაქვს საბოდიშო; ბოდიში სისუსტედ, სიმხდალედ ითვლება. კვლავ იმართება უსარგებლო დებატები, ვინ დასახლდა პირველად აფხაზეთში – ქართველი თუ აფხაზი, ვინ გაისროლა პირველად, როგორ გაბედეს ამდენი და ა.შ. მაგრამ რატომ მოხდა ეს, ამაზე ყველას უჭირს პასუხის გაცემა.
ბოლო ხანს ამბობენ, რომ ეს მხოლოდ რუსეთ–საქართველოს ომი იყო, მაგრამ რომ არ იყოს ხვალ რუსეთი, შევძლებთ კი ჩვენ და აფხაზები ერთად ცხოვრებას? იქნებ მართლა ვცდებით რაღაცაში? რამდენადაა მართალი ჩვენი ისტორიოგრაფია, მარიკა ლორთქიფანიძისა და სხვათა თეორიები რომ მე–16 საუკუნეში ჩამოსახლდნენ აფხაზები და სინამდვილეში „ნამდვილი აფხაზები“ ქართველები არიან, და აფსუები სხვები, რომლებმაც ამდენი ცუდი რამ ჩაიდინეს. დავუშვათ ერთი წუთით, რომ ეს ყველაფერი მართალია. რა მერე? გადავასახლოთ აფხაზები უკან – ჩრდილოეთ კავკასიაში? საზოგადოება იმდენადაა გამსჭვალული მსგავსი აზროვნებით, რომ უჭირს ადეკვატურად ასახოს ყველაფერი და ჰქონდეს სწორი რეაქცია. საზოგადოებას თავს უჭედავენ სხვადასხვა აზრებით, არჩევინებენ ჯერ ერთ პრეზიდენტს 90 პროცენტით, შემდეგ მეორეს იმავე პროცენტით, მერე მესამეს. და მერე ყოველთვის ვაცხადებთ, რომ შევცდით წინა პრეზიდენტის არჩევაში. რაც მთავარია, ეს ყველაფერი შესანიშნავადაა მართული გარედან – ხან უხილავი და ხანაც ხილული ძაფებით და აბსოლუტურ უმრავლესობას უჭირს ამის გაგება. და ყველა პრეზიდენტი გვპირდება გაერთიანებულ საქართველოს. მაგრამ ყველას მსგავსი მიზნები და პოლიტიკა ჰქონდა და აქვს აფხაზეთთან დამოკიდებულებაში. საქართველოს სამივე პრეზიდენტი ერთნაირ პოლიტიკას ახორციელებდა. მათ პოლიტიკაში აფხაზები იყვნენ დავიწყებულნი და გარიყულნი. ეს პოლიტიკა დღესაც გრძელდება.
კამპანიის მიმდინარეობის მანძილზე მრავალი ზარი, მუქარა და ბინძური ცილისწამება გამოვცადეთ საკუთარ თავზე. არავის უკითხავს, რატომ დავიწყეთ კამპანია. ზოგმა პირდაპირ მოღალატეებად და აგენტებად გამოგვაცხადა; მავანმა ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მიერ მართულად; ზოგმა კი, მაგალითად – პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2007 წლის ნოემბერში თავის გამოსვლაში პირდაპირ განაცხადა: „რისთვის უნდა ვიხადოთ ბოდიში, რომ თავები დაგვაჭრეს და გამოგვყარეს? რომ ქართული ძეგლები დაანგრიეს, რომ უღელტეხილზე ბავშვები გაგვიყინეს და თვითმფრინავები ჩამოგვიყარეს? ამ ყველაფრისთვის კიდევ ჩვენ უნდა მოვიხადოთ ბოდიში? ვინ არიან ეს ადამიანები, რომელი საერთაშორისო ორგანიზაციიდან? რა გრანტი მიიღეს, რომ ასეთ სისულელეებს წერენ?“
ქართული მედიის უდიდესი ნაწილი არათუ კამპანიის, სიტყვა „ბოდიშის“ ბლოკირებას დღემდე განაგრძობს. მხოლოდ რამდენიმე მცირეტირაჟიანი გაზეთი, რადიო და ინტერნეტ–გამოცემა გახდა ხელმისაწვდომი. ხელისუფლებაც და ოპოზიციის უდიდესი ნაწილიც ასევე სალანძღავად იყენებს ამ სიტყვას. ერთი რამ ცხადია – კამპანიამ გააშიშვლა ქართული საზოგადოება, მისი უარყოფითი და დადებითი მხარეებით, მოჩვენებითი დემოკრატიულობისა და ტოლერანტობის მიღმა საზოგადოებაში საკმაოდ ძლიერია შოვინისტური განწყობა.
რა ფილოსოფია დევს „ბოდიშის“ კამპანიის უკან?კონფლიქტები ფიზიკური ძალადობის და ომის დამთავრების შემდეგ ადამიანთა გულებში კიდევ დიდხანს გრძელდება. სიძულვილი და რისხვა აკონტროლებენ ადამიანების ცხოვრებას დიდი ხნის განმავლობაში. ეს ემოციები ადამიანებს პარალიზებას უკეთებენ და სიძულვილის მძევლებად აქცევენ. რისხვა და სიძულვილი როცა იპყრობს ადამიანს, შეუძლებელია, მან საღად შეაფასოს მოვლენები და წინ გაიხედოს. „ბოდიშის კამპანია“ შესაძლოა, იყოს პირველი ნაბიჯი ნეგატიური წრის გარღვევისთვის. იგი ქმნის ცნობიერებას, რომელიც ხელს უწყობს ხალხებს შორის ურთიერთპატივისცემის ჩამოყალიბებას. კამპანია მიისწრაფის იქითკენ, რომ ემოციებმა და სიძულვილმა აღარ მართონ ადამიანები. ესაა გზა, გაიხედო წინ, დატოვო წარსულში ყველა ბოროტება და იფიქრო მომავალზე. ეს არაა ბრალდება, რომელიმე მხარესადმი. ესაა პირველი ნაბიჯის გადადგმა, რომ ადამიანებმა მიიღონ ერთმანეთი და აპატიონ. „მოწინააღმდეგე“ მხარის ადამიანების ჰუმანური მხარის ჩვენებით ხალხს შეუძლია, გადალახოს წინააღმდეგობები.
არ არსებობს მომავალი პატიების გარეშე. კამპანია სწავლობს წარსულ შეცდომებზე. ესაა პასუხისმგებლობის აღება კონფლიქტში საკუთარ როლზე. კონფლიქტში, რომელშიც ორივე ხალხმა უმძიმესი დანაკარგი ნახა. ამის გაცნობიერებით ხალხი ერთად შეიძლება მივიდეს. ეს ნაბიჯი აუცილებლად ერთ-ერთი მხარის მიერ იდგმება და მას აუცილებლად მოჰყვება შედეგი, იგი ერთგვარ კატალიზატორად იქცევა სოციალური ცვლილებებისათვის. ბოდიში - ესაა ერთმანეთის გულებისკენ მიმავალი გზა.
სიძულვილის ჯაჭვის გარღვევარას მივაღწიეთ და რას ვგეგმავთ?ბევრი გვეკითხებოდა – აგერ, უკვე ორი წელია, კამპანია დაიწყეთ და რა შედეგი მიიღეთო? სიტუაცია კიდევ უფრო მძიმეა. ცხადია, მსგავს კამპანიას შედეგები 5, 10 და 20 წლის შემდეგ ექნება. მთავარია, შეჩერდეს ის ნეგატიური დამოკიდებულება, რაც დღეს არსებობს ორ ხალხს შორის. მთავარია, გაირღვეს ის სიძულვილის ჯაჭვი, რომელიც ხალხებს შორის არსებობს. ნეგატიური დამოკიდებულებები ნელ–ნელა პოზიტიურში უნდა გადავიდეს.
ჩვენს გარშემო ადამიანებს ვუნეგავთ აზრს, რომ აფხაზებმა და ქართველებმა უნდა სცენ ერთმანეთს პატივი. კამპანია მხოლოდ პირადი შემოწირულობებით ფინანსდება, რადგან რეალურად შერიგებისთვის თანხას არავინ გამოყოფს. ზოგიერთი დონორი და საელჩო დაინტერესებული იყო ამ იდეის მხარდაჭერით, მაგრამ როგორც კი ხელისუფლების პოზიციას ისმენდა, მაშინვე უარს ამბობდა მხარდაჭერაზე.
საზოგადოებამ უნდა შეძლოს ის, რაც ვერ შეძლეს წამყვანმა პოლიტიკოსებმა. საზოგადოებაში უნდა დაიბადოს ჯანსაღი მიდგომა, რომ ყველას შეგვიძლია, რაღაც გავაკეთოთ და აქცენტს ვაკეთებთ თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაზე, სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე. საბოლოო ჯამში ამ კამპანიით ახალი პრინციპში არაფერი არ თქმულა. ორი ათასი წლის წინ იესო ქრისტე მოვიდა და მოგვცა მაგალითი, რომ მონანიების, შეცდომების აღიარების გარეშე არ იქნება მომავალი. ღმერთი მზადაა, მოგვცეს სიყვარულისა და სიკეთის მაგალითი და ეს ყველაფერიც, ალბათ, ღმერთმა დაუშვა ჩვენი შეცოდებების და ცოდვების გამო, რათა დავეფიქრებინეთ ჩვენს თითოეულ ნაბიჯზე – რამდენად ვართ მართლები, როცა გვგონია, რომ ჩვენ არაფერი შეგვიცოდავს, რომ მხოლოდ სხვაა დამნაშავე და ჩვენ არაფერს ვაღიარებთ.
შევხედოთ ყველაფერს სხვა თვალით. ემოციები გადადის. ტკივილი გადადის. ცხოვრება გრძელდება. გვინდა თუ არ გვინდა, ვერც აფხაზები და ვერც ქართველები ვერსად ვერ წავალთ. ჩვენ აქ ცხოვრება გვიწერია. ადრე თუ გვიან ჩვენ მაინც მოგვიწევს წარსულის გადაფასება და ჭეშმარიტი ისტორიის დაწერა. მოგვიწევს ქართული და აფხაზური მითების გვერდზე გადადება.
ჩვენ გამოვალთ იმ ჩიხიდან, სადაც დიდი ხანია, გავიჭედეთ. სათანადო პატივს მივაგებთ აფხაზ ხალხს, უკეთ გამოვიყენებთ დიალოგში სამეგრელოს.
პარალელურად, უნდა შეგროვდეს და გადამოწმდეს ომის მსხვერპლთა შესახებ მონაცემები. ომის მსხვერპლთ უნდა გადაეხადოს შესაბამისი კომპენსაცია. ის ადამიანები კი, ვინც სამხედრო და ომის დანაშაულში არიან ბრალდებულნი, უნდა გასამართლდნენ ყველა მხრიდან. დაუსჯელობამ აღარ უნდა იმეფოს რეგიონში.
ნდობა ორ ხალხს შორის უნდა აღსდგეს. ხალხებს შორის უნდა არსებობდეს ყოველდღიური ურთიერთობა. უნდა შეიქმნას საერთო ველი, საინფორმაციო, ეკონომიკური და სხვა. პოლიტიკურ საკითხებს ჩვენ ვერ ვწყვეტთ, მაგრამ შეგვიძლია, რაღაც გავაკეთოთ, რომ ეს არანორმალური ურთიერთობა დასრულდეს. ამაში ჩვენი აზრი ნათელია. ეს ურთიერთობები უნდა ეფუძნებოდეს სიმართლეს, გულწრფელობას, სიყვარულს, მიტევებასა და იმ თვისებებს, რაც ასე ფასობდა საუკუნეების განმავლობაში კავკასიაში. ეს არის ხალხის გასაკეთებელი. ალბათ, მოვა დრო და გვეყოლებიან ხელისუფალნი, ვინც პოლიტიკურ საკითხებზეც შეთანხმდებიან. აფხაზი ხალხის გადარჩენის ერთადერთი გარანტი შეიძლება იყოს ევროკავშირი. ვერც ოფიციალური მოსკოვი და ვერც ოფიციალური თბილისი დღეს ამ მიმართულებით ვერანაირ პოზიტიურ როლს ვერ ასრულებენ. პირიქით!
რეალურად ვინ იბრძვის დღეს ამისთვის? ძალიან ცოტა ადამიანი. პოლიტიკოსებს, სამხედროებს, მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას, ეკლესიას, საერთაშორისო ორგანიზაციებს არ გააჩნიათ რეალური ხედვა კონფლიქტის მოგვარების შესახებ. ვიყენებთ კი ყველა რესურსს საომარი მოქმედებების მზადების, გამალებული მილიტარიზმის და ომის პროპაგანდის შესაჩერებლად? თუ პირიქით, როგორც 2008 წლის აგვისტოში ყველა ვისუსებით და ველოდებით მთავარსარდლის განცხადებას ცხინვალის რეგიონის კრიმინალებისგან გაწმენდის შესახებ? ვისუსებით ყველა – პოლიტიკოსებიც და არაპოლიტიკოსებიც, ერიც და ბერიც? და როცა ასეთი განცხადება ვერ მოვისმინეთ, მერე ნელ–ნელა დავიწყეთ ხელისუფლების კრიტიკა – „აი, ჩვენ რომ ვყოფილიყავით, გავიმარჯვებდით“ და ა.შ. დავფიქრებულვართ იმაზე, რას ვუწყობთ მსგავსი დუმილით ხელს?
დუმილი თუ მშვიდობა?ჩვენ ვიცით მშვიდობის ფასი და ჩვენ ვირჩევთ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობას. ჩვენთვის მიუღებელია ომი, მოწოდება ომისკენ, ომის პროპაგანდა, იარაღის ჟღარუნი და სამხედრო რიტორიკა, რადგან ომი მხოლოდ გარეგნულად შეიძლება, ჩანდეს სამართლიანი და კეთილშობილური, თუნდაც გაეროს მიერ ცნობილი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.
ქართველი და აფხაზი ხალხის შეკვეთა მხოლოდ მშვიდობა და დიალოგია.
ქართველებს და აფხაზებს სხვაგან წასასვლელი მაინც არსად აქვთ. ჩვენი შვილები ასი წლის მერეც იცხოვრებენ აქ და შეინარჩუნებენ ენას, კულტურას, ღირსებას და ისტორიულ მეხსიერებას.
ჩვენს ხალხებს აქვთ მომავალი!