თავფურცელი მიმართვა ახალი ამბები საქმიანობები ჩვენს შესახებ კულტურა
  F9c ქარ Рус Eng

'არ არსებობს გზა მშვიდობისკენ, მშვიდობა თვითონაა გზა' - მიმართვა ქართველი ხალხისადმი


  შემოგვიერთდით  

მოაწერეთ ხელი მიმართვას
ხელმოწერების ნახვა (158)
     

     
  ეთანხმებით თუ არა ბოდიშის კამპანიას?
დიახ
არა
შედეგები | არქივი
 
     

Forum


 
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აფხაზებს ახალ წელს ულოცავს

ნონა სუვარიანი, თბილისი

11 იანვარს „ადამიანის უფლებათ ცენტრმა“ აფხაზ მოსახლეობას ახალ წელი მიულოცა. ამაში ცენტრს საზოგადოებრივი მოღვაწეები დაეხმარნენ, რომლებმაც მისალოცი ბარათები და საჩუქრები მოამზადეს. ბარათები და საჩუქრები  აფხაზეთში გაიგზავნა...

აქცია ჩატარდა ,,ბოდიშის კამპანიის“ ფარგლებში, რომელიც ცენტრმა რამდენიმე თვის წინ წამოიწყო. ,,ბოდიში, რომ ვერ შევაჩერეთ ომი“, - ეს არის ამ კამპანიის ძირითადი გზავნილი. ,,ბოდიშის კამპანია“ არის პირველი ნაბიჯი იმისათვის, რომ ორ ხალხს შორის ურთიერთობა უფრო ადამიანური გახდეს.
 
უჩა ნანუაშვილი: „ჩვენ გადავწყვიტეთ ორიგინალური ფორმით მიგველოცა ახალი წელი. ერთ დროს აფხაზი ხალხი ჩვენი ნაწილი იყო. ომის შემდეგ 15 წელიწადზე მეტი გავიდა, მათთან კავშირი გაწყვეტილი გვაქვს. რამდენიმე ცნობილ ადამიანს დავუკავშირდით, ძირითადად კულტურის მოღვაწეებს. ეს იდეა მათაც მოეწონათ. გვინდა, აფხაზ ხალხს მესიჯი გავუგზავნოთ, რომ ის გვიყვარს და გვახსოვს. გვინდა, რომ მათაც ისევე მივულოცოთ ახალი წელი, როგორც ვულოცავთ ახლობლებს და მეგობრებს და მშვიდობა ვუსურვოთ“.

საახალწლო ნაძვის ხე  გლდანის ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრში დაიდგა. ცენტრის თანამშრომლებმა და ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმა საახალწლო ნაძვის ხე საზოგადოებრივი მოღვაწეების მისალოცი ბარათებით და საჩუქრებით მორთეს.  საახალწლო ბარათები განსხვავებული შინაარსის იყო, თუმცა ყველას საერთო მიზანი ჰქონდა, გააგებინოს აფხაზ ხალხს, რომ ისინი აქ უყვართ და ენატრებათ.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, თეა თოფურია აღნიშნავს, რომ დღეს აფხაზები ქართველებში მხოლოდ მტრებს ხედავენ და ვერც წარმოუდგენიათ, რომ ქართველი შეიძლება იყოს მშვიდობის მოსურნე,  რომ ქართველს შეიძლება არ უნდოდეს შურისძიება.

“ხალხი, რომელიც ენგურს გაღმა დარჩა, ჩვენ უბრალოდ აღარ გვიცნობს, შესაბამისად, მათ ჩვენი ნდობაც არა აქვთ.  ამ ნდობის აღდგენის მიზნით ყველანაირად უნდა ვეცადოთ, მივაწვდინოთ მათ ხმა, დავარწმუნოთ, რომ ჩვენ მათთან არაფერი გვაქვს გასაყოფი, რომ ჩვენთვის აფხაზეთი მხოლოდ ტერიტორია კი არა აფხაზი ხალხიცაა, რომლებსაც უნდა შევეჩვიოთ და უნდა შეგვეჩვიონ“.

ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელს, ქეთინო კობალაძეს მიაჩნია, რომ ასეთი ღონისძიებები მნიშვნელოვანია: „ასეთი აქციები თუ ხშირად გაიმართება, ძალიან კარგი იქნება. ამ აქციის შესახებ სრულიად შემთხვევით გავიგე, შევთავაზე ჩვენი დარბაზი. მართალია, აქ ბავშვებმა არ იციან აფხაზეთის ომის შესახებ, მაგრამ მათ ძალიან უხარიათ სტუმრების მოსვლა. თუ ერთი აფხაზი ან იქ მცხოვრები ქართველი მაინც გაიგებს, რომ მათთან გასაყოფი არაფერი გვაქვს, ძალიან გვიყვარს და გვენატრება იქაურობა, ამაზე კარგი საახალწლოდ არაფერი იქნება“.

აფხაზებს ახალ წელს ასევე მამუკა ლომაშვილის სტუდიის „სახლი თეატრში“ ბავშვებიც ულოცავდნენ. სტუმრებისთვის მცირე სპექტაკლიც დადგეს.

სტუდია „სახლი თეატრში“ ხელმძღვანელის, მამუკა ლომაშვილის  აზრით, კარგია, რომ აფხაზ ბავშვებს ახალ წელს სწორედ ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრიდან ულოცავენ. „ეს უფრო ამაღელვებელია. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ ცენტრებთან ურთიერთობა, ასევე იმ ბავშვებთან ურთიერთობა, რომლებიც აფხაზეთში არიან. ჩვენი სტუდია „სახლი თეატრში“ ყოველთვის ვმეგობრობთ ასეთ ცენტრებთან და ერთობლივ პროექტებსაც ვაკეთებთ“.

იმედია, ასეთი ტიპის აქციებს  სხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებიც ჩაატარებენ. ის ფაქტი, რომ ერთი აფხაზი მაინც გაიგებს, რომ საქართველოში კეთილის მოსურნე ადამიანები ცხოვრობენ, უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. აფხაზეთის დაბრუნება კი სწორედ ასეთი ნაბიჯებით იქნება შესაძლებელი.
ნონა სუვარიანი, თბილისი

საახალწლო გზავნილები აფხაზებისათვის
,,ძვირფასო მეგობრებო, გილოცავთ დამდეგ ახალ,  2008 წელს.
კეთილი სურვილებით, ანსამბლ ,,ერისიონის“ ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი“.

,,ჩემო აფხაზო დებო და ძმებო,  ბევრი რამ გადავიტანეთ და ეს დაპირისპირება უნდა დამთავრდეს! ცხოვრება მეტად ხანმოკლეა და ღმერთი ყველას დასჯის, ვინც  დამნაშავეა და ვინც უცოდველია მისკენ ხელს გაიწვდის. 1993 წელს ჩვენ ,,თეთრი მანდილის“ ქალბატონებმა ხელი გამოგიწოდეთ. სხვამ სხვაგვარად წაიყვანა ჩვენი ცხოვრება.  დავამთავროთ ეს დაპირისპირება. გილოცავთ ახალ წელს, იმედით მოვნახოთ ერთმანეთი! "
ქეთი დოლიძე, რეჟისორი.

,,გილოცავთ ახალ წელს!!! იმედი მაქვს, რომ 2009 წელს ერთად შევხვდებით.
აჩიკო გულედანი, მუსიკოსი“.

,,აფხაზ ბავშვებს ვულოცავ ახალ წელს და ვუსურვებ ბედნიერებას!
ვახუშტი კოტეტიშვილი, მწერალი“.

,,ჩემო საყვარელო ძმებო და დებო, ჩემი დიდი სიყვარული თქვენდამი,  ის წლები, რომელიც ჩვენ ერთად გავატარეთ ჭირსა თუ ლხინში მაძლევს იმის უფლებას, რომ ახალი წელი მთელი გულით მოგილოცოთ.  გისურვებთ, ბედნიერებას, ჯანმრთელობას, სიმშვიდეს! იმედი მაქვს, რომ მალე ვნახავთ ერთმანეთს. მახსოვხართ, მიყვარხართ და მენატრებით.
თქვენი  ბასა ფოცხიშვილი, რეჟისორი“...

,,ძვირფასო მეგობრებო, ყველანი მიყვარხართ და ყველას ულევ სიხარულს გისურვებთ 2008 წელს და ნებისმიერ მომდევნო წელსაც“.
ია ანთაძე, ჟურნალისტი

,,გილოცავთ! გილოცავთ ახალ წელს! გისურვებთ მშვიდობას და ბედნიერებას.“
ნათელა გრიგალაშვილი, ფოტოგრაფი

,,გილოცავთ ახალ 2008 წელს. გისურვებთ მრავალ სიხარულს, ჯანმრთელობას და მშვიდობას. დაე, ეს წელი ყოფილიყოს ქართველი და აფხაზი ხალხის შერიგების დაწყების წელი. გვახსოვხართ და გვიყვარხართ“.
უჩა ნანუაშვილი, ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი.

,,გილოცავთ, შობა-ახალ წელს. ერთად ვილოცოთ ბედნიერი მომავლისთვის! გფარავდეთ ღმერთი!“  ირაკლი ჩოლოყაშვილი, მსახიობი.

,,აფხაზ ხალხს ვულოცავ ახალი, 2008 წლის დადგომას. მინდა ვუსურვო, რომ მალე კვლავ ერთად გავაგრძელოთ ცხოვრება“.
ეკა ქევანიშვილი, მთავარი რედაქტორი.

,,ჩემო აფხაზო დებო და ძმებო, ჩემო კოლეგებო! გულანთებულო პოეტებო! 2008 წელი ყოფილიყოს  ჩვენი დიდი მეგობრობისა და ერთიანი ბედნიერების წელი!“
დიდი პატივისცემით და სიყვარულით, პოეტი ზურაბ რთველიაშვილი.

,,გილოცავთ ახალ წელს. ჩვენი მეგობრობა მარადიულია. გისურვებთ ბედნიერებას  და სიხარულს“.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჯანმრთელი სამყარო“, ირინა ფუტკარაძე.

11 იან. '08

...უკან