თავფურცელი მიმართვა ახალი ამბები საქმიანობები ჩვენს შესახებ კულტურა
  F9c ქარ Рус Eng

'არ არსებობს გზა მშვიდობისკენ, მშვიდობა თვითონაა გზა' - მიმართვა ქართველი ხალხისადმი


  შემოგვიერთდით  

მოაწერეთ ხელი მიმართვას
ხელმოწერების ნახვა (158)
     

     
  ეთანხმებით თუ არა ბოდიშის კამპანიას?
დიახ
არა
შედეგები | არქივი
 
     

Forum


 
სიტყვის აქცია ზუგდიდში

21 სექტემბერს გურჯაანიდან დაწყებული ,,სიტყვის აქცია“ 27-ში ზუგდიდში დასრულდა. ზუგდიდის რაიონში მოქმედებს ორი სკოლა, რომელიც აფხაზეთის განათლების სამინისტოს ეკუთვნის და მასში უმეტესად დევნილი ბავშვები სწავლობენ. ამ სკოლის მოსწავლეებმა აფხაზებს თავიანთი გზავნილები დაუწერეს:

ჰაინიპ – შევრიგდეთ

15 წლის შემდეგ მე აფხაზ ხალხს მოვუწოდებდი, რომ დაივიწყონ წყენა და შეგვირიგდნენ. ჩვენ ქართველები არ ვართ ისეთი ხალხი, როგორიც აფხაზებს ვგონივართ, ჩვენც შეგვწევს პატიების უნარი. მოდით, ვიცხოვროთ მეგობრულად. ჩვენ ხომ ერთ სამყაროში ვცხოვრობთ და რაში გვჭირდება ერთმანეთთან ომი. ჩვენ მშვიდობით გვინდა სამშობლოს დაბრუნება. არავის არ ვართმევთ სამშობლოს, მხოლოდ ის გვინდა, რომ რაც ჩვენია, დავიბრუნოთ. თუ მტრულად არ მოგვექცევით, თქვენც იცხოვრებთ ჩვენთან ერთად. ჩვენი ხნის ბავშვები გახდებია ჩვენი მეგობრები და ისე მოვექცევით, როგორც ოჯახის წევრებს და ქართველებს.

დავმეგობრდეთ და ვიცხოვროთ მშვიდად, ბედნიერად და ტკბილად, როგორც ნამდვილ ადამიანებს შეეფერებათ.

ანა კვარაცხელია

აფხაზო ხალხო, გესალმებით და გეტყვით, რომ დიდი ტკივილის შემდეგ მაინც გვიყვარხართ და გეფერებით. ჩვენ ერთმანეთს დიდი ტკივილი მივაყენეთ, მაგრამ ამ 15 წელმა ჩვენ გული მოგვილბო და გაგვიჩინა იმის სურვილი, ერთმანეთს მოვეფეროთ.

შევრიგდეთ, დავივიწყოთ ის, რაც ადრე მოხდა, რაც ჩვენმა მშობლებმა გადაიტანეს. ,,სარა შვარა ბზია შვიზბოიტ” და იმედია, ეს ჩვენი სიყვარული თქვენდამი ჩვენს ურთიერთობას გამოასწორებს.

,,უნიჰვაზააიტ”

აფხაზეთის მე-11 საჯარო სკოლა

სალამი აფხაზებო, ჩვენ ყოველთვის მეგობრები ვიყავით, მაგრამ ერთმა რუსმა ყველაფერი ააწიოკა, ჩვენს მეგობრობას სიძულვილი ჩაუნაცვლა. მოვა დრო, ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც უწინ. ისევ ისე მეგობრულად ვიცხოვრებთ და ისევ ავაყვავებთ ჩვენს აფხაზეთს, შენსა და ჩვენს აფხაზეთს.

სალომე აქირთავა

უკვე 15 წელი გავიდა, რაც აფხაზეთი დავკარგეთ. მე მაშინ სამი თვის ვიყავი. უამრავი უდანაშაულო ადამინი ორივე მხარეს, დედები ძაძით შეიმოსნენ. აფხაზები და ქართველები ყოველთვის ერთად ცხოვრობდნენ ბედნიერად, მაგრამ უცებ მათ შორის მესამე მხარემ ჩააგდო შუღლი. რას ვეტყვი აფხაზ ხალხს? ვიმეგობროთ ისე, როგორც ადრე ვმეგობრობდით.

ხატია კვარაცხელია

ქართველი და აფხაზი ერთად იგერიებდა საერთო მტერს, თურქებისა და ოსმალოების სახით, ჰქონდათ ერთი სამლოცველო-ილორის ტაძარი.

დღეს შიშით და მონატრებით გავყურებთ ამ დალოცვილ, ულამაზეს კუთხეს, რომელიც განადგურებული და გადამწვარია. ხალხი გადაიხვეწა, ზოგი სად, ზოგი – სად.  ყველას ერთი სული გვაქვს, როდის დავიბრუნებთ ამ ძირძველ, ულამაზეს მიწაწყალს, მაგრამ ვიტყვი, რომ მისი დაბრუნება ,,არც თუ ისე შორია”. ხოლო რას ვეტყვი აფხაზებს 15 წლის შემდეგ? როცა აფხაზეთის მიწას უშიშრად დავაბიჯებ ფეხს, ვიტყვი, რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ხმამაღლა შევძახებ:

,,გამარჯობა აფხაზეთო შენი”!

თამუნა ქანთარია

მე აფხაზ ხალხს ვეტყოდი, დამნაშავენი ვართ, ძმებმა ერთმანეთს ვესროლეთ ტყვია. შევუნდოთ, ვაპატიოთ ერთმანეთს. ერთად ავაშენოთ ჩვენი აფხაზეთი.

პაატა გვაძაბია

ვიტყვი, რომ უნდა ვეცადოთ, იგივე არ გავიმეოროთ და ის ტკივილი ისევ თავიდან არ დაიწყოს. ჩვენ უნდა ვეცადოთ, მეგობრულად ვიყოთ აფხაზ ხალხთან და ვუთხრათ ერთმანეთს ,,ჰაინიშვაპ”. ჩემი აზრით, გამოსავალის პოვნა ყოველთვის შეიძლება და უნდა ვიპოვოთ კარგი გამოსავალი, რათა ვიცხოვროთ მშვიდ და გაერთიანებულ საქართველოში.

სოფო წულაია

მე ვიტყოდი, რომ ის სიძულვილი და ბრაზი, რომელიც ჩვენმა მამა-პაპამ დათესა, გავაქარწყლოთ. ჩვენ ბევრი ტანჯვა-წამება უნდა დავივიწყოთ. უნდა ვიბრძოლოთ მშვიდობისთვის და ერთიანობისთვის, რათა ვიცხოვროთ მშვიდად და კონფლიქტის გარეშე.

ანჟელა ღურწკაია

წარსულს ცრემლით ვიხსენებ, მაშინ, როცა ეს წარსული ქართველებს და აფხაზებს სიხარულით შეგვეძლო აგვევსო. ნუთუ თქვენ კმაყოფილები ხართ მუდმივ შიშსა და განუკითხაობაში გატარებული 15 წელით? არა მგონია. ჩვენ რამ გაგვყო?! მუდამ ერთად ვცხოვრობდით, ჭირი და ლხინი ერთად გადაგვქონდა წარსულში და მომავალშიც ასე იქნება.

მე მსურს, რომ ჩვენს შორის შუღლის ჩამომგდებს ვუთხრა, ამდენი ტყუილად გაისარჯე, არაფერი გამოგივიდა!

ახლა კი რა უნდა ვთქვა?!

ნათია ჯახაია

15 წლია შემდეგ მე მინდა, აფხაზ ხალხს ვუთხრა ,,ჰაინიშვაპ”, რადგან მტრობამ ერთმანეთს დაგვაცილა და ეს არც ერთისთვის და არც მეორისთვის არ არის სასარგებლო. ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს და ბოლომდე უნდა გვიყვარდეს.  ყველაფერი წარსულს ჩავაბაროთ. ნუ გავიხსენებთ ჩვენი მშობლების შეცდომებს, რადგან ეს ჩვენთვის წარმატებული არ იქნება. ჩვენ ვართ ახალი თაობა, საღი გონებით და გთხოვთ, ჩვენი საღი გონება და ჩვენი ახალგაზრდობა გამოვიყენოთ ერთმანეთისადმი სიყვარულის გამოვლენაში.

ნუ დავკარგავთ ერთმანეთს. რატომ არ უნდა შეგვეძლოს მეგობრობა?! რატომ უნდა გვეშინოდეს ერთმანეთის?! ეს მტრობა რომ არ მომხდარიყო, ხომ ერთად ვიქნებოდით?!

მოდით, დავივიწყოთ ის დამანგეველი წლები, რომელმაც ერთმანეთს დაგვაშორა. ჩვენ გპატიობთ იმ შეცდომებს, რაც იყო და გთხოვთ, თქვენც გვაპატიოთ. მოდით, ახლა მაინც ვიყოთ ერთად. ვიცი, რა ძნელია, მაგრამ გთხოვთ.

ჩვენო ძვირფასო აფხაზო ძმებო, დებო, მეგობრებო: ,,სარა შვარა ბზია შვიზბოიტ”.

ეკა ცაცუა

მე ძალიან მინდა აფხაზეთში დაბრუნება, თუ ეს მართლა მოხდება, სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვიქნები... მე არასოდეს მინახავს აფხაზეთი, მაგრამ ვგრძნობ, რომ იქ ბედნიერება გველის.

დათა პაპასკირი


რა თქმა უნდა, იმ ტკივილის დავიწყება, რომელიც ჩვენ 1993 წელს ერთმანეთს განვაცდევინეთ, ძნელია და ალბათ არც არასდროს დაგვავიწყდება. მაგრამ ერთმანეთს მეგობრობის ხელი გავუწოდოთ. ვუთხრათ ერთმანეთს, რომ არ შეიძლება ვიცხოვროთ იმით, რაც დაგვმართა უფროსმა თაობამ. დავიწყოთ ახალი ცხოვრება. მერწმუნეთ, ომი კარგს არაფერს მოიტანს და გჯეროდეთ, რომ ქართველებს ძალიან გვიყვარხართ.

ნათია ბერაია

21 სექ. '07

...უკან